გუცაევი: კობიაშვილი თუ მოისურვებს, ყველანაირად დავუდგები გვერდში

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ახლა მართლაც რომ კატასტროფული სიტუაციაა. ყველაფერზე მეტყველებს ჩვენი გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები ევროპულ ტურნირებზე. მართლაც, საშინელებაზე მეტია - ევროპალიგის მონაწილე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთადერთი, რომლის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ დასძლია პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.

გვესაუბრება ვლადიმერ გუცაევი - ქართული ფეხბურთის დიდი მიღწევების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი დროის მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავთაგანი...

- ჩვენი ინტერვიუ ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე ნაჩვენები შედეგების ანალიზით დავიწყოთ. რას იტყვით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- როგორ შეიძლება იმის შეფასება, რაც ვიხილეთ ქართული გუნდების შესრულებით?
აქ ჩვენ შეგვიძლია ზოგადი შეფასება გავაკეთოთ - ქართულ ფეხბურთში უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვისაც უნდა მუშაობა. საუბარი მაქვს ნამდვილ მუშაობაზე.

რთულია, მაგრამ ასეა საჭირო - უნდა შეიცვალოს მთელი სისტემა - დიახ, სისტემა და არა მისი ცალკეული ნაწილები. კი ბატონო, ვთქვათ, დავიწყეთ ბავშვთა ფეხბურთიდან, მაგრამ მხოლოდ ერთ სფეროში ცვლილებები საკმარისი არამც და არამც არ იქნება.

- და მაინც, ელოდით ასეთ შედეგს?
- ეს პირველად არ ხდება. ხომ ასეა? გასაგებია, შეიძლება ერთი ეტაპი გაიარა სხვადასხვა წლებში ქართულმა გუნდმა, მაქსიმუმ - ორი. დიდი წარმატება ჩვენგან მაინც შორსაა. საშინელი რეგრესი აქვს ქართულ ფეხბურთს. მითხარით, ამაზე დაბლა სადღა უნდა დავეშვათ?! არადა, ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, ისე ვსაუბრობთ და ისე ჩვეულებრივად ვიღებთ ამ ყველაფერს, თითქოს არაფერი ხდება. ასეთი შემგუებლობა ნამდვილად არ გამოგვადგება.

- როგორ ფიქრობთ, ეს 16-გუნდიანი ჩემპიონატის ბრალი ხომ არ არის?
- ჩემი აზრით, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საქართველოს ჩემპიონატში 12 გუნდი ითამაშებს თუ 16. მაშინ რას ვაკეთებდით ევროპულ არენაზე, 12 გუნდი რომ გვყავდა ჩემპიონატში? ბევრ არაფერს! რა, მაშინ რამე განსაკუთრებულ შედეგებს აჩვენებდნენ საერთაშორისო თამაშებში ქართული გუნდები? აქ საქმე ისაა, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდება გადამწყვეტი რეფორმები. სჭირდება ხალხი, რომელიც საქმის კეთებაში დღე და ღამეს გაასწორებს.

არავინ მოიტყუოს - ამ საქმის გამოსწორებას ერთი და ორი წელი არ ეყოფა. ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ ვიწყებთ მუშაობას მდგომარეობის გამოსწორებისთვის და ამას სჭირდება დრო. ეს არის რეალობა და ვინც იტყვის, რომ მოვა და ხელის ერთი აქნევით გადაჭრის ყველა პრობლემას, არ იქნება მართალი. პროგრამას ყველა დაწერს. მთავარია, მისი თეზისები შესრულდეს.

ერთიც - ქართული ფეხბურთის საშველი არ იქნება, თუ სახელმწიფოს დიდი მხარაჭერა არ იქნება. მხარდაჭერა ერთია და მეორე ის, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსები გონივრულად დაიხარჯოს.

- მაინც, საიდან უნდა დავიწყოთ ქართული ფეხბურთის შველა?
- იქიდან, რომ ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. ვიმუშაოთ ბევრი და მიზანმიმართულად.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხშირად ქართული ფეხბურთის ვეტერანები არ ამბობთ სათქმელს...
- ვინ არის ისეთ ადგილზე, რომ რაიმე თქვას და რაღაც გავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე? არის ერთი 8 კაცი, ვინც დასაქმებულია ფეხბურთის ფედერაციაში და იღებს ხელფასს, მაგრამ ეს არის და ეს. ერთადერთი ვეტერანი, რომელსაც ასე თუ ისე აქვს თანამდებობა, არის ალექსანდრე ჩივაძე, მაგრამ მისი თანამდებობა ფეხბურთის ფედერაციაში არ არის ისეთი, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა.

ფაქტია - დღეს ვეტერანი არის დაჩაგრული. მას არ ეთქმის სიტყვა და გადასროლილია, საფრონტო ენით რომ ვთქვათ, შტაბში. არადა, საქმე იმან უნდა აკეთოს, ვისაც გამოცდილება აქვს, ვინც ფეხბურთი ითამაშა, ოფლი დაღვარა.

- ფაქტია ისიც, რომ აქამდე არ გვინახავს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა არც ერთი საარჩევნო პროგრამა. საქმე თეზისებს არ სცდება...
- კარგია პროგრამა და იმაშიც გეთანხმებით, რომ ის უნდა დაიწეროს, მაგრამ ნებისმიერი პროგრამა ფასდება იმით, თუ რამდენად სრულდება ის. ასე რომ, მთავარი ისაა, რას ვაკეთებთ და არა ის, თუ რას ვწერთ.

- სახელმწიფო და ქართული ფეხბურთი - ამ თემას როგორ უყურებთ?
- ზემოთაც ვთქვი, რომ სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. აქ არის ერთი მომენტი: ჩვენ გვახსოვს, სახელმწიფოს მხრიდან რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ ფეხბურთს. ამდენი თანხა დაიხარჯა და სად არის შედეგი? აქედან გამომდინარე, დასკვნა - ნებისმიერი თეთრი უნდა დაიხარჯოს მიზანმიმართულად და მოხმარდეს ქართული ფეხბურთის პროგრესს. აი, ეს არის გამოსავალი.

- უნდა გკითხოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებზე, აპირებთ მასში მონაწილეობას?
- ვაპირებდი და ვაპირებ კიდეც, მაგრამ საერთო ვითარებას რომ ვუყურებ, არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მე თუ მოვედი, მოვალ ერთი პირობით - უნდა ვიმუშაო დღე და ღამე, უნდა ვაკეთო საქმე და ქართულ ფეხბურთს დავუბრუნო ის დიდი გამარჯვებები, რომელიც ჩვენს დროს ჰქონდა.

ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ ვუყვარვარ ხალხს. ქუჩაში მხვდებიან ადამიანები, მოდიან ჩემთან, ტირიან, ძველ დროს იხსენებენ... არ მინდა, ეს სიყვარული ოდესმე გახუნდეს. არადა, დღეს საქმე ისეა, რომ ერთი კაცი, თუ არ შეიცვალა მთელი სისტემა, ვერაფერს შეცვლის და ვერაფერს გააკეთებს. არ მინდა, ხალხმა რამე სხვანაირად იფიქროს ჩემზე. ასეთ შემთხვევაში, არც ფეხბურთის ფედერაცია მინდა და არც არაფერი.

ერთი კი ვიცი ზუსტად - თუ მოვედი, მოგების გარდა, ვერაფერს შევეგუები. ეს ჩემი პიროვნული თვისებაა.

- როგორ შეაფასებდით ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მუშაობას?
- თუ შეიძლება, ამავე კითხვას თქვენ დაგისვამთ...

- მე კრიტიკულად ვაფასებ...
- ჩემი აზრით, ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც ჩვენ აქ უნდა გამოვიყენოთ. მე ვიტყოდი, რომ ეს არის კატასტროფა! ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამის მიუხედავად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ერთი გუნდი მაინც გაიყვანა ევროპალიგის მეორე ეტაპზე. საქართველომ რამდენი გაიყვანა? არც ერთი! სად ვართ რეიტინგში?

სულ ცოტა ხნის წინათ ვადარებდი მონაცემებს და მხოლოდ ორ რესპუბლიკას ვუსწრებთ ფიფას რეიტინგში - ტაჯიკეთს და ყირგიზეთს. ყაზახეთმა გაგვისწრო, თან ძალიან. არადა, სად მათი ფეხბურთის ტრადიციები და სად - ჩვენი. მარტო ის ვნახოთ, ყაზახური გუნდები რას შვრებიან ევროპალიგაზე...

- განსაკუთრებით დაგწყვეტდათ გულს თქვენი მშობლიური "დინამოს" მარცხი...
- ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევით. ყაზახეთში ჩავედი "აქტობე"-"სტიაუას" თამაშის სანახავად. იცით, "აქტობეს" ვალერი გაზაევის ვაჟი წვრთნის. ვალერიმ მითხრა, ჩავიდეთ "სტიაუასთან" თამაშზე, დიდი სტიმული იქნება ჩემი ბიჭისთვისო და წავედით.

ჩავედით და დაგვხვდა მხარის გუბერნატორი. გეხსომებათ, მაშინ "აქტობეს" სულ ახალი გამოთიშული ჰყავდა თბილისის "დინამო". ჩამომართვა თუ არა ხელი გუბერნატორმა, ეგრევე მადლობა მოაყოლა. მე ვუთხარი, არც ვიცნობთ ერთმანეთს, რაშია საქმე, რაში მიხდით მადლობას, ვინმეში ხომ არ გერევით-მეთქი? არა, რას ამბობთო, მიპასუხა. მადლობას იმიტომ გიხდით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ - თბილისის "დინამოს" რომ მოუგო "აქტობემ", ჩვენმა პრეზიდენტმა ნაზარბაევმა დამირეკა და მითხრა - ეს რა გუნდი გყოლიათ, "დინამოს" როგორ აჯობეთო და წარმატება მომილოცა.

შვიდი წელიწადია, ამ მხარის გუბერნატორი ვარ და აქამდე, ნაზარბაევს ჩემთვის არ დაურეკავს, იმის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ფეხბურთი და მადლობას ამიტომ გიხდითო...

ხედავთ, როგორი სახელი გვქონდა? სად ვართ და სად ვიყავით? ასე ხომ არ შეიძლება?! ყველაფერს აქვს საზღვარი!

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც თქვენ კარგად იცნობთ. რას იტყვით მასზე?
- საერთოდ, ყველა ფეხბურთელი ძალიან მიყვარს, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის რაღაც გაუკეთებია. ლევან კობიაშვილს კი ჩვენი ფეხბურთისთვის მართლაც ბევრი აქვს გაკეთებული. ჩემი აზრია, რომ იმ პიროვნებას, ვისაც უნდა, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მოვიდეს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება, კობიაშვილს კი ჯერ სერიოზულ დონეზე არსად არ უმუშავია, მაგრამ თუ მოისურვებს, ყველანაირად დავუდგები გვერდში, თუ რამეში დავჭირდები, სიტყვით გამოსვლა იქნება თუ სხვა...

ფაქტი ისაა, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება შველა და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ საამისოდ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
levani-ს! მადლობა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრობისთვის.

ჩემს მეთოდთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის იმედი აღარ მაქვს, ამიტომ პროექტი სპორტის სამინისტროში შევიტანე და დამპირდნენ სექტემბერში გამოვცდითო.
გუჯა კახაძე
15:01 20-07-2015
0
მთავარი მესიჯი: დამასაქმე!! დანარჩენი ლირიკაა :)
რა გინდათ დინამოს გუბერნატორისთვის მაინც გაუკეთებია კარგი საქმე :)
Dinamo
13:21 20-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული