გრიგოლეთის ახალი სიცოცხლე - როგორი იქნება "გურიის" განახლებული ბაზა?

AutoSharing Option
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავდროულად, "გურიის" პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის პატრონაჟით, გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს 46 პერსონაზე გათვლილი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს შპს modern archireqtural group-ი ასრულებს და დაახლოებით 350 ათასი ლარი დაჯდება.

პარალელურად, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. სასადილოს შენობა უკვე ჰიგიენურ ნორმებს აკმაყოფილებს, სამზარეულოსთვის შეძენილია ახალი მაგიდა-სკამები, ინვენტარი და ჭურჭელი. ბაზაზე დამონტაჟებულია თანამედროვე სარეცხი მანქანა, მოწყობილია ადმინისტრაციისა და დარაჯის ოთახები.

ჯერ კიდევ გასულ წელს შეიღობა ზღვისპირა მხარე, 280 მეტრზე დაბეტონდა რკინის ბოძები და დამონტაჟდა მავთულბადე,
რომლითაც თავის დროზე "გურიის" ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მთავარი მოედანი მაყურებლისგან იყო გამოყოფილი. მანამდე კი, ბაზის ეზოსთვის, რომელიც სამი მხრიდან მყარი ბეტონის ფილებითაა შემოღობილი, პრობლემური იყო პლაჟთან საზღვარი, საიდანაც ხდებოდა გარეშე ადამიანებისა და პირუტყვის ეზოში შემოსვლა.

მოგეხსენებათ, 1987 წელს "გურიის" სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დროს გრიგოლეთში გუნდს 6,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოეყო, სადაც გაკეთდა სათამაშო მოედანი და საცხოვრებელი კორპუსი. ეს უკანასკნელი ხის ასაწყობი კონსტრუქცია გახლდათ და წლებია, მწყობრიდან გამოვიდა. მინიმუმ 10 წელია, "გურია" საკუთარ ბაზაზე არ დაბანაკებულა და შეკრებების დროს მხოლოდ მოედანს მოიხმარდა.

ბოლო 15 წლის მანძილზე კი არაერთხელ დადგა გრიგოლეთის ბაზის დაკარგვის საფრთხე კლუბის ვალებისა თუ მაღალჩინოსნების პირადი ინტერესების გამო, რაც მედიისა და გულშემატკივრების აქტიურობის გამო ყოველთვის ჩაიშალა.

ერთხელ გასაყიდად გამზადებული ბაზა რკინიგზის დეპარტამენტის მაშინდელმა შეფმა, ლანჩხუთელმა აკაკი ჩხაიძემ გადაარჩინა. თავისი რაიონის მოამაგემ "გურიას" დიდი ვალებისა და მისი გაზრდის პერსპექტივის, შესაბამისად რისკების ასაცილებლად კლუბიდან ცალკე სუბიექტად გამოაყოფინა, რაც იმ დროისთვის სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, მაგრამ შემდგომში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღმოჩენილი ზღვისპირას მწვანეში ჩაფლული 6,5 ჰა ფართის "გურიისთვის" დაბრუნება გაჭირდა.

როგორც ზაზა ურუშაძე აცხადებს, ბაზის დაბრუნება გამგებლად მისი დანიშვნისთანავე პრიორიტეტად ჩათვალა და ამ საქმის მოსაგვარებლად მაჟორიტარი თემურ ჩხაიძეც აქტიურად დაეხმარა.

რა ეკონომიას მოუტანს საკუთარი ბაზა გუნდს? მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგის გუნდი ერთად უნდა ცხოვრობდეს და "გურია" თუ ანგარიშგასაწევ გუნდად გვევლინება, სპეციალისტები სწორედ გუნდის, ფაქტობრივად, მუდმივად შეკრებაზე ყოფნით ხსნიან.

აქამდე "გურია" სასტუმროთი სარგებლობდა. საკუთარი საცხოვრებლის არსებობისას გუნდი წლის მანძილზე, უხეში გათვლებით, 100 ათასი ლარის ეკონომიას გააკეთებს. ამას დავუმატოთ ის 100 ათასიც, რაც სხვაობა იქნება კერძო სასტუმროსა და საკუთარ ბაზაზე კვებას შორის, ჯამში 200 ათასი ლარია, რაც "გურიის" ბიუჯეტის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი თანხაა.

ამ ეტაპზე, სანამ ბაზა მზად იქნება, "გურია" იქვე, გვერდით არის დაბანაკებული და 5 თვეში დაახლოებით 60-70 ათასი ლარის ეკონომიას გააკეთებს.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორი მიდგომაა საქმისადმი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული