სვანაძეს ბაქოში ლაშა თოთაძეც მიჰყავს? "ინტერის" პირობები "დინამოსას" სჯობს

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ბაქოს "ინტერი" კახა ცხადაძის ყოფილმა ასისტენტმა ზაურ სვანაძემ ჩაიბარა. ცხადაძის დროინდელი ქართველებიდან იქ მხოლოდ მეკარე გიორგი ლომაია დარჩა, ლაშა სალუქვაძეს, ალეკო ამისულაშვილსა და ბაჩანა ცხადაძეს კი მალე ახალ გუნდებში ვიხილავთ.

მაგრამ ქართველები გუნდში სვანაძემაც მიიწვია: "ლელოს" მიერ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელებულმა ნიკა კვეკვესკირმა გორის "დილა" დატოვა და კარიერას სწორედ "ინტერში" გააგრძელებს, ისევე, როგორც "ვიტ ჯორჯიასა" და ბაქოს აზალ-ის ყოფილი მცველი ლაშა კასრაძე.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მალე სვანაძის ხელმძღვანელობით კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა
ითამაშოს - ლაპარაკია თბილისის "დინამოს" ვიცე-კაპიტან ლაშა თოთაძეზე.

ამჟამად, 26 წლის ცენტრალური მცველი თავის გუნდთან ერთად სლოვენიურ შეკრებაზეა, ოღონდ ეგ არის, ევროპალიგაზე ქართული გუნდის ფორმით ითამაშებს თუ აზერბაიჯანულის, ჯერჯერობით უცნობია - ეს უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

საქმე ისაა, რომ თოთაძემ შარშან "დინამოსთან" კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმა. ხელშეკრულების პირველი ნაწილის ვადა მალე იწურება. ამდენად, თოთაძეს შეუძლია, მისი ორი წლით გახანგრძლივებაზე უარი თქვას და აზერბაიჯანში გადაბარგდეს. დიდი ალბათობით, ასეც მოხდება, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბაქოს "ინტერი" მას უკეთეს პირობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ "გაგრას" გაზრდილმა თოთაძემ 5 სეზონი უნგრულ გუნდებში გაატარა - "დიორი ეტოსა" (2009-2011, 2013) და "ლომბარდ პაპაში" (2011); ითამაშა ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონში", თბილისის "დინამოში" კი წინა სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა.

ამავე დროს, თოთაძეს უცხოეთში წასვლის სურვილი არ ტოვებდა და ზამთარში ხარკოვის "მეტალისტში" ცდილობდა მოწყობას, თუმცა გარიგება არ შედგა და საქართველოში დაბრუნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თითქმის გაკოტრებულ ბაქოს ინტერში უკეთესი პირობებია ვიდრე დინამოში, სატირალი არაა ახლე ეს. ფუ რა დღეში ვართ.
sabonis
15:50 19-06-2015
0
უბრალოდ ალოგიკურია ზოგი მიდის აზერებში, ზოგი კიდე ბრუნდება. თუ კომერციული ზესაიდუმლოება არაა, არ შეიძლება დაიდოს თუნდაც სავარაუდო ინფორმაცია ქართულ და აზერბაიჯანულს კლუბებს შორის ანაზღაურების სხვაობის შესახებ ???
გულშემატკივარი
16:03 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული