­გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩამდე
თბილისიდან გაბალასაკენ გეზი დილის 8 საათზე ავიღეთ. ფეხბურთზე მწერალი სამი ჟურნალისტი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის გასაშუქებლად თბილისიდან "დინამოს" ადმინისტრაციისა და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად გავემგზავრეთ.

უნდა ითქვას, რომ რვასაათიანი გზის მიუხედავად, წამითაც არ მოგვიწყენია - მთელი ეს დრო ფეხბურთის პრობლემებზე საუბარს, ძველი ამბების გახსენებასა და მომავლის პერსპექტივაზე საუბარს დავუთმეთ.

საზღვარზე საპასპორტო ფორმალობების მოგვარებამ დაახლოებით საათს გასტანა. ჩვენ წინ გადაიშალა აზერბაიჯანი. გავიარეთ შამქორი - ქართველთა ისტორიული ძლევამოსილების უტყვი მოწმე და მივადექით განჯას, სადაც სასადილოსთან გავჩერდით.

განჯის შესანიშნავი რესტორნის მიმტანებმა "დინამოს"
წარმატება უსურვეს - თქვენი გამარჯვება გაგვახარებს, რაკი ჩვენ "ქიაფაზის" ფანები ვართ და "გაბალა" ჩვენთვის ისტორიული მოწინააღმდეგეაო...

გაბალამდე ერთი საათი გვაკლდა. ამ დროს ქალაქ ევლახს გავცდით. იქვე პოლიციის ესკორტი დაგვხვდა და სტადიონამდე მიგვაცილა.

შევედით თუ არა გაბალაში, ადგილობრივ ქომაგთა განწყობა ეგრევე ვიგრძენით - ხელს გვიქნევდნენ, თითქოს გვაგრძნობინებდნენ, ამ თამაშში კარგი არაფერი გელითო...

სტადიონს რომ მივუახლოვდით, სასიამოვნოდ გავვოცდით - ხუთვარსკვლავიანი, დიდებული სასტუმრო დაგვხვდა, სადაც გუნდი ცხოვრობს. ვნახეთ უმაღლესი ხარისხის სამი სავარჯიშო მინდორი, ასევე, სტადიონი - რვაათასიანი კოხტა ნაგებობა, რომელიც ავ თვალს არ ენახვება...

თამაშს საპატიო სტუმართა ლოჟიდან უცქერდნენ "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია და "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია.

მატჩი
თავიდანვე გამოჩნდა, რომ "დინამო" შეტევაზე აკეთებდა აქცენტს. ყოველ შემთხვევაში, გია გეგუჩაძემ მეტოქის კარზე ერთბაშად ორი შემტევი მიუშვა - გიორგი ქვილითაია და თბილისური მატჩის ერთ-ერთი გმირი - ალექსანდრე იაშვილი.

"დინამოს" ვერ დაეხმარნენ დისკვალიფიცირებული გიორგი გველესიანი და ტრავმირებული ოთარ კაკაბაძე. მასპინძელთა შემადგენლობა კი ოპტიმალური იყო. ეგაა, რომან გრიგორჩუკმა პირველი შეხვედრის შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში კორექტივები შეიტანა...

პირველი მომენტისმაგვარი "გაბალას" ჰქონდა. ჰუსეინოვის ჯარიმის შემდეგ ზენიოვმა კუთხე დროულად ვერ ჩაკეტა.

მასპინძლებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და თავიდანვე მძლავრად შემოგვიტიეს. სადიგოვის დარტყმა კარს სცდება...

"დინამომ" კარში პირველად მე-8 წუთზე დაარტყა - გიორგი პაპუნაშვილს "გაბალას" უკრაინელმა მეკარე დმიტრო ბეზოტოსნიმ იოლად აუღო.

"გაბალას" სასტარტო შეტევების შემდეგ თამაში თანდათან დაწყნარდა და პოზიციურ ორთაბრძოლაში გადავიდა. მასპინძელთაგან განსაკუთრებით ჰუსეინოვი გამოირჩეოდა, რომელმაც, ჯერ კიდევ თამაში საწყის 20 წუთში, მარცხენა ფლანგზე უამრავი თავსატეხი გაუჩინა "დინამოს".

21-ე წუთზე ანტონოვმა ერთი მცველი მოატყუა, მეორეს თავზე გადაუგდო ბურთი და იგივე დაუპირა ლიბორ ჰრდლიჩკასაც, მაგრამ იმ ეპიზოდში უკრაინელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ბურთი ზემოდან გადასცდა კარს.

24-ე წუთზე აზერბაიჯანელმა ქომაგებმა გაშალეს რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორიები აზერბაიჯანის კუთვნილებად იყო გამოცხადებული. ჩვენგან ეს შორს მოხდა. ამ შემთხვევაში ვეყრდნობით თვითმხილველთა ინფორმაციას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

32-ე წუთზე რიკარდინიომ მარცხენა ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში. ჰრდლიჩკამ გამოსვლაზე კარგად ითამაშა. იქვე ფლორესკუმ გაუშვა დაბალი ბურთი - საკმაოდ არაზუსტად.

როგორღაც გადავაგორეთ პირველი ტაიმი. მეორე ტაიმში "გაბალამ" უფრო შემოგვიტია. "დინამო" ძალიან ღრმად იხევდა უკან და კონტრშეტევაში ელოდა შანსს. ჰრდლიჩკა მეორე ტაიმშიც საქმეში იყო და ერთ ეპიზოდში სასწაულით მოიგერია ახლო მანძილიდან დარტყმული (თუმცა გამოსვლებისას ყოველთვის ვერ იყო დამაჯერებელი).

...ამასობაში "დინამომ" გაიტანა. მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი ქვილითაიას მოხვდა და კარში შეგორდა, მაგრამ... მსაჯმა გოლი არ ჩათვალა - "დინამოს" ფორვარდს ბურთი ხელზე მოხვდა. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ - მსაჯი მართალი იყო...

რაც დრო გადიოდა, "გაბალა" სულ უფრო აძლიერებდა დაწოლას. ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგად გააზრებული სვლები იყო, მასპინძელთა შეტევებში ქაოსი სჭარბობდა, მაგრამ დინამოელთა შეცდომები გრიგორჩუკის შეგირდებს საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას აძლევდა...

71-ე წუთზე, ისევე, როგორც თბილისურ მატჩში, "დინამო" 10 კაცით დარჩა. ლაშა თოთაძე გაშლილი ფეხით წავიდა მეტოქეზე და ფრანგმა რეფერიმ უმალ "წითელი" აუნთო. ძნელია ამ ეპიზოდზე კამათი. არბიტრს შეეძლო, არ გაეძევებინა თოთაძე და ყვითელ ბარათს დასჯერებოდა, მაგრამ მთლად ვერც იმაში გავამტყუნებთ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო.

ისე, თოთაძე გუშინ ნამდვილად არ ჰგავდა საკუთარ თავს. პირველ ტაიმში, ორწუთიანი ინტერვალით, ორჯერ ჩააბარა ბურთი მეტოქეს საკუთარი კარის სიახლოვეს... შეიძლება, ლოგიკურიც იყო, რაც 71-ე წუთზე მოხდა...

ამის მიუხედავად, "დინამოც" არ მჯდარა ყრუ დაცვაში, როგორც კი შანსი ეძლეოდათ, გეგუჩაძის ბიჭები კონტრშეტევებს არ იზარებდნენ, თუმცა ბურთს ძალიან მალე კარგავდნენ. მაგრამ იყო ეპიზოდი, როცა გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული გაჭირვებით მოიგერია ბეზოტოსნიმ.

იგივე პაპუნაშვილს ფლანგური გარღვევის შემდეგაც შეეძლო გატანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მარჯვენათი დასცხო და ააცილა...

ბოლო წუთების კოშმარმა შარშანდელი "აქტობე"-"დინამო" გაგვახსენა. 88-ე წუთზე გავიდა გოლი, რომელმაც "გაბალას" ფრთები შეასხა.

"დინამოს" მაინც რჩებოდა შანსი, წინაც წავიდა, მაგრამ საპასუხო კონტრშეტევისას ოთხი აზერბაიჯანელის წინააღმდეგ ორი დინამოელი დარჩა და მეორედაც შეირხა ჰრდლიჩკას კარის ბადე. ეს იყო საბოლოო წერტილი - 2:0.

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ევროპის მიღმა დარჩა.

მატჩის შემდეგ
გაბალადან ესკორტის თანხლებით გამოვაღწიეთ. იყო ქართული დროშების დაწვა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა. ამაზე უფრო ვრცლად შთაბეჭდილებებში დავწერ. მანამდე კი ორიოდ სიტყვით პრესკონფერენციაზე:

გია გეგუჩაძე: "მსაჯების შეცდომებზე არ ვლაპარაკობ ხოლმე. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ბიჭებს ვერ დავუკარგავ მონდომებას".

რომან გრიგორჩუკი: "მსაჯების შემფასებელი ვერ ვიქნები. ეს არ იყო მთავარი ამ მატჩში. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვა - ჩემი პატივისცემა "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდს".

­ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
09.07. გაბალა. 5 000 მაყურებელი
გაბალა-დინამო თბ 2:0
პირველი მატჩი 1:2
გოლები: 1:0 ზენიოვი (88), 2:0 ანტონოვი (90)
გაბალა: (4-4-2): ბეზოტოსნი - რიკარდინიო, ვერნიდუბი, რაფაელი, აბასოვი (86. დაშდამიროვი) - ჰუსეინოვი, ფლორესკუ (77. დოდო), გაი, სადიგოვი (82. მამადოვი) - ზენიოვი, ანტონოვი.
სათადარიგოები: პოპოვიჩი, სტანკოვიჩი, მირზაბეკოვი, ზარგაროვი.
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
დინამო (4-4-2): ჰრდლიჩკა - ტვილდიანი (84. ჯანელიძე), ჭელიძე, რენე ფერეირა, თოთაძე - პაპუნაშვილი, ჯიღაური, ცინცაძე, ჭანტურიშვილი - იაშვილი (61. კიტეიშვილი), ქვილითაია (74. გურული).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, არაბული, პარუნაშვილი, ლობჟანიძე.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ვერნიდუბი (37), ფლორესკუ (49), ჰუსეინოვი (54)
გაძევება: თოთაძე (71)
არბიტრი: ამორი დელერუ (საფრანგეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბარე ორი მოშორებულა და ახალი მოსულა, მარა მანამდე არაფერი გვეშველება სანამ ჩვენ წილ 2 კაპიკს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე არ გადავიხდით და სუპერთასის ბილეთებზე კიდე კლინიკებში არ გახდება ხალხი წასაყვანი...
irakli apkhaidze
13 ივლისი 2015 11:06
0
მოაცილეთ არველაძეები ქართულ ფეხბურთს და გვეშველება..
rezi
13 ივლისი 2015 10:07
0
დაერქვას 'დიდუბე'...ჰა?
F
11 ივლისი 2015 01:56
0
mvx-ს 100% ხარ ,,დინამო,,ჩვენი თაობის ხალხისთვის სიცოცხლე იყო,თაობების ნაღვაწ-ნაშრომი წყალშია გადაყრილი,მარტო ამ ერთი თამაშით კი არა,ვისაც აუდგება ყველა ხმ..ობს,გაბალა რომ გაგაფარჩაკებს?მდიდარი გუნდიაო!-მერე რა რა ფეხბურთელები ყავდა,ბურთს ვერ აჩერებდნენ და ჩვენ გადაგვიარეს! სახელი შეუცვალონ ნუ არცხვენენ!....
თაზო
10 ივლისი 2015 15:56
0
ჩასვრილი ჩემპიონატი,ჩასვრილი გუნდები,ჩასვრილი ნაკრები!.... ფედერაცია! იტყვიან ქვეყანაა ჩასვრილიო,მორაგბეები,რა სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ?რაგბს პატრონი ყავს!კვიპროსი,აზერბაიჯანი,რუმინეთის ჭ გუნდი,მალე ფარერები,მალტა და ვანუატუც ....!
თაზო
10 ივლისი 2015 15:15
0
თბილისის ,, დინამო" ყოველთვის იყო სახალხო გუნდი. ჩვენი სიამაყე. გულშემატკივრები ტიროდნენ სიხარულის ცრემლებით დინამოს გამარჯვების შემდეგ და ასევე ტიროდნენ წარუმატებლობის დროს. ,,დინამო" კრავდა და აერთიანებდა ერს. ხალხი მოუთმენლად მოელოდა ყოველ შემდგომ მატჩს. თანამედროვე პერიოდში ,,დინამოს" დიდი გამარჯვებები იყო ჩვენი ,,დიდგორი". მე არ მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რაიმე აუგი ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უზარმაზარი შრომა სჭირდებათ იმისათვის, რომ ,,დინამოს" ნათამაშევი ფეხბურთს დაემსგავსოს. ეს ბიჭები ჯერ-ჯერობით არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად, არც ტაქტიკურად და რაოდენ გასაკვირიცაა, არც ტექნიკურად მზად არ არიან ბრძოლისათვის. და ერთიც, ,,დინამოს" პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე. (ოღონდ გულწრფელად და არა ისე მხოლოდ ,,ბოდიშის" გულისათვის), თუნდაც აზერების უსახურ გუნდთან ასეთი სამარცხვინო დამარცხებისათვის. ქირქილის და დაცინვის საგანი გავხდით სამეზობლოში. და მერე ვისგან? აზერებისაგან, რომლებსაც თავის ისტორიაში ნამდვილი აზერი, არც ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ჰყოლიათ!
mvx
10 ივლისი 2015 15:14
0
დაბალ ბიუჯეტიანი კლუბები არც ხვდებიან ამ გათამაშებაში რადგან ტავის ჩემპიონატშიც ვერ არწევენ წარმატებას ( თუ არ ჩავთვლით ქართუ გუნდებს ისევ და ისევ, იმიტომ რომ აქ ყველა ეგეთია) და ამ ლოგიკით ვერასდროს ვერ უნდა გადავლახოთ პირველი ბარიერი. აქ ბიუჯეტზე არაა საქმე, აქ არის პროფესიონალიზმზე და სურვილზე რომელიც სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა ბევრ საქმეში ფეხბურთშიც ძალიან დაბალია :(
dave
10 ივლისი 2015 14:21
0
დავინახეთ რო ქართულ ფეხბურთს დედა არ ყავს!!! სოფლის გუნდი ეძახეთ და ჩვენს ფლაგმანზე 5ჯერ თუ 10ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვთ, რაღატო გვიკვირს რო ვაგებთ? მარა ფეხბურთელებს ნუ გათელავთ ერთი წაგების გულისთვის.!!! უმრავლესობამ გუშინ პირველად ითამაშა სტუმრად სავსე ტრიბუნების წინ, ჯერ პატარები არიან და გამოუცდელები. და ესეთი საშინელი კომენტარებით ნუ შეაზიზღებთ საკუთარ ქვეყანას რა! ეს გუნდი თუ შენარჩუნდა მწვრთნელიანად, მომავალ წელს ღირსეულად გამოვლენ.
yvelas
10 ივლისი 2015 13:30
0
ძალიან საწყენია საქართველოს 3-ვე გუნდის
ვერ გასვლა ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე.
დაგვრჩა ერთდერთი იმედი გ ო რ ი ს "დ ი ლ ა",რომელიც რატომღაც მგონია რომ გააღწევს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე.ამისთვის მას მოუწევს გაცილებით ძლიერი გუნდის დამარცხება."დილა" ამას შეძლებს,რათა საქართველოს საფეხბურთო იმიჯი ცოტათი მაინც გამოასწოროს.წინ "დ ი ლ ა".
მერაბი
10 ივლისი 2015 13:28
0
დინამო ბევრ ეტაპს მაინც ვერ გადალახავდა,საწყენი ისაა რომ წავაგეთ აბსოლიტურად სუსტ გუნდთან,რომელმაც რაიმე გააზრებული არაფერი გაუკეთებია,გოლიც კურიოზული იყო,მაგრამ ჩვენ სულ ასეთი უაზრო გოლებს არ ვუშვებთ?ის დინამიკა რაც ქართულ ფეხბურთში მიმდინარეობს ასეთ შემთხვევაში მეშინია ის კერძო კლუბების სპონსორებიც არ დავკარგოთ მეშინია
levani
10 ივლისი 2015 12:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული