გუბაზ დოლიძე: ბოლნისის "სიონის" ბოლო თამაშებში ბევრი რამ საეჭვო იყო...

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ყაველაშვილი და გუბაზ დოლიძე
"იბერია 2010"-ის დამფუძნებელსა და მთავარ მწვრთნელს, გუბაზ დოლიძეს ჩვენი რუბრიკისთვის ბავშვთა ფეხბურთზე სასაუბროდ დავუკავშირდით. ის ბევრი ცნობილი მოთამაშის აღმზრდელია. ვასილ მაისურაძის ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დოლიძის 7 ფეხბურთელი თამაშობდა. არადა, მას საკუთარი მოედანიც არ გააჩნია!..

გუბაზ დოლიძე სხვა თემებსაც გადასწვდა და ლაპარაკი სხვა მიმართულებით წაიყვანა:

- ბევრი ცნობილი ფეხბურთელი აღზარდეთ, მაგრამ გაუგებარია, როგორ ახერხებთ ამას? გუნდს სად ავარჯიშებთ?
- სა
დაც შევიპარებით, იქ ვავარჯიშებ: ხან ჯიქიაზე, ხან იპოდრომზე, ხან კიდევ საგურამოს გვითმობენ და ბავშვებს უფასოდ ვავარჯიშებ... მეცოდებიან ეს ბავშვები, ხალხს ფული არ აქვს. ჩვენთან ნიჭიერები სულ იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ახლა საქართველოში ისეთი ამბები ხდება...

ხომ ნახეთ, საქართველოს ნაკრები მე-6 კალათაში მოხვდა და ეს არის ქართული ფეხბურთის სამარეში გადასროლა. ამის უკან აღარაფერია, რადგან მოვხვდით სან მარინოსთან და გიბრალტართან. ამ დროს როგორ არის ყველაფერი კარგად? ფეხბურთის ფედერაცია ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს? ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმებზე ვიმუშავებთო. აქამდე სად იყვნენ?!

საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობის ფეხბურთელი ჰყავს - 12 ათასამდე, ყველაზე ცოტა მსაჯი - 170-მდე და მაყურებელიც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი გარემო ჩვენი მოთამაშეების აღზრდას ხელს არ უწყობს. ამავე დროს, ფეხბურთელები წლის განმავლობაში ცოტას თამაშობენ და ცხადია, ასეთ პირობებში ვერ გაიზრდებიან.

- ბავშვთა ფეხბურთზე ზრუნვა არ არის რუსთავში საფეხბურთო აკადემიის, ზუგდიდში კი მისი ფილიალის გახსნა?
- ერთი სკოლა საკმარისი არ არის, ასეთი 50 უნდა იყოს! ბავშვთა ფეხბურთის სელექციაში იმდენი შეცდომაა დაშვებული... მეორე უბედურება კერძო სკოლებში ხდება, სადაც ბავშვებს გადამხდელებად და არაგადამხდელებად ყოფენ. ვინ უყურებს ნიჭს? ბევრია ისეთი ბავშვი, ნიჭს მოგვიანებით რომ ავლენს. ჩემს მოთამაშეებს შორის, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ და დღეს ნაკრებებში არიან, ბევრი დაწუნებული იყო.

მესმის, რომ შერჩევისას რაღაც კრიტერიუმები არსებობს, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის - უფულობის გამო ფეხბურთის მიღმა არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს.

- ქვეყანაში ფული არ არის, სკოლებს დიდი გადასახადები აწევთ კისერზე...
- ფულის მეტი რა არის?! ნაკრების მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და ფეხბურთს რაღა მოხმარდა? გადასახადების სისტემა უნდა მოიშალოს და მერე ნახავთ, ჩვენი ფეხბურთი როგორ განვითარდება.

უფასო სკოლები ბავშვებს!
- სკოლებმა ბავშვები გადასახადებისგან რომ გაათავისუფლონ, ამას დიდი ფული დასჭირდება...
- დიდი არაფერი ფული არ დასჭირდება. საქართველოში სოციალურად დაუცველი უამრავი ბავშვია და მათთვის მაინც გახსნან სკოლები. ესეც შეუძლებელია? არ მეგულება ბავშვი, რომელიც ასეთ შემთხვევაში ფეხბურთზე არ ივლის.

ახლა კი გადასახადების ხსენებაზე მშობლები შეშინებულები გარბიან. ცალკე ბუცები აქვთ საყიდელი, ფორმები და თან შეკრებების ფულსაც იხდიან - ამდენს ჩვენს ღარიბ ქვეყანაში ვინ გასწვდება?

შოთა არველაძე ამბობდა - ფულს ინგლისურში თუ იხდიან, ფეხბურთზე რატომ არ შეიძლებაო? წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც კი, სადაც ხელფასები ათიათასობით აქვთ, 200-250 ევროს იხდიან წელიწადში. ეს იგივეა, ჩვენთან თვეში ლარი რომ გადაიხადონ. სომეხ და აზერბაიჯანელ მწვრთნელებს ველაპარაკე და იქ ფულს არ ახდევინებენ. ეს არის სწორედ ფეხბურთზე რეალური ზრუნვა.

- სოციალურად დაუცველებისთვის სკოლის შენახვა სახელმწიფოს რა დაუჯდება?
- ეს დავითვალე და 300-ბავშვიან სკოლას 100 ათას ლარზე მეტი არ დასჭირდება. დათვლილი მქონდა ბურთები, ეკიპირება, მწვრთნელთა მინიმალური ხელფასები და ასე შემდეგ. ეს ფული სახელმწიფოს არ უღირს?

ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ კაცი წავიდა და მერე საქმე გაჩერდა. ვიყავი თბილისის მერიაში, პროექტი შევთავაზე, მაგრამ სუპერთასისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დიდ სახსრებს ხარჯავენ და ამის თანხა ჯერ არ აქვთ. თუმცა ინტერესი არის. უსახსრობის გამო ფეხბურთიდან 80 პროცენტი გადის...

იცით, მე-6 კალათაში რატომ ვართ? ამ დიდი გადასახადების, არაორგანიზებულობის, გულგრილობისა და კორუფციის გამო. სისტემა არ არსებობს, არალიცენზირებული, ქუჩის დონის სკოლები ნიჭიერ თაობებს კლავენ. მაგრამ ამ პირობებშიც კი ბავშვები მაინც იზრდებიან და მერე მორიგი ბარიერები ხვდებათ - თამაშობენ ყველაზე ბინძურ გარემოში...

უნდა ნახოთ, პირველ და მეორე ლიგებში რა ხდება - იქ ტოტალიზატორების გავლენა უკვე ძალიან აშკარაა. სანამ უეფადან წერილი არ მოვიდა, მანამდე ხელი არავინ გაანძრია.

ბოლნისში პროექტი ჩაგვიშალეს
- აქვე ერთ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო: მცირე ხნის წინათ, ლადო ბურდულმა ჩემზე თქვა - თითქოს, მე და ჩემი მეგობარი მივედით და ბოლნისის "სიონიდან" წასვლა მოვთხოვეთ, რათა კლუბში მიხეილ ყაველაშვილი მისულიყო. ეს არის ტყუილი! რომ არ ახსენებს, ის მეორე გოჩა ჯამარაული იყო და მსგავსი ლაპარაკი არ გვქონია.

- სიტყვამ მოიტანა და, "სიონში" მთავარ მწვრთნელად თქვენ დანიშვნაზე მართლა იყო ლაპარაკი?
- გეტყვით, რაც ხდებოდა. ბოლნისის გამგებელს შევხვდით და ესპანური კლუბის, "ალბასეტეს" ხელმძღვანელები შევახვედრეთ. ისინი სერიოზული სელექციით გამოირჩევიან. მათ სერიოზული პროექტის განხორციელება სურდათ. უნდა აშენებულიყო საფეხბურთო სკოლა, რომლის მუშაობის დაგეგმვაში, მოთამაშეთა სტაჟირებით აყვანასა და ათას რამეში დაგვეხმარებოდნენ, მე და მიშა კი ხელმძღვანელები უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ მერე რა მოხდა, ვეღარ გავიგე. ფაქტია, რომ დღეისთვის ეს პროექტი ჩაიშალა.

- და ბურდული რა შუაშია?
- ჩვენი ხედვები ერთმანეთისას აბსოლუტურად არ ემთხვევა. გუნდი ბოლნისში არ ვარჯიშობს და არც თამაშობს, დუბლებს ყურადღებას არ აქცევს. ვინ ჩაერია ბურდულის მხრიდან და რატომ ჩაიშალა ეს პროექტი, არ ვიცი.

- იქნებ გამგებელმა თავად თქვა პროექტზე უარი?
- არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს საშური პროექტი ჩაიშალა. ამ დროს, "სიონში" მომავალ თაობებზე არ ზრუნავენ. არადა, დუბლები მაინც ლიდერებში იყვნენ. ჩემი შეთავაზების მიუხედავად, დუბლებიდან რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი დაეწინაურებინა, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

მაინტერესებს, "სიონი" საუკეთესო მენეჯმენტის მქონე კომპანიებს შორის ვინ დაასახელა? როდესაც გუნდი საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს, საკუთარ ქალაქში ვერ ვარჯიშობს, ტრანსფერიდან შემოსავალი არ გააჩნია, დუბლები და ჭაბუკები კი ორიოდე ბურთით ვარჯიშობენ... ახლაც კი ფეხბურთელების შარშანდელი დავალიანება აქვს. ბოლო თამაშებში კი ბევრი რამ საეჭვო იყო...

სხვათა შორის, ბურდულმა ყაველაშვილზე თქვა, "სიონს" ბურთებითაც არ დახმარებიაო. არადა, მიშამ შვეიცარიაში ორჯერ შეკრებაზე წაგვიყვანა და სერიოზულ ტურნირებშიც გვათამაშა, ბურთებსა და ეკიპირებაზე აღარაფერს ვამბობ. მინიმუმ 200 ათას ლარამდე აქვს დახარჯული. ამ ბავშვებიდან 7 იყო მაისურაძესთან, ახლა კი ახალგაზრდულ ნაკრებში ჩივაძემ 7 მათგანი გამოიძახა.

ბურდული ამის ნახევარს თუ გააკეთებს, ჩვენზე მერე ილაპარაკოს. სხვათა შორის, ყაველაშვილზე წინა ხელისუფლებას საქმე ჰქონდა აღძრული და ამიტომ ვერ ჩამოდიოდა საქართველოში. ამ დროს კი, ზოგიერთები ხმებს "ნაციონალებისთვის" აგროვებდნენ. ეგეც ვიცი.

სახელმწიფო სწორედაც უნდა ჩაერიოს...
- არჩევნებზეც ვილაპარაკოთ. თქვენი მეგობარი ყაველაშვილი საფეხბურთო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან უმაღლესი განათლების არქონის გამო კანდიდატად ვერ დაარეგისტრირებენ...
- ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა მიიღოს აქტიურმა ფეხბურთელმა განათლება, როცა კარიერის პიკშია?! მიშას პატრონი არ ჰყავდა და სხვებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში, ეკონომიურზე მართლა თავისით ჩააბარა. მაგრამ ფეხბურთის გამო მეორე კურსიდან გამოვიდა...

- საფეხბურთო განათლება თუ აქვს?
- შვეიცარიაში მენეჯმენტის ლიცენზირებული კურსი აქვს დამთავრებული.

- მართალია, თითქოს მის ნაცვლად კანდიდატურის წამოყენებას ლევან ყიფიანი აპირებს?
- ეს არ ვიცი, ამას თავად ყიფიანი იტყვის. ისე, კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ვხედავ, რომ დღეს ფეხბურთის მართვა ისევ იმ ძველი დინებით სურთ, რასაც 25 წელია მივყვებით. ყაველაშვილის შემდეგ ღირსეული კანდიდატია ლევან კობიაშვილი. ჩემს ბავშვებზე მასაც დიდი ამაგი აქვს, ბევრჯერ დაგვიდგა გვერდში...

სახელმწიფო არჩევნებში უნდა ჩაერიოს, ფეხბურთში გამეფებულ საშინელებას წერტილი რომ დაუსვას.

რედაქციისგან: ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების მიმართ ლადო ბურდულის პოზიციას "ლელო" ერთ-ერთ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე მაინტერესებს აკ დიდისამბიტ რომ ცერია ატილის ნორმები დაიცავიტო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამ საიტს არ ყავს ადმინისტრატორი. ასეტი ლანზგვა არაა არაეტიკური??? ან განმარტებას საჭიროებს ეთიკა რა არის. რა უგმერთობაა ამ ხალხის ასე ლანძღვა!!!!!!!
Manana
14:49 13-07-2015
1
უნამუსო ადამიანი უნდა იყო ამ კაცზე ცუდს რომ იტყვი, სწორედ ამ ცუდ პირობებში თავისი ხარჯებით გაჭირვებით გაზარდა ის ფეხბურთელები რომლებსაც ხედავთ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ, იმ ფეხბურთელებს რომლებიც ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებში არიან, ბავშვებს სახში აკითხავდა ვარჯიშზე წასაყვანად რადგან მათ იმის სახსრები არ ქონდათ ვარჯიშზე გადაადგილების. ეხლაც ავარჯიშებს ნიჭიერ ბავშვებს დიდი ენთუზიაზმით მთელი გულით და მითხარით რომელი მწვრთნელი გააკეტებს ამას უსასკიდლოდ? უბრალოდ ამ კაცს უყვარს ფეხბურთი და არ უყვარს უსამართლობა და მაგიტომ არ არის დღეს იმ წამკვან მწრტნელებს შორის რომლებიც თქვენ საუკეთესოები გგონიათ და არ ცდილობს ვიღაც-ვიღაცეებს ძალით შეეტენოს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული