საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი უგუნდოდაა. არადა, გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსული პრემიერლიგის გუნდების - "ამკარის", "როსტოვისა" და "ტორპედოს" შეთავაზებები უარყო. ამას გარდა, ამტკიცებდნენ, რომ გრიგალავას კონტრაქტის გაფორმებას საბერძნეთის სუპერლიგის ერთ-ერთი გრანდი - სალონიკის პაოკ-ი, ნიუ იორკის "რედ ბული", მინსკის "დინამო", პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიში", პოლონური "ლეგია" და შვეიცარიული "ბაზელი" სთავაზობდნენ.
ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ამდენი გუნდი იწვევდა, უარი თქვა და უგუნდოდ ყოფნა ამჯობინა. "ლელოს" ინფორმაციით, მიზეზი გერმანული
"ნიუ იორკის "რედ ბული" სერიოზულად იყო დაინტერესებული და კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ წასვლა ვერ გადავწყვიტე. ამერიკის ჩემპიონატი მაინც ვეტერანებისთვისაა. იყო სხვა საინტერესო ვარიანტებიც.
რუსულ გუნდებს ჩემი დასაწუნი არაფერი აქვთ, მაგრამ კარგი ფინანსური პირობები არ შემოუთავაზებიათ. გარდა ამისა, ძალების მოსინჯვა ამჯერად სხვა ქვეყანაში მსურს. განსაკუთრებით, გერმანული ვარიანტები მიზიდავდა - ბუნდესლიგის ორი კლუბი დამეკონტაქტა და მათ პასუხს ველოდებოდი.
ამის გამო ყველა დანარჩენი გამოვრიცხე. საკითხის გარკვევა ზაფხულამდე გადაიდო, მაგრამ იქ წასვლის იმედი მაინც მაქვს. ეს ისეთი მიწვევებია, რის გამოც ყველა დანარჩენზე უარის თქმა მიღირდა. ბუნდესლიგა მაინც სულ სხვა დონის ტურნირია. გუნდების დაკონკრეტებას მოვერიდები", - ამბობს გრიგალავა.
უკვე მეორე თვეა, რაც გრიგალავა საქართველოშია და "ცხინვალში" ვარჯიშობს:
"კახა კაჭარავასა და "ცხინვალის" ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ, ფორმის შენარჩუნებაში რომ მეხმარებიან. მართალია, ეროვნულ ნაკრებში მითამაშია, მაგრამ ვერ ვეხმარები - ასეთი ფეხბურთელების ვარჯიში კი ბევრ მწვრთნელს არ ეხალისება. მე კაჭარავას მიდგომებიც მომეწონა.
რუსეთში დიდ დატვირთვებს ვარ შეჩვეული და გამიკვირდა, კახასთანაც ჩვეულებრივად რომ ვიტვირთები - განსხვავება არც მიგრძვნია. რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმაში ვერ ვიქნები, მაგრამ გუნდში ყოფნა მაინც ძალიან მეხმარება, ინდივიდუალურ ვარჯიშს ხომ მაინც ჯობია".
გრიგალავას ნაკრების ახალ მწვრთნელზეც ვკითხეთ:
"ცხადაძის მოსვლა ჩემ უგუნდობას დაემთხვა და მისი ხელმძღვანელობით ჯერ არ მივარჯიშია. გარედან კი მიჭირს იმის შეფასება, თუ რა შეიცვალა გუნდში. იმედია, ნაკრები ცხადაძის ხელში კარგად ათამაშდება და გულშემატკივარს გაახარებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"