[ოთხშაბათის საკითხავი] ეს გზა ევროპამდე არ მიგვიყვანს

AutoSharing Option
ფოტოზე: მოედნიდანაც გაგვაძევეს და ევროპიდანაც
გასული კვირის მთავარი თემა სამი ქართული კლუბის უიღბლო ევროოდისეა იყო. სამივე მათგანი ნაადრევად დაეთხოვა ევროპალიგას და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის გზა, რომელსაც ქართული ფეხბურთი ადგას, ევროპამდე არ მიდის...

სახე ჯერაც ცოცხალი ქართული ფეხბურთისა...
ერთი ქართული კინოშედევრის უკვდავი ფრაზა რომ მოვიშველიოთ და ცოტა გადავაკეთოთ, დაახლოებით ასე გამოგვივა - რა საჭიროა გზა, თუ ის ევროპულ ფეხბურთთან არ მიგვიყვანს?

ყველა პოსტსაბჭოთა ევროპულმა რესპუბლიკამ ერთი გუნდი მაინც გაიყვანა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქ
ართველომ რამდენი გაიყვანა? - არც ერთი!

არ აქვს მნიშვნელობა, ვისკენაა შენი სიმპათია არაერთ ბანაკად დაყოფილ ქართულ ფეხბურთში. დასაწერი პირდაპირ უნდა დაიწეროს - ეს არის სირცხვილი, ძალიან დიდი სირცხვილი და ჩვენს ფეხბურთში აღარ უნდა იყოს იმ ხალხის ადგილი, ვინც ის ამ დღემდე მიიყვანა.

მართლაც, ეს არ არის ერთი კონკრეტული მწვრთნელის, ერთი გუნდის, ერთი პრეზიდენტის თუ ფეხბურთელების ბრალი. ეს არის მთლიანი სისტემის მარცხი. მათ შორის, ჩვენი მარცხიც, რადგან თავის დროზე ბევრი კი ვწერეთ, მაგრამ თავიდან მაინც ვერ ავირიდეთ ის "თექვსმეტობანა", რომელსაც ასე ვებრძოდით.

ცნობილია: წარმატებით ვერაფრით დაგვირგვინდება საქმე, რომელიც სამართლიან საფუძველზე არ დგას. როცა რეგლამენტი ვიღაცამ თავის ხუშტურებს მოარგო, როცა 12 გუნდისთვის საკმარისი ფეხბურთელები არ გვყავდა და უცებ 16 კლუბი მოვინდომეთ, როცა ახალი ველოსიპედის გამოგონება დავიწყეთ მაშინ, როცა ძველის ტარება არ გვქონდა ნასწავლი, ჩვენი საქმე მაშინ წახდა და წავიდა.

რით უნდა შევეჯიბროთ საშუალო ან საშუალოზე დაბალ ევროპულ კლუბებს? მაგალითად, "გაბალას", რომელსაც აქვს ოთხი დიდებული სავარჯიშო მოედანი, მაგარი ბიუჯეტი და ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები უკრაინიდან, ბრაზილიიდან თუ რუმინეთიდან?

პასუხი მარტივია: სახელმწიფოს მიერ შეგულიანებული კერძო მფლობელების მიერ დაფინანსებული კლუბებით.

ფაქტი ჯიუტია - სახელმწიფო იმ ფულს წყალში ყრის, რომლითაც ექვსთვიან გუნდებს აფინანსებს. გვრჩება განცდა, რომ ამ პროექტების მიზანია, ექვსი თვით მაინც დასაქმდეს კონკრეტულ რაიონსა თუ ქალაქში დაახლოებით ასამდე კაცი.

ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ სათქმელია, რომ ის ხალხი უფრო მეტს პროგრესზე კი არა, იმაზე ფიქრობს, როგორ გადააგოროს ის ექვსი თვე, რომელიც მას გამოუყვეს.

არადა, საფეხბურთო კლუბის სწორ გზაზე დაყენება ძალიან რთული საქმეა. ფეხბურთი მხოლოდ მინდორზე არ იწყება. ის იწყება კარგად მოვლილი აკადემიით, კიდევ უკეთესი სტადიონით, სწორი მენეჯმენტით და, რაც მთავარია, სუფთა თამაშით, რომელიც დღეს საქართველოში აღარ არის სუფთა და ხშირად ისეთ რამეებს გაიგონებთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ!..

ბოლოს და ბოლოს, რაზეა ლაპარაკი, როცა ჩვენი პირველობის სხვადასხვა ლიგაში დაახლოებით ხუთამდე კლუბი... ერთი მფარველის ფრთებქვეშაა. სხვა თემაა, რა ხდება პირველ და რეგიონულ ლიგებში. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - ამ ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ ხინჯად და დანაშაულად ის მიგვაჩნია, რაც ხდება საქართველოს ჩემპიონატის დაბალ ლიგებში.

საერთოდ, ასეა: ფეხბურთელი პირველ ლიგაში უნდა ოსტატდებოდეს და მერე მომზადებული უნდა გადადიოდეს უმაღლესში. ახლა რა ხდება? რა უნდა ისწავლოს პირველ ლიგაში ახალგაზრდა ფეხბურთელმა?!.

ჯერ მინდვრებია ისეთი, თავმოყვარე საქონელი არ იკადრებს შესვლას და მეორეც - ათასგვარი "ჩალიჩი", აღებ-მიცემობა, მამაძაღლობა და უბედურება, ფეხბურთთან საერთო რომ არაფერი აქვს.

ცოდვა გამხელილი სჯობს: ამათი ნაკლებობა არც უმაღლეს ლიგაშია, მაგრამ პირველ ლიგაში მთლად საშინელება ხდება და ამაზე წაყრუება უკვე აღარ შეიძლება.

მოდით, ვაღიაროთ: ევროპალიგამ საკადრისი ადგილი მიგვიჩინა და არც ისაა საკვირველი, ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილი რომ გვიჭირავს - პირიქით, კიდევ ერთხელ მოგვიტანეს სარკე, რომელშიც უნდა ჩავიხედოთ, ამ სარკეს კიდევ ერთხელ ვარიდებთ თვალს, რადგან ნანახის გვეშინია.

არადა, ეს ჩვენი სახეა - სახე მომაკვდავი, მაგრამ ჯერაც ცოცხალი ქართული ფეხბურთისა. და ჩვენ მას ვერაფრით ვუშველით, თუ ამ სახეს კარგად არ დავაკვირდებით და არ ვუაქიმებთ.

გვეყო ილუზიებში ცხოვრება. ვიპოვოთ ის გზა, რომელიც "ტაძრამდე", ანუ ნაღდ ევროპულ ფეხბურთამდე მიგვიყვანს!

ჩვენი იმედის მეშახტე
17 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარში" გადავიდა. ამ ტრანსფერს გამოხმაურება არაერთგვაროვანი ჰქონდა. კომენტარებს გავეცანი და ზოგმა ისიც დაწერა, "შახტარში" რამ წაიყვანა, იქ რომელ ქართველს რისთვის მიუღწევიაო?

ბოდიში, ბატონებო, მაგრამ სიმართლეს არ ეღალატება - იმ ქვეყანაში, რომელიც ევროპიდან მხოლოდ ანდორას და გიბრალტარს უსწრებს, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს არ იწუნებენ.

ბოლო დროს ქართველთაგან დონეცკურ კლუბში დამკვიდრებას დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს, თუმცა ამაში მირჩა ლუჩესკუს ან რინატ ახმეტოვის შოვინიზმის დადანაშაულება მართებული არ იქნება. ორივე ამ ფეხბურთელს სხვადასხვა კლუბსა და სხვადასხვა შემთხვევაში ჰქონდა გარკვეული პრობლემები და "შახტარს" ასე ხელაღებით ვერ გავამტყუნებთ.

რაც შეეხება სათამაშო სტილს, დონეცკელები ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. მართალია, გუნდი რამდენიმე ბრაზილიელმა დატოვა, მაგრამ ისინი იქ მაინც საკმარისი რაოდენობით დარჩნენ.

არაბიძე კარგი ბიჭია. მაგრად ფლობს ბურთს და მეტოქის მცველებს აწიოკებს. მან უნდა ისწავლოს პასი და გუნდური ფეხბურთი, ლუჩესკუ კი კარგი მასწავლებელია.

ბილეთები გავყიდეთ!
როგორც იქნა, დასრულდა ევროპის სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. დიდი, დიდზე დიდი ამბავი იყო ვაკეში - რიგები, ცოდვის ტრიალი, სამდღიანი ღამისთევა და ბევრი ბედნიერი თუ უბედური სახე.

ბოლოს და ბოლოს, მოვიხადეთ ეს სახადი და ბილეთებიც გავყიდეთ (ბოროტი ენები ამბობენ, გადავყიდეთ კიდეცო!). იქნებ ახლა მაინც მოვიცალოთ ჩვენი ფეხბურთისთვის, რომელიც სულს ღაფავს.

კარგია "სევილია", კიდევ უკეთესი - "ბარსელონა", მაგრამ მოდი, ერთად შევძახოთ - საქართველო, უპირველეს ყოვლისა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბატონო ალეკო სახლის მშენებლობა ფუნდამენტიდან იწყება. როგორი კარგი კედლებიც არ უნდა ააშენო,როგორი ლამაზი სახურავიც არ უნდა დაადგა,შენობა აუცილებლად დაინგრევა,თუ ის მყარ საძირკველზე არ დგას.ასეა ქართული ფეხბურთის საქმეც.უამრავი წერილი იბეჭდება უმაღლესი ლიგის გუნდების პრობლემებზე,მაგრამ ერთი წერილი არ დაწერილა მეორე ლიგის გუნდების გასაჭირზე.ერთხელ მაინც მოუსმინეთ ჩვენს სატკივარს,ერთად გავაანალიზოთ ყველა პრობლემა და იქნებ ერთად ვიპოვოთ ამ ავადმყოფობის წამალი.ერთიც გახსოვდეთ,თუ ბავშვმა ბაღისა და სკოლის საფეხურები არ გაიარა,ისე უმაღლესში ვერ მოხვდება.
ზესტა
14:38 16-07-2015
0
კარგი სტატიაა, სრულად ვეთანხმები, მადლობა. ოღონდ უიღბლო ოდისეა კი არა, არამედ ოდისეა ლოგიკურიმ შედეგით
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული