[ოთხშაბათის საკითხავი] ევროპაში შესასვლელი დაკეტილია!

AutoSharing Option
გასული კვირა არ იყო ღარიბი საფეხბურთო მოვლენებით. ქართულ ფეხბურთში უმწვავესი კრიზისია და ჩვენც მეტწილად უსიამოვნო მოვლენებზე გვიწევს წერა, რაც, უნდა გამოგიტყდეთ, არ გვსიამოვნებს, თუმცა რეალობას ვერ მოვწყდებით, რადგან ჩვენს მთავარ მისიად სიმართლის თქმა მიგვაჩნია...

სახე იყო ჩვენი გასაცოდავებული ჩემპიონატისა...
მოდით, გორის "დილათი" დავიწყოთ და ჯერ პირველ, ბელგრადულ შეხვედრაზე ვთქვათ. "დილამ" ითამაშა ძალიან დაცვითი და ფრთხილი ფეხბურთი. უჩა სოსიაშვილი ახალგაზრდა მწვრთნელია. მას აქვს თავისი შეხედულება ფეხბურთზე და არ უყვარს ის, რაც სერბეთის დედაქალაქში ვნახეთ.

ეს კია, რომ ნებისმიერ შეხვედრაში გუნდი ისე თამაშობს,
როგორც მეტოქე აძლევს ამის საშუალებას. "პარტიზანმა" არ გვათამაშა და ჩვენც ვერ ვითამაშეთ. იყო სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მთელი რიგი, მაგრამ მთავარი ერთია - დღევანდელი რეალობით, ჩვენი გუნდები მიეჩვივნენ გასვლით მატჩებში საკუთარ საჯარიმოში გამოკეტვას.

ასე დღეს აღარავინ თამაშობს, სან მარინოსა და ანდორის გუნდების გარდა.

ამას წინათ, ზაგრების "დინამოსა" და ლუქსემბურგის "ფოლას" შეხვედრას შევავლე თვალი. სხვა რა მიზეზით უნდა მენახა ეს თამაში, თუ არა ლუქსემბურგის კლუბის ქართულთან შედარების სურვილი. ჰოდა, ამ "ფოლამ" ერთი ხომ გაიტანა და გასატანი კიდევ ჰქონდა. რაც მთავარია, "ფოლა" უტევდა და ამას საქმის ცოდნით აკეთებდა.

გორის მატჩში კი გამოჩნდა ერთი მთავარი მიზეზი მარცხისა - უკლასობა. ათწუთიანი აფეთქებით მატჩს ვერ მოიგებ. ცუდი იყო ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის კონფლიქტი, უფრო ცუდი კი - ტოტალური უიმედობის განცდა.

საქართველოს ჩემპიონი სახე იყო ჩვენი გასაცოდავებული ჩემპიონატისა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დააკნინა. "დილას" ამ შემადგენლობით თუნდაც ერთ წელიწადს რომ ეთამაშა, სხვა შედეგი იქნებოდა. ახლა კი...

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია ქართული ფეხბურთის არაკეთილმოსურნედ ყველა ის, ვინც "ექვსთვიანი" გუნდების გაკეთებას მიესალმა თავის დროზე ან ხელი შეუწყო...

მოკლედ, ევროთასზე ქართული გუნდი აღარ დარჩა. ევროპამ წითელი ბარათი აგვინთო. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს - ქართულ ფეხბურთშიც ბევრს აქვს ასანთები წითელი...

ბათუმი ღირსია...
გასულ კვირას მორიგი სკანდალი აგორდა ბათუმის სტადიონთან დაკავშირებით. ეს თემა ამ ბოლო წლებში იმ სერიალს დაემსგავსა, რომელიც არა და არ მთავრდება, არადა, უნდა დამთავრდეს.

ამ სკანდალში ერთხელაც ჩაღრმავებას არ ვაპირებთ და არც ის გვინდა, ამაზე დაუსრულებლად ვწეროთ - თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს! ოღონდ დაიხუროს ისე, როგორც ბათუმს და "დინამოს" ეკადრება.

საიდანაც გინდა, მიუდექი და როგორც გინდა, ისე გაზომე - ბათუმი ღირსია, ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონი, რომელიც ევროპული ტურნირის მატჩებს უმასპინძლებს.

ბათუმს ჰქონდა დიდებული სტადიონი. ჯერ კიდევ სულ ბავშვი ვიყავი იქ და უნდა გამოგიტყდეთ, რომ მოვიხიბლე. მერე და მერე ბევრი სტადიონი ვნახე, თუმცა იმგვარი მდებარეობის - ვერც ერთი.

მერე ის სტადიონი დაინგრა და ახალი აღარ აშენებულა. "დინამო" ხიზნად იქცა და დღესაც ასეა. ეს ხიზნობა უნდა დამთავრდეს და რაც შეიძლება - მალე. რატომღაც, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ჯერაც ვირტუალური სტადიონი თუ არ გაივსება ხოლმე, ხალვათობა ნაღდად არ იქნება...

პირდაპირ უნდა დავწერო - ბათუმის "დინამოს" ყველასგან გამორჩეული, ერუდირებული და ფეხბურთის კარგად მცოდნე ქომაგი ჰყავს და მეამაყება, ამ დიდი ამქრის რამდენიმე თავკაცს "ჩემი მეგობარი" რომ შემიძლია ვუწოდო - ახალ სტადიონს ისინი ნამდვილად არ მოაწყენენ.

რას იტყვით, ბატონო ილია?
ჩვენი გუნდების წარუმატებელი ევროოდისეა უფრო და უფრო ხშირად გვახსენებს "ზესტაფონს", დღეს მხოლოდ ქაღალდზე რომ არსებობს. ფაქტია - "ზესტაფონი" სჭირდება ქართულ ფეხბურთს. არა მხოლოდ კარგი სტადიონისა და კიდევ უკეთესი ბაზის გამო, არამედ იმადაც, რომ ამ კლუბს ევროთასებზე თავი და საქართველო არასოდეს შეურცხვენია.

ილია კოკაიას ქართულ საფეხბურთო სამყაროში არც მაქებარი აკლია და არც მაძაგებელი. კოკაიას არ მოსწონს დღევანდელი ფედერაციის შეფობა და 16-გუნდიანი ჩემპიონატი. მან გვერდზე დგომა არჩია, გული გაუტყდა და ამ ფედერაციის ყოფნის პირობებში აღარ აპირებს კლუბის დაფინანსებას.

კოკაიამ არაფრისგან შექმნა "ზესტაფონი". მოკლე დროში მოუტანა გუნდს არაერთი ტიტული და გააცნო ევროპას. მან შექმნა თანამედროვე სტადიონი და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა. კოკაიას მოსვლამდე ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭები ძროხებს დასდევდნენ, ბალახი რომ არ გაეფუჭებინათ.

ეს ყოველივე ფაქტებია და ისიც ცხადია, რომ ილია კოკაიას ჰქონდა და აქვს შეცდომები. ყველაფერი სასწორის ერთ პინაზე რომ შევაგდოთ, მივხვდებით - ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას ასეთ ინვესტორზე. კოკაიას ფეხბურთით არ უშოვია მილიონები და ბიზნესს რაც შეეხება, ზესტაფონში ბევრს ჰქონია ის, თუმცა 12 მილიონი არავის დაუხარჯავს.

ამ დროისთვის, საქმე ასეა - "ზესტაფონი" არც ერთ ლიგაში არ თამაშობს, არადა, უმაღლესი თუ პირველი ლიგის კალენდარი უკვე გაწერილია. "ზესტაფონის" მფლობელი კვლავ კოკაიაა და სწორედ მან უნდა უთხრას ქომაგს, რას აპირებს - აცდენს წელს თუ აპირებს თუნდაც რანგით დაბალ რომელიმე ლიგაში თამაშს?

უნდა უთხრას, რადგან ის, როგორც კლუბის მფლობელი, პასუხისმგებელია იმ ხალხის, იმ ქომაგის წინაშე, ვინც 11 წლის განმავლობაში ყველგან გვერდით ედგა "ზესტაფონს", გუნდის ჭირსა თუ ლხინს იზიარებდა.

აქვე დავწერ - ვერ ვეთანხმები ქართული ფეხბურთის სახლის ბინადრების პოზიციას, "ზესტაფონი" რომ მოკვეთეს და ახლა აღარაფერს კითხულობენ. კი ბატონო, დებულება დებულებაა და ის უნდა შესრულდეს, მაგრამ, ჯერ ერთი, რეგლამენტის მრავალგზის უგულებელყოფით თავად ქმნი პრეცედენტს, რომ მისი დარღვევა შესაძლებელია და მეორეც: უპრიანი იქნებოდა, ვინმე მაინც ჩასულიყო ზესტაფონში, ქომაგს შეხვედროდა, მისი ჭირ-ვარამი მოესმინა.

მოესმინა, რადგან ქართული ფეხბურთი არც სუპერთასით მთავრდება და არც იქ, ვაკის პატარა შემოღობილში...

რეიმსიდან ტრაბზონამდე
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგულ "რეიმსს" ელაპარაკება. ცხადია, სათამაშო დონით "დნიპრო" ფრანგულ გუნდს სჯობს, მაგრამ ეს შესაძლო ტრანსფერი ჩვენთვის სხვა კუთხით იქნება გასახარი და მისასალმებელი.

თუ გარიგება განხორციელდა, ლევან მჭედლიძის შემდეგ დღეისთვის მოქმედი ქართველი ფეხბურთელებიდან კანკავა იქნება მეორე, ვინც ევროპის 5 ტოპ-ჩემპიონატიდან ერთ-ერთში იასპარეზებს.

მეორეც: "ჰოვერლასა" თუ "ილიჩევეცთან" თამაშს "პარი სენ ჟერმენსა" და "მარსელთან" ჯახი სჯობს. რამდენიმე თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებ და მაღალი კლასის გუნდის თვალთახედვის არეშიც ექცევი.

გიორგი ლორია კი, ფაქტობრივად, გადასულია "ტრაბზონსფორში". შოთა არველაძეს "რუბინიდან" საბა კვირკველიას წაყვანაც სწადია, თურმე. ლორიას "ტრაბზონში" ძირითადი მეკარის სტატუსი ელის, "ოლიმპიაკოსს" კი გვარიანი მეკარეები ჰყავს.

მეკარისა თუ მინდვრის მოთამაშის შემთხვევაში საქმე ასეა - უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათამაშო პრაქტიკას. ლორიას სჭირდება პრაქტიკა, რათა საქართველოს ნაკრებს გამოადგეს.

გიორგი მერებაშვილი კი ბერძნულ "ვერიაში" მივიდა. მერებაშვილის თამაშის სტილი ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ ფაქტია: ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ გამოკვეთილ ინდივიდუალისტზე საქართველოს ნაკრებმა უარი თქვას. კახა ცხადაძე კი ის მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც გიორგიმ პირველი ნაბიჯები გადადგა დიდ ფეხბურთში...

მათეგოლი
საქართველოს არ ჰყავს სუპერკლასის გამტანი ცენტრფორვარდი. ჩვენ მივეჩვიეთ შოთა არველაძეს, ზაზა ჯანაშიას, მიხეილ აშვეთიას... მაგრამ ჰორიზონტზე კი ჩნდებიან ისეთი ბიჭები, საშუალო დონის ნაკრებს რომ უნდა გამოადგნენ.

აგერ, მათე ვაწაძემ დუბლი შეუსრულა "ბრონდბიუს" და "ლივერპულში" გამობრძმედილი დანი აგერი დაჩაგრა...

ჩვენც ოპტიმისტურად დავასრულოთ!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ზესტზ ზესტა ზესტა ფონი
გიორგი
16:13 23-07-2015
0
ბატონო ალეკო! როდემდე უნდა გააგრძელოთ ,,ზესტაფონზე'' წუწუნი?ზესტაფონის სტადიონზე ძროხები არასოდეს დარბოდნენ.კოკიას მოსვლის დროს არსებობდა მეტად სიმპათიური და ახალგაზრდული I ლიგის გუნდი.კოკაიამ არავის მოუსმინა და ისე იყიდა ადგილი უმაღლეს ლიგაში.აქცენტი თავიდანვე გააკეთა არაადგილობრივ კადრზე (როგორც ფეხბურთელებზე,ისე ადმინისტრაციაზე),ადგილობრივ ფეხბურთელებს არ აძლევდნენ გასაქანს(ამაზე უამრავი სასაუბროა,რომელიც ამ წერილში ვერ მოხერხდება),ჭაბუკთა ლიგაზეც კი (უფროსს ასაკში) არაადგილობრივი კადრი ჰყავდა,რომლებსაც ფეხებზე ეკიდა ზეტაფონი და ზესტაფონელები(აღარაფერს ვამბობ დუბლებზე და სხვა მწვრთნელებზე).
რაც შეეხება ბაზას.თქვენ წერთ ზესტაფონს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვსო საქართველოში.ერთხელ მაინც თუ გინახავთ ეს ბაზა,რომელიც სინამდვილეში არ არსებობს,არსებობს შემოღობილი ტერიტორია,სადაც სამი მართლაც ბრწყინვალე მინდორი იყო,რომელთაგანაც ორი აიღო და თბილისში გადაიტანა,არა გასახდელი,არა საცხოვრებელი კორპუსი,არავითარი ნაგებობა,ტუალეტიც კი არ არის იქ.და ამას ეძახით საუკეთესო ბაზას?დღეისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზად იყო რუსთავის ანალოგიურად მოქცეულიყო,მაგრამ ბატონი ილია ამაზე არ დათანხმდა.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საფუძვლიანად მოკიდა ხელი ზესტაფონში ფეხბურთის განვითარების საქმეს.იქმნება ბავშვთა საფეხბურთო სკოლა,რომლის გაკეთებას რატომღაც თავი ვერ მოაბა ბატონმა ილიამ.ამ სკოლაში თავს მოიყრის ყველა ზესტაფონელი ლიცენზირებული მწვრთნელი,რომელებიც გაწვრთნიან 8-17 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასოდ.ამით იქმნება ქვაკუთხედი და საფუძველი ზესტაფონის (და არა ზესტაფონში) ფეხბურთის მომავლისათვის.თქვენ ეს ყველაფერი უნდა გაგეგოთ,უნდა შეხვედროდით მუნიციპალიტეტისა და საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობას,თუკი მართლა შეგტკიოდათ გული ზესტაფონის ფეხბურთზე.სასაუბრო კიდევ ძალიან ბევრია,მაგრამ ამ წერილში ამის დრო და ადგილი არ არის,ამიტომ თქვენ თუ მართლა გაინტერესებთ ყოველივე ეს,ჩამობრძანდით ზესტაფონში,გაარკვიეთ ყველაფერი და შემდეგ დაწერეთ წერილი ზესტაფონის ფეხბურთის ,,სიკვდილზე''.დასასრულს ა.წერეთლის უკვდავ სტრიქონებს მივუსადაგებ ზესტაფონის ფეხბურთის ,,სიკვდილზე'' მეოცნებეებს:
,,არ მომკვდარა,მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს,
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
უმალ მასვე დაამიწებს''.!!
ზესტა
14:42 23-07-2015
0

სიახლეები პოპულარული