ჩვენ ფაქტებს შემოგთავაზებთ; თქვენ კი განსაჯეთ, ვინ არის დამნაშავე

AutoSharing Option
ფოტოზე: ცუდი საცქერია, როცა ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ქომაგს ეკამათება, ამ დროს კი მეტოქე შეტევას ავითარებს
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ევროსეზონი სულ ახლახან დაიწყო, ქართველი გულშემატკივარი კი უკვე... ახალ სეზონს ელის. შემოდგომას ვინ ჩივის, ჩვენმა კლუბებმა აგვისტომდეც ვერ გაიხანგრძლივეს ევროპული ოდისეა. ეს უკვე ტრაგედიაა და სირაქლემის პოზაში ყოფნა არ გამოგვადგება.

ჩვენ შემოგთავაზებთ მხოლოდ ფაქტებს და თავად განსაჯეთ, ვინ არის დამნაშავე, ვინ მიიყვანა ქართული საკლუბო ფეხბურთი (უკეთესობა არც სანაკრებო ასპარეზზე გვაქვს) ასეთ მდგომარეობამდე...

წლევანდელი მონაგარი
თავი დავანებოთ ჩვენი გუნდების მიერ წლეულს ევროარენაზე ნაჩვენები
თამაშის ხარისხის ანალიზს და მხოლოდ ზოგადი სტატისტიკით შემოვიფარგლოთ. 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ვერცერთმა ქართულმა კლუბმა ვერ გადალახა პირველი ევრობარიერი.

წლეულს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ქართულმა კლუბებმა გამართეს 8 მატჩი. აქედან წააგეს 5, ფრედ ითამაშეს 1 და მოიგეს - 2. შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია.

აქვე ვთქვათ, რომ ჩვენს კლუბებში უმდაბლეს დონეზე დგას სათამაშო დისციპლინა. ამაზე მეტყველებს 5 წითელი და 24 ყვითელი ბარათი. ამის ასახსნელად, შესაძლოა, ერთი ფაქტორიც გამოდგეს - საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ლმობიერად მსაჯობენ.

ვისღა უნდა მოვუგოთ?
წლევანდელ ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეები იყვნენ "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ბოტოშანი" (რუმინეთი), "ომონია" (კვიპროსი) და "პარტიზანი" (სერბეთი). თუ არ ჩავთვლით "პარტიზანს" (ისიც ბალკანური საფეხბურთო სკოლის ხათრით), არცერთი მათგანი ევროპის საშუალო გუნდების მარაქასაც არ მიეკუთვნება.

აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ჩვენს გუნდებს ძლიერი მეტოქეები შეხვდათ და ამის გათვალისწინებით, კატეგორიულად არ უნდა მოგვეთხოვა მათთვის პირველი ეტაპის გავლა.

გამონაკლისი ისევ და ისევ "პარტიზანია", თუნდათ თავისი სტატუსით, ისტორიითა და დღევანდელი სათამაშო ფორმით, მაგრამ აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგა ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირია და როცა იქ თამაშობ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ სულ მცირე, ასეთი გაქანების მოწინააღმდეგე გეყოლება.

ისმის კითხვა: თუ არა ამათ, მაშ, ვისღა უნდა მოვუგოთ?

უკან მივდივართ
იმის მაგივრად, რომ ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებდეს, სულ უკან და უკან მივდივართ. რამდენიმე წლის წინათ სხვანაირი სურათი გვქონდა და, რაღა დავმალოთ, პროგრესისთვის ნიადაგი შემზადებული გვეგონა.

ავიღოთ 2011-12 წლების სეზონი, როცა "დინამოსა" და "ზესტაფონს" ერთი ნაბიჯი დააკლდათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე. შეიქმნა განცდა, რომ ეს ნაბიჯი სულ მალე გადაიდგმებოდა...

მერე იყო გორის "დილას" ჩაუქობა და საჩხერის "ჩიხურას" გმირული მატჩები ევროპალიგაზე.

სამწუხაროდ, წლევანდელ სეზონში მსგავსი არაფერი ყოფილა და დასრულებული ევროსეზონი მხოლოდ უარყოფითი კუთხით დაგვამახსოვრდება.

ფაქტია, ამ უკუსვლას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენი ვალი სხვა არაფერია, თუ არა მათზე პირუთვნელად წერა.

ჩემპიონატი
რატომ ვიხევთ უკან და ვთმობთ პოზიციებს? ამას შეიძლება ერთბაშად რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ვეცდებით, უმთავრესი გამოვარჩიოთ. მივყვეთ თანმიმდევრობით.

საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო დონის განმსაზღვრელი ერთადერთი ასპარეზი არის ევროთასები. ნაადრევად დასრულებულმა ევროსეზონმა გვიჩვენა, რომ 16-გუნდიანი პირველობა არაფრად ვარგა. ის ხელს კი არ უწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას, არამედ აკნინებს მას.

მართლაც, როცა გაჭირვებით ვატარებდით 12-გუნდიან ჩემპიონატს, სად გვქონდა რესურსი 16-გუნდიანი პირველობის ჩასატარებლად? ამაზე ვინმე დაფიქრდა? ან მზად იყო ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ახალი გამოწვევისთვის?

პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია.

ბიუჯეტი
დღევანდელ ფეხბურთში ბიუჯეტი ძალიან ბევრს განსაზღვრავს. ამ მხრივ კი მართლაც ძალიან ჩამოვრჩით. თავი რომ დავანებოთ აზერბაიჯანულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა კლუბებს, გაგვისწრეს ალბანელებმა, მალტელებმა...

როცა მთელი ქართული საკლუბო ფეხბურთი დამოკიდებულია გამგებლის, გუბერნატორისა თუ საკრებულოს წევრების კეთილ ნებაზე, უკეთესს არც უნდა ელოდო.

ის კი არა, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დღევანდელი მოქმედებით, როცა სახელმწიფო ყოველგვარი პროგრამის გარეშე აფინანსებს კლუბებს, ეს მილიონები წყალში იყრება და არა ქართული ფეხბურთის განვითარებას, არამედ მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაიონში ასამდე კაცი (ლაპარაკია წარმოუდგენლად გაბერილ საკლუბო შტატზე, რასაც ცალკე კვლევა სჭირდება) დასაქმებული იყოს.

ამა თუ იმ კლუბის მთავარი პრინციპი ის კი არ უნდა იყოს, როგორმე 6 თვით გაიტანოს თავი, არამედ ის, რომ განვითარებაზე იზრუნოს. ამას კი, ერთი-ორი ქართული კლუბის გარდა, არავინ აკეთებს.

ერთადერთი გამოსავალი
შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის ზრდაა. თუმცა რა ზრდა - კერძო ინვესტიცია დღეს ერთადერთ კლუბში, თბილისის "დინამოში" იდება. მართლაც და, აფერუმ რომან ფიფიას, შექმნილ სიტუაციაში ფარ-ხმალს რომ არ ყრის.

არც ერთი პარამეტრითა თუ მახასიათებლით ქართული ფეხბურთი დღეს მომგებიანი არ არის. თუ სახელმწიფომ არ შეუქმნა პირობები ბიზნესმენებს, ასევე გაგრძელდება მომავალშიც.

რამდენიმე ინვესტორმა მკვეთრად შეამცირა კლუბების დაფინანსება. სწორედ ამიტომ არიან დღეს პირველ ლიგაში "ვიტ ჯორჯია" და "გაგრა".

ქართულ ფეხბურთს გაეცალა ილია კოკაია. კოკაიამ ზესტაფონში შექმნა სტადიონი და ბაზა, გააკეთა გუნდი, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა ევროპაში, თუმცა ახლა ის გვერდზეა გამდგარი და პროცესებს შორიდან აკვირდება. ამბობენ, კოკაიას რთული ხასიათი აქვსო და იქნებ ეს ასეცაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა იმისთვის, რომ კაცი, რომელმაც 12 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" ისე, რომ მოგება არ უნახავს, ქართული ფეხბურთისკენ მობრუნებულიყო?

არადა, გვინდა თუ არა, კერძო ინვესტორის, ასეთი ხალხის შემობრუნება ერთადერთი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში...

ახლა საქმე ასეა - საქართველოში უფეხბურთოდ დარჩენილ ქალაქთა რიგს ზესტაფონიც მიემატა. რა იოლად იწერება და რა რთულად გადასატანი იქნება ეს ქართული ფეხბურთისთვის...

ვინც უნდა იყოს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი, უნდა იცოდეს - ამ ხალხთან ჯიბრში დგომა არ შეიძლება. არ შეიძლება, რადგან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლუბები ერთი დღით ცხოვრობენ. კერძო ინვესტორი კი ქართულ ფეხბურთში თავის ფულს ხარჯავს და "ხვალეშიც" იყურება. ეს "ხვალე" კი ისევ ფედერაციის წისქვილზე ასხამს წყალს.

უარი ექვს თვეს
ქართული კლუბების უმრავლესობა ექვსი თვით კეთდება. მერე ძველები მიდიან და ახლები მოდიან (კიდევ კარგი, მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტები ვალდებულება გახდა). გადის კიდევ 6 თვე და კარუსელი თავიდან იწყებს ტრიალს (ეს კარუსელი ახლა წელიწადში ერთხელ თუ იტრიალებს, ვერც ეს იქნება დიდი შეღავათი).

ერთადერთი გუნდი, რომელმაც, ასე თუ ისე, შეთამაშებული შემადგენლობა გაიყვანა ევროთასებზე, ბათუმის "დინამო" იყო.

არსად და არასდროს მიუღწევია ვინმეს წარმატებისთვის ორი დღის შეკრებილი ფეხბურთელებით, რადგან ფეხბურთში გამარჯვებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, სტაბილურობა და შემადგენლობის შეთამაშებაც განაპირობებს, ამას კი დრო სჭირდება.

გავწეროთ და შევასრულოთ სამ-ოთხწლიანი პროგრამა. თუ არ გვაქვს ამის თავი და შესაძლებლობა, მაშინ რა გვინდა საერთოდ? უკეთესია, ასეთმა კლუბებმა არც იარსებონ, რადგან ისინი იმთავითვე განწირულნი არიან წარუმატებლობისთვის.

როგორ დავუბრუნოთ ხალხი სტადიონს?
კითხვა, რომელიც ერთ-ერთი საჭირბოროტოა დღეს. ფეხბურთს მაყურებლისთვის თამაშობენ, ქართულ სტადიონებზე კი მაყურებელი არ არის.

ნიშანდობლივი ფაქტი მოხდა "დილა"-"პარტიზანის" მატჩის მსვლელობის დროს. რა თქმა უნდა, ეს აღარ უნდა განმეორდეს. ცუდი საცქერია, როცა ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ქომაგს ეკამათება, ამ დროს კი მოწინააღმდეგე შეტევას ავითარებს.

ეს გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელიც ადამიანია. მასაც აქვს საკუთარი თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა...

ფაქტი ერთია: ხალხი დაიღალა ამდენი წაგებით. მას მოენატრა გამარჯვება და ის ღირსია, რომ იხილოს მონატრებული წარმატება. ხალხის სტადიონზე დაბრუნებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ფეხბურთელსა და მაყურებელს შორის ჩატეხილი ხიდი აღდგება.

ქომაგმა უნდა ნახოს, რომ ფეხბურთელსა თუ კლუბის ხელმძღვანელს არანაკლებ სტკივა მარცხი, ვიდრე მას. არადა, არცთუ იშვიათია ასეთი სურათი - გულდასაწყვეტი მარცხიდან სულ ცოტა დროა გასული და ამ დროს ფეხბურთელი სოციალური ქსელით სალაღობო ფოტოებს აქვეყნებს.

არ მოვსწრებივარ, მაგრამ გამიგონია და ჩვენს ლეგენდებს ჩემთვის პირადადაც უთქვამთ - რომ წავაგებდით, რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში ვეღარ გამოვდიოდით, ისე გვრცხვენოდაო. პარალელის გავლება თქვენთვის მოგვინდვია...

ყველამ ერთმანეთის უნდა დავიჯეროთ!
დღეს ქართულ ფეხბურთში უმწვავესი კრიზისია. ხალხს ხელმძღვანელობის, ფეხბურთელისა და, ასე განსაჯეთ, არცთუ იშვიათად, აღარც ჟურნალისტის სჯერა. ქომაგი გაღიზიანებულია და ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამს. დაცემულია ფეხბურთის ფედერაციის ავტორიტეტი და, რაც მთავარია, ფეხბურთელის პროფესია ძველებურად პრესტიჟულად აღარ ითვლება.

ნებისმიერ ფასად უნდა შევცვალოთ ეს სიტუაცია, თორემ ფეხბურთი დაგვეკარგება, ფეხბურთი - ერთ დროს ჩვენი არსობისა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ზესტაფანს. მე ვისაც მივმართე,ის გაიგებდა და შენ თუ ვერ გაიგე,რაღას ეჩრები.კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა.
გიგა
22:41 25-07-2015
0
ვის რა უნდა მოთხოვო საერთოდ, ამაზრზენია ეს ყველაფერი, 1) ელემენტარულ ორგანიზებას ვერ აკეთებენ, მოედანზე განათება არ აქვთ, და ფეხბურთელებს შუა დგის 40 გრადუს სიცხეში ათამაშებენ ყველა რო ჩრდილს ეძებს, როცა გოლი გვაქვს გასატანი და ტემპია საჭირო 2) გულშემატკივრის თემა ცალკე, ბათუმში ვარ და ტელევიზორით ვუყურებდი, ტრიბუნები სავსე იყო, და გეგონება რომელიმე სპექტაკლს უყურებდენ, 10 კაცი სერბი გულშემატკივრის ხმა ისმოდა მარტო. მოედნის პრობლემები, ინფრასტრუკტურა, ნორმალური ხელფასები და კონკურენცია თუ არ იქნება მალე სამოყვარულო დონეზეც ვეღარ ვითამაშებთ ფეხბურთს სამწუხაროდ
magari texavs ai dzaalian
20:43 25-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული