[ოთხშაბათის საკითხავი] მადლობელი მაინც არავინ რჩება...

AutoSharing Option
დღეს ჩვენი ახალი რუბრიკის პრემიერაა. ცნობილია: ახალი წამოწყების შესახებ მანამ არაფერი ითქმის, სანამ დრო არ გამოსცდის მას. ვისურვოთ, რომ ამ რუბრიკამ დროს გაუძლოს და არც მკითხველის ინტერესი მოაკლდეს.

ამიერიდან თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს "ოთხშაბათის საკითხავი" - განვლილი შვიდდღეულის იმ საინტერესო მოვლენათა ჩვენეული კლასიფიკაცია და ანალიზი, ყველაზე მეტად რომ მიიპყრო ქართული ფეხბურთის ქომაგთა ყურადღება...

როცა საქართველო ჩვენი ტკივილია
თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ მთელი საქართველო გააერთიანა. სწორედ ქვეყნისთვის
ამ უმძიმეს, თალხით მოსილ დღეებში დავრწმუნდით - ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება ის აღარ არის, რაც თუნდაც ამ ცოტა ხნის წინათ იყო.

საქართველო კონსოლიდირებული, "ერთ სულ და ერთ ხორც" შეხვდა ამ დიდ უბედურებას.

ახალგაზრდობის თავდადებაზე ბევრი ითქვა. აღდგენით სამუშაოებში ყველა ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანები მონაწილეობენ. ცალკე არ ჩამოვთვლით, თუმცა ვიტყვით, რომ საკუთარი შრომითა და ოფლით თბილისსა და საქართველოს ბევრი მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელი, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული თუ ფულის დამბანდებელი ადამიანი შეეწია.

ეს ის თემაა, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით, რადგან ფეხბურთიც, ჩვენი თუ სხვისი შრომა და უძილო ღამეები, ემსახურება ერთს - საქართველოს!

შევკვეცოთ ფეხბურთი!
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან გასვლითი მატჩის მეტი წილი ცუდად არ ითამაშა და რამდენჯერმე ფხიანადაც შეუტია, მაგრამ საბოლოოდ იმავე ანგარიშით წააგო, როგორითაც თბილისური შეხვედრა - 0:4.

როცა ბოლო სამ წუთში სამ გოლს უშვებ, მხოლოდ კონცენტრაციის დაკარგვაზე თუ ისაუბრებ. არადა, ტაბლოს თუ არ შეხედავ, ნაკრები უწინდელზე კარგია - ცოტათი მაინც. ყოველ შემთხვევაში, გუნდი ფეხბურთის თამაშს, შეტევას ცდილობს და "ძაფზე აცმულივით" გარჯასაც, მაგრამ ჯერჯერობით შედეგისა და წარმატების ტაბლოზე უკეთ შემფასებელი არავის მოუგონია...

კონცენტრაციის დაკარგვა კი ჩვენი ოდინდელი სენია და ეს მაშინაც გვჭირდა (და თან ნებისმიერ დონეზე), როცა მართლა ვარსკვლავები გვყავდა ნაკრებში, სამი-ოთხი მაინც. 4 ვარსკვლავი კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყოველთვის კმარა, მაგრამ ჩვენ არ გვეყო. ეს სხვა თემაა.

მთავარზე ვთქვათ: ჩვენი ფედერაციის შეფობას სიტყვა მიუწვდება მიშელ პლატინისთან და თუ ფრანგი ლეგენდა ფიფას პირველკაცი გახდა, იქნებ ვთხოვოთ: სპეციალურად ჩვენთვის შემოიღოს სეკვესტრირებული ფეხბურთი, რომელიც 87 წუთს გრძელდება.

იქნებ ასე მაინც გვეშველოს...

მეგატრანსფერის მოლოდინში
სატრანსფერო ციებ-ცხელება ჯერ ხეირიანად არც კი გახურებულა, ჩვენ კი რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უკვე "დავაბინავეთ". დღეს, როცა ფიფას რეიტინგში ფარერები, ლუქსემბურგი და ავღანეთი გვისწრებენ, ცოტა რთულია, ჩვენებური ფეხბურთელი გრანდში მოხვდეს, მაგრამ იმედი მაინც ცოცხლობს.

მანამდე კი რამდენიმე ჩვენებურმა მონახა ახალი ნავსაყუდელი: ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგში" ითამაშებს, გიორგი მერებაშვილი ბერძნულ "ვერიასთვის" გაირჯება, ნიკა გელაშვილი - კვიპროსული "პაფოსისათვის", ზურაბ ხიზანიშვილი თითქმის გადასულია ბაქოს "ინტერში"...

ქართულ ტრანსფერებს ხომ ნუღარ იკითხავთ. დღე არ გავა, ახალი გარიგებების შესახებ არ შევიტყოთ. განსაკუთრებით, ის ჩვენებური გუნდები აქტიურობენ, სულ მალე ევროთასებზე რომ მოუწევთ სამშობლოს დაცვა.

მეგატრანსფერის მოლოდინი კი მართლაც გვაქვს. ლევან მჭედლიძის გადაბირება "შალკესა" და "შტუტგარტს" სურთ. კლაას-იან ჰუნტელაარი მაგარი ფორვარდია? არც მჭედლიძეა ჯაბანი. ტყუილად როდი ჰქვია "ქართველი იბრა"!

ეს რა ჭირი გვჭირს...
საქართველოს ნაკრები რუსეთის 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრას მეექვსე კალათაში ეგებება.

ამ დალოცვილმა და ჯერაც კონსერვატიულმა ფიფამ მაინცდამაინც ახლა დააჩქარა შესარჩევის წილისყრა, მაგრამ რომც არ დაეჩქარებინა, ვითომ, რამე გამოვიდოდა ამ საქმიდან?

როცა ისლანდია მეორე კალათაშია, ალბანეთი მესამეში, ფარერები და ესტონეთი მეოთხეში, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა კი მეხუთეში, ფაქტია: საქმეს სწორად ვერ ვაკეთებთ და საითაც უნდა იყოს შენი სიმპათია, თუ სიმართლეს ემსახურები, უნდა დაიწეროს: საქმე ცუდად კეთდება!

ეს მეექვსე კალათა, გვინდა თუ არა, ლაკმუსია ჩვენი დღევანდელი ყოფისა და ელვარებას აკლებს ფეხბურთის ფედერაციის იმ წამოწყებებს (მაგალითად, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა რუსთავში), "ძლიერნი ქართული ფეხბურთისანი" ზოგჯერ სამართლიანადაც რომ იწერენ აქტივში.

ცხადია, სწორი მართვის შემთხვევაში საქართველოს ფარერებმა ვერ უნდა გაუსწროს. იმ ფარერებმა, რომლის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამას წინათ სანაკრებო მატჩს იმის გამო დააკლდა, რომ... მშენებლობაზე იყო დასაქმებული და "პრარაბმა" არ გაათავისუფლა! იმ ფარერებმა, სადაც მზეს ისე ელიან, როგორც მწყურვალნი წყალს.

დიდი და მოურჩენელი ჭირი გვჭირს, მკურნალი კი ჯერ არ ჩანს.

კრიზისი
ეს სიტყვა ქართული ფეხბურთისთვის ისეთივე ახლობელ-შინაურია, როგორც სხვა ქვეყნებში ტიტული ან პროგრესი. 16-გუნდიან ჩემპიონატს კრიტიკა თავიდანვე არ დავაკელით, მაგრამ ახლა ნაღდად არ გვინდა, ფეხბურთის ფედერაციას ერთხელაც მოუხდეს რეგლამენტის შეცვლა და ათგუნდიან პირველობაზე "გადაწყობა".

ხუმრობა იქით იყოს და, ამისი პირველი ნიშანი უკვე არის. ქართულ ფეხბურთში ფულის ჩამდებ კიდევ ერთ ინვესტორს მოსწყინდა "ქარის წისქვილებთან" ბრძოლა. ამჯერად ფრიდონ ინჯიამ გადაწყვიტა, გაერიდოს სფეროს, სადაც მილიონები უნდა ჩადო, გაილანძღო, ავტორიტეტი შეგერყეს და მადლობელი მაინც არავინ რჩება.

ბოლო დროს თითქმის ყველა კერძო ინვესტორი გაეცალა ქართულ ფეხბურთს და ეს ჩვენი პირველობის დონეს ნათლად ეტყობა.

ფეხბურთის ფედერაციისა და, მეტადრე, სახელმწიფოს დანიშნულება კი ისაა, რომ ასეთ ხალხს ისეთი პირობები შეუქმნას, ფეხბურთში ჩადებული მილიონის სანაცვლოდ ორი მილიონის დაბანდება რომ მოუნდება. ორს ვინ ჩივის, ეს ხალხი ისეთი ტემპით გარბის, უკან მოხედვაც აღარ უნდა.

ფაქტია - თუ ყველაფერი სახელმწიფო პროგრამით არ დარეგულირდა, ქართული ფეხბურთი ღვინიასავით გადაიჩეხება უფსკრულში და საბოლოოდ შეწყდება მისი სუსტი გულისცემა.

ჩვენი რუბრიკის პირველ ნაწილში ადგილ-ადგილ იუმორი კი გავურიეთ, მაგრამ დასასრული მაინც ტკივილიან-ფიქრიანი გამოგვივიდა. რას ვიზამთ, ეს რუბრიკაც ღვიძლი შვილი უნდა იყოს თავისი დროისა...

პოსტ-სკრიპტუმ
სუპერთასის ბილეთებს ვერ ვყიდით; ვინ როდის უნდა ვათამაშოთ, არ ვიცით... აგერ, გუშინ გაირკვა - მარტო ჯაბა კანკავას კი არა, თურმე ბუბა დაუშვილის შემთხვევაშიც დაუშვია შეცდომა მავანს (ან მავანთ). გიბრალტართან უნდა ეთამაშა თურმე, არადა, ეგონათ, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

თან საშიშიცაა: ერთიც ვნახოთ და, პირიქით შეეშალოს ვინმეს - არსათამაშებელი ათამაშონ. აქ 0:3 გარანტირებული გვაქვს, ოღონდ ეგ არის, ჯერ მაინც ვერ ვიგებთ თამაშებს და ცხრილისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სანქციით ძალით წააგებ თუ შენით დამარცხდები ბრძოლის ველზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეექვსე კალათა რა უბედურებააა. ფარერები მეოთხეშია საერთოდ. აზერები მეხუთეში და ჩვენ გიბრა,ანდორა,სანმარინო მეექვსეში :დ მამენტ რაც ვართ ეგააა.პროსტა ვინც ჩვენთან მოხვდება,გაუჭირდება დინამოდან ქულების წაღება.
ფარერები
20:02 24-06-2015
0
ყვითლების დათვლაც არ მიგულისხმია იქ წესებზე იყო საუბარი, ფედერაციაში როგორებიც არიან კი ვიცით ☺
Giga
19:45 24-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული