დინამო (ბთ) VS ომონია - მონდომება და ანშლაგი გამოცდილების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ფოტოზე: დინამოელთა ვარჯიში ზესტაფონის სტადიონზე
დღეს, 2 ივლისს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბათუმის "დინამო" კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანსა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს (20-გზის ჩემპიონი, 14-გზის თასის მფლობელი), ნიქოზიის "ომონიას" უმასპინძლებს.

შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "აჭარის ტელევიზია" წარმოადგენს.

კვიპროსელთა 50-კაციანი დელეგაცია, რომელთა რიგებშიც საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძეცაა, საქართველოში 30 ივნისს ჩამოფრინდა და წყალტუბოში დაბინავდა.

"ომონიას" 40 წლის დამრიგებელმა კოსტას კაიაფასმა საქართველოში საბრძოლო შემადგენლობა იახლა. მათ შორის არიან გუნდის
ლიდერები - ბენინელი თავდამსხმელი მიკელ პოტე, სლოვენიელი ანდრიაჟ კირმი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 67 მატჩი აქვს ჩატარებული, ლისაბონის "ბენფიკას" ყოფილი ფეხბურთელი ნუნუ ასიში, ურუგვაელი მცველი მატიას პერესი და სხვა ლეგიონერები, რომელთა უმრავლესობაც სულ ცოტა ხნის წინათ დაიმატეს.

"ომონიას" საქართველოში 50-მდე გულშემატკივარი და ათამდე მასმედიის წარმომადგენელიც ჩამოჰყვა.

თავდაპირველად, სტუმართა ვარჯიში და პრესკონფერენცია იყო დაანონსებული, თუმცა განრიგი შეიცვალა და 19 საათზე ზესტაფონის არენაზე პირველად ბათუმის "დინამომ" ივარჯიშა. ბათუმელები უგუნებობას არ უჩიოდნენ და ვარჯიშიც ხალისიანად წარმართეს - მოთელვები, გაწელვებისა და ბურთთან ერთი შეხებით ვარჯიშის შემდეგ გუნდი გაიყო და "ორკარა" გაჩაღდა.

მანამდე, იური მამინაშვილმა მეკარეები დატვირთა. "დინამოს" ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. როგორც კლუბის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ამირან მამალაძემ გვითხრა, დადებითად გადაწყდა გიორგი გაბედავას თამაშის საკითხიც.

გაბედავამ გასულ წელს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურას" რიგებში "ნეფთჩის" წინააღმდეგ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაძლებელი იყო, "ომონიასთან" მატჩი გამოეტოვებინა, მაგრამ უეფას გადაწყვეტილებით, რადგანაც მას წითელი ბარათი არ ჰქონდა მიღებული, გაფრთხილებები ამ სეზონში არ გადმოჰყვა.

სამაგიეროდ, გასულ ევროთასებზე, მოსკოვის "დინამოსთან" მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს კვიპროსელთა მთავარ მწვრთნელ კოსტას კაიაფასს, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.

* * *
ბათუმელთა ვარჯიშის დასრულებამდე სტადიონზე კვიპროსელებიც გამოჩნდნენ და საპრესკონფერენციო დარბაზს მიაშურეს. ჟურნალისტების წინაშე "ომონიას" მთავარი მწვრთნელი და მალტელი ლეგიონერი ანდრეას შკემბრი წარდგნენ.

კაიაფასის თქმით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულოს.

"პირველი თამაშია და სიფრთხილე გვმართებს. ბათუმის "დინამოს" რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და მათზე გარკვეული შთაბეჭდილება შევიქმენით. საინტერესო და ტაქტიკურად კარგად მომზადებული გუნდი ჩანს. ვეცდებით, მათ წინააღმდეგ ჩვენი პლუსები გამოვიყენოთ.

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და სასურველ ფორმაში ნამდვილად არა ვართ, საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დავიმატეთ, შეთამაშება გვჭირდება... მოკლედ, ყველაფერი მოედანზე გადაწყდება", - თქვა კაიაფასმა.

შკემბრიმ კი დასძინა, რომ საქართველოში მესამედ იმყოფება და აქაური საფეხბურთო გარემო მისთვის ნაცნობია. მას იმედი აქვს, დღეს გულშემატკივარი სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს.

პრესკონფერენციის შემდეგ კვიპროსელები "დავით აბაშიძის" მინდორზე გავიდნენ. სტუმრებმა ვარჯიში დახურულად გამოაცხადეს.

* * *
ამასობაში, ბათუმის "დინამოს" პრესკონფერენცია დაიწყო. ჟურნალისტების წინაშე ბათუმელთა თავკაცი შოთა ჭეიშვილი და კაპიტანი ბორის მახარაძე წარდგნენ:

Sportall.Ge

შოთა ჭეიშვილი:
"ძლიერი მეტოქე გვყავს, "ომონია" ევროტურნირების ხშირი მონაწილეა და დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ამასთან, ძლიერი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. გასულ სეზონში მოსკოვის "დინამოსთან" ღირსეულად ითამაშა. ჩვენ კი ამ საუკუნეში პირველად ვითამაშებთ ევროტურნირებზე.

ლეგიონერების სიუხვისა და გამოცდილების გამო მეტოქეს გარკვეული უპირატესობა გააჩნია. მიუხედავად ამისა, ხვალინდელ შეხვედრას საკმაოდ იმედიანად ვუყურებთ. მონდომება არც ერთ მხარეს გვაკლია და იმედია, საინტერესო მატჩი გამოვა.

მაქსიმალურად ვეცდებით, საპასუხო მატჩისთვის ინტრიგა შევინარჩუნოთ. საბრძოლველად ვართ განწყობილნი და ვიტყვი, რომ შანსები 50/50-ზეა.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ევროთასებზე მოასპარეზე ყველა ქართულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ".

ბორის მახარაძე:
"ევროპალიგაზე ძლიერი მეტოქე გვერგო. ვნახეთ მათი თამაშის ვიდეოჩანაწერი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები არიან. მაგრამ ჩვენც არ ვართ ხელწამოსაკრავი გუნდი, მეტოქეს აუცილებლად ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ.

მართალია, "ომონია" ჩვენზე გამოცდილი გუნდია, მაგრამ მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე შეგვიძლია დადებით შედეგს მივაღწიოთ".

როგორც შევიტყვეთ, ადგილობრივი და ბათუმელი გულშემატკივრების გარდა, მატჩზე დასწრებას დასავლეთ საქართველოს გუნდების ფანკლუბებიც აპირებენ და შეხვედრაზე, დიდი ალბათობით, ანშლაგია მოსალოდნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნება დგეს პირდაპირი ტრასელაცია
giorgi
13:59 02-07-2015
0
წარმატებები ბათუმს მაგრამ მგონია რო მაგრად მოგვიგებენ
ზიპ
13:14 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული