მოგეხენებათ, იაფი და ხარისხიანი ერთად ლამის შეუთავსებელი ცნებებია. მაგრამ ათასში ერთხელ გამონაკლისებიც არსებობს და დღეს ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით...
დიდი დროც არაა გასული, "ლელო" სტადიონების მშენებარე კომპანიაზე რომ წერდა. ლანჩხუთის "გურია" არენის რეკონსტრუქციის დასრულებას ბელგიური კომპანიის "ევროპიან ქონექშენის" დახმარებით წარმოუდგენლად დაბალ ფასად გეგმავდა.
მართალია, მაშინ საამისო ფული ვერ მოიძებნა და "ევგრაფი შევარდნაძეს" რეკონსტრუქცია ჯერაც გეგმაშია, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომპანია არენის რეაბილიტაციასა და აშენებას ქართველებს დაბალ ფასში სთავაზობდა, თანაც ისე, რომ უეფას სტანდარტებს
"ევროპიან ქონექშენის" სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი ქართველია - ნიკოლოზ გაბრიჭიძე, რომელიც ამბობდა, რომ კომპანია "ევროპიან ქონექშენ" დაკავებულია დიზაინით, მშენებლობითა და ვებარქიტექტურით. ბელგიაში კი იმიტომ დაფუძნდნენ, რომ ევროკავშირის ცენტრია და სამშენებლო კომპანიებისთვის ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაა.
მათ რამდენიმე სტადიონი ააშენეს, ძირითადად - ჰოლანდიისა და ბელგიის პირველი ლიგის გუნდებისთვის.
ევროპაში დაფუძნებული გაბრიჭიძე საქართველოში ამ თემით იმიტომ დაინტერესდა, რომ ჩვენთან ახლა მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა და მიაჩნია, რომ მისი კომპანიის შემოთავაზება ზედგამოჭრილი იქნებოდა ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფოს, ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნიათ.
მოკლედ შეგახსენებთ, რომ სტადიონის ძალიან იაფად აშენება რეალურია და ამის კონკრეტული მაგალითებიც არის: მაგალითად, გაბრიჭიძის თქმით, მოედნის საფარის გარეშე 5-ათასიან სტადიონს 500-600 ათას ევროზე მეტი არ დასჭირდებოდა, 3-ათასიან ტრიბუნას - 300 ათასი. მაგრამ 5-ათასიანი სტადიონის აშენება ფუჭი საქმე იქნებოდა, რადგან უეფას სტანდარტით, ლიცენზირებული სტადიონის ტრიბუნების მინიმალური ტევადობა 8 ათასია.
"700-750 ათას ევროდ შესაძლებელია 7-8-ათასიანი ლიცენზირებული, სტანდარტული სტადიონის აშენება, სადაც ტრიბუნების 10 პროცენტი გადაიხურება და უეფას მატჩების გამართვა ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.
მესმის, ისეთ ფასს ვასახელებ, კითხვა იბადება ხარისხზე - მაგრამ ამ ტექნოლოგიით აშენებული არენები უეფას სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, კონსტრუქციები გამძლეცაა და უსაფრთხოც.
ჩვენი სამშენებლო მასალის ძირითადი მომმარაგებელია კომპანია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ იაფფასიან მასალებს გვაწვდის. ჩვენი პროექტის დაბალი ფასი გამოწვეულია არა დაბალი ხარისხის მასალებით, არამედ, კონსტრუქციის სიმარტივით და ეკონომიური მასალის გამოყენებით.
არ არის საჭირო "რასტვორის" გაზავება, ბეტონის ადგილზე მიტანა და სხვა ტრადიციული სამშენებლო სამუშაოები. ჩამოვიტანთ შეფუთულ, მსუბუქ მასალას და სტადიონს ისე ავაწყობთ, როგორც ბავშვები - "კონსტრუქტორს".
შეკვეთას თუ მივიღებთ, კონტრაქტში ჩავწერთ გარანტიას, რომ ჩვენი აშენებული სტადიონი უეფასგან ლიცენზიას მიიღებს და ევროტურნირების მატჩებს უმასპინძლებს", - ეს გაბრიჭიძის სიტყვებია.
ახლა დეტალებზე: "ევრო ქონექშენ" უზრუნველყოფს, რომ სტადიონი აკმაყოფილებდეს უეფას ყველა სტანდარტს (კატეგორია 4).
დაახლოებით 750.000 ევროდ შესაძლებელია აშენდეს სტადიონი რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
* დასაჯდომი ადგილი 8000-10000 მაყურებელისთვის, შესაბამისი რაოდენობა VIP BOX-ით და 500 VIP-ადგილით;
* 2 სატელევიზიო სტუდია, ერთი - მოედანზე ხედით; 3 კომენტატორის ბოქსი, პრესცენტრი და მედია სივრცე 100 კვ.მ; 10% ტრიბუნებისა - გადახურული;
* გასახდელები ორი გუნდისთვის, შხაპით - თითოეული 25 კაცზე გათვლილი;
* მსაჯების ოთახი, შხაპით და ტუალეტით; მსაჯებისა და მოთამაშეების იზოლირებული, უსაფრთხო დერეფანი;
* მედპერსონალის ოთახი;
* დელეგატების ოთახი, სადაც ტელეკომუნიკაციების მიყვანა იქნება საჭირო;
* საწყობი სივრცე სხვადასხვა ინვენტარის შესანახად, ერთი საფეხბურთო კარების ჩათვლით;
* დოპინგ-კონტროლის ოთახი (20 კვ.მ), ახლოს გასახდელებთან, ტუალეტით და შხაპით;
* შემოღობილი პარკინგი გუნდებისა და დელეგატებისთვის, სადაც ორი ავტობუსი და რვა მანქანა დაეტევა; VIP-პარკინგი;
* ყველა ტრიბუნასთან კვების ობიექტები, ადგილზე მიყვანილი წყლითა და კანალიზაციით; ტუალეტების საკმარისი რაოდენობა სტადიონის მთელ პერიმეტრზე; პანდუსები და ტუალეტები ინვალიდებისთვის;
* იზოლირებული სექტორი სტუმარი გუნდების გულშემატკივრებისთვის (საერთო ტევადობის 5%) და ასე შემდეგ.
რეკონსტრუქციისას შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება, რაც ფასების დაკლებას იწვევს.
ამ ტექნოლოგით ბევრი ცნობილი სტადიონი აშენდა - "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "გრონინგენის" "ევრობორგი", როტერდამის "სპარტას", "როდას", "როზენდაალის", "ბრედას", აგრეთვე, ჰოლანდიისა და ბელგიის დაბალი ლიგების გუნდებისთვის.
ანუ განვითარებულ ქვეყნებშიც მას სანდო ტექნოლოგიად თვლიან. ამას გარდა, იაფია და, ერთი შეხედვით, საქართველოში ამ კომპანიას დიდი შეკვეთები უნდა მიეღო.
წესით, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას თუ დაამტკიცებენ, მასშტაბური პროექტების ნუსხაში პრიორიტეტი სტადიონების რეაბილიტაცია იქნება. ცხადია, ევროდონეზე სტადიონის 750 ათას ევროდ აშენება მიმზიდველი წინადადებაა.
ვფიქრობთ, სახელმწიფო სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით უნდა დაინტერესდეს, რადგან ფეხბურთის მომავალი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ეკონომიკურ და ეფექტურ ხარჯვაზეც იქნება დამოკიდებული. "ევრო ქონექშენმა" თანამშრომლობა რამდენიმე კლუბსა და მუნიციპალიტეტს შესთავაზეს კიდეც. მაგრამ დღემდე ერთი სტადიონიც ვერ ააშენეს.
თუ რატომ, ეს გაბრიჭიძისთვის გამოცანად რჩება:
"ქართული მედიიდან ვიგებ, რომ საქართველოში სტადიონების ნაწილობრივ მოწესრიგებაში 1-2 მილიონს ხარჯავენ, და ეს მაშინ, როცა სრული რეკონსტრუქციაა შესაძლებელი.
ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. ამიტომ ვამბობ, ერთი სტადიონის აშენების საშუალება მოგვცენ და მერე შეგვაფასონ. იქნებ, ქვეყანამ ამით მართლაც დიდი ეკონომია მიიღოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რამდეჯერაც მეტია თანხა საჭირო მინიმალურზე, იმდენჯერ მეტის ჩადებაა შესაძლებელი, (რათქმა უნდა ჯიბეში)!