"დინამო არენა" ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობისთვის მზადაა!

AutoSharing Option
"დინამო არენაზე" ევროპის სუპერთასისთვის მზადება დასრულებულია. ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (ტგფ) ორგანიზებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს მთავარი სტადიონი "ბარსელონა"-"სევილიის" შეხვედრის მასპინძლობისთვის სრულ მზაყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს მატჩისთვის "დინამო არენის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარით დაფინანსდა. ტგფ-ის მიერ შემუშავებული პროექტით, სტადიონზე დამონტაჟდა ტურნიკეტები და ახალი ტაბლო, სრულად შეიცვალა განათებისა და გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები, ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.

კეთილმოეწყო მატჩზე მოვლენილ უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა ფეხბურთელთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და ეგრეთ წოდებული სქაი-ბოქსები (სულ 52).

სტადიონის VIP-განყოფილებაში დამონტაჟდა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი. სხვათა შორის, როგორც ტგფ-ში აცხადებენ, ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სტადიონი ისეა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მას რეგიონში ანალოგი არ გააჩნია.

მწერალი ჟურნალისტებისთვის მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი მედიაზონა და, სხვა სიკეთესთან ერთად, გადაიხურა კიდეც. რაც შეეხებათ ტელე და რადიოკომენტატორებს, მათთვის მეორე იარუსზე განთავსდა 80 მაგიდა.

საეროდ კი, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ "დინამო არენა" ახლა ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე რეკონსტრუქციის დაწყებამდე.

განახლებული "დინამო არენა" მოინახულეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილე გიორგი სოლომონიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესა და ტგფ-ის უფროს კახა გვანცელაძესთან ერთად. მათ ახლდნენ თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯღარკავა.

ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ განახლებული "დინამო არენა" ჩვენი ნაკრებებისა და კლუბებისთვისაც იღბლიანი იქნება. ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ ოცნებას წინ რა უდგას?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც არ უნდა ვთქვათ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია მსოფლიოში და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ განვავითაროთ ეს სპორტის სახეობა.სტადიონის ამ დონეზე განახლება წინგადადგმული ნაბიჯია და ეს სუპერ თასიც პრესტიჟისთვის ძალიან კარგია.ეხლა აუცილებელია რომ სუპერ თასის ფინალის შემდეგ მაგ სტადიონზე დაიგეგმოს რაიმე ვარსკვლსვური შეხვედრა ვინმეს გაცილება ან ვინმე კაი გუნდის შეხვედრა დინამოსთან რომ ხალხი მივიდეს სტადიონზე.გაუკეთდეს რეკლამა ჩემპიონატს.იყოს რამე დამატებითი ღონისძიებები რო ხალხმა იაროს თამაშებზე .უნდა ჩამოვიყვანოთ ვინმე ცნობილი ფეხბურთელი დინამოში და ესე ნელნელა ხალხი დაუბრუნდება სტადიონს.დააფინანსონ ფანკლუბები და რამე ინტრიგა შესძინონ თამაშებს.უნდა გამოასწორონ ტელეტრანსლიაციების ხარისხი თორე სულ რომ იფრინონ ბიჭებმა მაინც ცუდად ჩანს ტელევიზორში.ეს ყველაფერი გასაკეთებელია აღარ ვლაპარაკობ ბავშვთა ფეხბურთზე ეგ ისედაც ნათელია!
zviadi
14:33 07-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული