სუპერთასი და უეფას მკაცრი წესები: როგორ უნდა მოვიქცეთ "დინამო არენაზე"

AutoSharing Option
დღეს, 11 აგვისტოს, თბილისში დიდი ფეხბურთია - ევროპის სუპერთასში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" შეეცილებიან. დამშვენებული "დინამო არენა", რომელსაც ბევრი დიდი მატჩი ახსოვს, ასეთი მნიშვნელობისა და რანგის მატჩს პირველად მასპინძლობს.

გასაკვირი არ არის, რომ ბევრ გულშემატკივარს ჰგონია, ლიონელ მესისა და სხვა ვარსკვლავებთან მიახლოების მცდელობა ადვილი იქნება. მათდა სამწუხაროდ, უეფა ამ ღონისძიებას უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვით ატარებს...

"სევილია" საქართველოს დედაქალაქში გუშინწინ, გვიან ღამით ჩამოფრინდა. "ბარსელონას" დელეგაცია კი თბილისს გუშინ, ნაშუადღევს ეწვია. აეროპორტიდან კატალონიელთა დელეგაციამ პირდაპირ "თბილისი მარიოტისკენ" აიღო გეზი.

სასტუმროსთან გუნდს "ბარსელონას"
აქაური გულშემატკივრები დროშებითა და შეძახილებით, ავტოგრაფებისა და სელფებისთვის მომზადებულები დახვდნენ, მაგრამ... იმედგაცრუებულები დარჩნენ - ფეხბურთელები სასტუმროში ისე შევიდნენ, უსაფრთხოების სამსახურს მათთან მიახლოების საშუალება არავისთვის მიუცია...


იკრძალება!..
უეფას გააჩნია რეგულაციები, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა. დღევანდელ შეხვედრაში კი მკაცრი წესები იმოქმედებს: მაგალითად, სტადიონზე შესვლა მხოლოდ ბილეთზე მითითებულ საათებში იქნება შესაძლებელი.

ფეხბურთის ფედერაციამ ამ ნორმების ნუსხა გამოაქვეყნა.

* სტადიონზე შესვლისას, გულშემატკივრებს, შესაძლოა, მოსთხოვონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პასპორტი ან პირადობის ბარათი). სტადიონიდან გასული ბილეთების მფლობელები არენაზე აღარ დაიშვებიან;

* დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, თამაშზე დასწრების დროს, თუ მაყურებელს მატჩის ორგანიზატორთა წარმომადგენელი ნებისმიერი პირი (სტიუარდი, დაცვის პერსონალი და ა.შ.) მოსთხოვს ბილეთს, ვალდებულებაა წარმოადგინოს ბილეთი სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პასპორტი ან პირადობის ბარათი);

* დაცვის პერსონალი, სტიუარდები ან პოლიცია, უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და ნივთები, ტრიბუნაზე რომ არ მოხვდეს საშიში, აკრძალული ან არანებადართული საგანი, რაც ბილეთზეც იქნება გამოსახული. ესენია ნებისმიერი სახის ცივი იარაღი, შუშის და თუნუქის ჭურჭელი (ბოთლი, ქილა და ა.შ.), ზომაზე დიდი (2მX1.5მ) ბანერები და დროშები; მეგაფონი ან გაზის საყვირები; პიროტექნიკა და სხვა სახის აალებადი საშუალებები; ლაზერული სანათები და ნებისმიერი საგანი, რომელიც მაყურებლის და ღონისძიების მონაწილეთათვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს;

* სტადიონის შიგნით მკაცრად იკრძალება საზოგადოებისთვის დახურული ან ბილეთის სხვა კატეგორიის ადგილების დაკავება და ამ ადგილებზე შესვლა/შეღწევა. ასევე, არ შეიძლება შეზღუდვა ან უსაქმოდ დგომა მაყურებლის ზონებში, საავარიო გამოსასვლელების ბილიკებზე და გზებზე, შესასვლელ-გამოსასვლელებში და საქციელი, რომელმაც, შესაძლოა, ვინმეს საფრთხე შეუქმნას. რაც შეეხება ხალხის გასასვლელ ზონებში შეჯგუფებას, ამაზე მინიმუმ სასტიკ შენიშვნას დაიმსახურებთ;

* კატეგორიულად არ შეიძლება სკამზე დგომა და, რაც მთავარია, პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან სხვა სახის განცხადებებისა თუ შეურაცხმყოფელი ატრიბუტიკის გამოყენება, მოედანზე ან სარბენ ბილიკებზე შესვლა (და ძველი გამოცდილებიდან, ვინმეს ფეხებზე მთხვევა, მოფერება და ასე შემდეგ);

რაც შეეხება ჩვენებური მცირე ბიზნესის შეზღუდვებს. სტადიონის ტერიტორიაზე ყველა სახის პროდუქციის შეტანა უეფასთანაა შეთანხმებული. ასე რომ, ქართული წარმოების მზესუმზირის, ნაყინისა თუ მინერალური წყლის გაყიდვა აკრძალულია.

მატჩის ტელერეპორტაჟი უეფას ექსკლუზივია და ყველა სახის არასანქცირებული ტელე და რადიომაუწყებლობა იკრძალება. თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრა და სტადიონზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, ამაზე უმალ კარისკენ მიუთითებენ.

რაც შეეხება მინდორზე ან სარბენ ბილიკებზე რაიმე ნივთის სროლას, გარწმუნებთ, არც ამის გამო გადაგისვამენ თავზე ხელს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - ამ მოთხოვნების დამრღვევს "პირად საქმეში სასტიკ საყვედურს" არ აკმარებენ, უბრალოდ, დააკავებენ და... მაგალითად, ზიანის ანაზღაურებას დააკისრებენ. ალბათ, ხვდებით, რომ ეს 100 ან 200 ლარი კი არ იქნება, არამედ ძალიან, ძალიან ბევრი ევრო. ჰოდა, დაფიქრდით - გიღირთ?

იკეტება!..
ახლა მატჩთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე გიამბობთ. ვინც ბილეთს ვერ აიღებს და სახლში ვერ გაჩერდება, სუპერთასის მატჩის ნახვა ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება.

გარდა ამისა, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე 18 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ანუ ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე; თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთიდან აღმაშენებელ-ცაბაძის კვეთამდე; დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; აბასთუმნის ქუჩაზე. შედეგად, "დინამო არენის" მიმდებარე ქუჩები სრულად დაიკეტება.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირის სხვა მონაკვეთებსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

სამაგიეროდ, თბილისის მეტროპოლიტენი 11 აგვისტოს გვიან ღამემდე (03:00-ის ჩათვლით) იმუშავებს.

მატჩს 120-მდე მოხალისე მოემსახურება. მათი ნაწილი ახლახან თბილისში ჩატარებულ ოლიმპიურ ფესტივალზეც იყო დასაქმებული და, ცხადია, გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში ისინი ფედერაციის სპეციალისტთა ინსტრუქტაჟს ისმენდნენ და სრულ მზადყოფნაში არიან.

მოხალისეები იქნებიან აეროპორტში, სასტუმროებში, ტრანსპორტში, მედიასივრცეში, VIP-ლოჟებსა და სტადიონის შიდა პერიმეტრზე. კარგად რომ იმუშაონ, 6 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, ისინი თბილისის მასშტაბით მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსებითა და მეტროპოლიტენით უფასოდ იმგზავრებენ.

"დინამო არენა" მზადაა
ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა (ტგფ) "დინამო არენის" რეკონსტრუქცია დაასრულა. 11 აგვისტოს მატჩისთვის, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარით დაფინანსდა და გასაკვირი არ არის, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტადიონი ბოლო ათ დღეში ორჯერ მოინახულა.

ტგფ-ს შემუშავებული პროექტებით, სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ უეფას მოთხოვნით, პირველი იარუსის საწყისი რიგები აიღეს. საქმე ისაა, რომ იქ უეფას, მისი სპონსორებისა და პარტნიორების სარეკლამო დაფები განთავსდება და თამაშის ხილვა შეუძლებელი იქნებოდა.

ამითაა გამოწვეული, რომ ტევადობა ცოტათი კიდევ შემცირდა. მწერალი ჟურნალისტებისთვის, ჩვეულ ადგილზე, 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედიაზონა მოეწყო, ხოლო ტელე და რადიოკომენტატორებისთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.

თბილისის მერი ამბობს, რომ კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების შემდეგ სტადიონი სრულად განახლდა.

"იანვრიდან სტადიონზე ჩატარდა კონსტრუქციული მდგრადობის სამუშაოები. მთლიანად გამოიცვალა და გაკეთდა ახალი განათებისა და გახმოვანების სისტემები, უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვა IT- სისტემა, ინტერნეტის თანამედროვე ხარისხით მუშაობა რომ იყოს შესაძლებელი.

ახლა სტადიონი ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც. სტუმრებისთვის ცალკეა მისაღები ზონა, გაკეთდა მედიის თანამედროვე ლოჟა, სტადიონის ფასადი ძალიან გალამაზდა და კარგად ჯდება უბნის განაშენიანების ნაწილში. აქედან გამომდინარე, დღეს "დინამო არენა" უეფას მოთხოვნებს მთლიანად პასუხობს.

მიხარია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველებმა ყველაფერი დადებითად შეაფასეს, რადგან სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა. მომავალში ამ სტადიონზე ძალიან ბევრი თამაშის მასპინძლობას შევძლებთ.

მიხარია, რომ სწორედ ჩვენი მმართველობის პერიოდში მოვახერხეთ საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციის დაბანდება და აბსოლუტურად განახლებულმა სტადიონმა ისტორიული ღირებულებაც შეინარჩუნა", - ამბობს თბილისის მერი.

დროული პასი საქართველოს!
გუშინ თბილისში ჩამოსული უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და სტუმრების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამიც გამართა. პრემიერმა პლატინის ამ სიტყვებით მიმართა.

"უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია და ძალიან კარგად იცის, როდის უნდა გააკეთოს სწორი გადაცემა. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ.

დარწმუნებული ვარ, "ბარსელონასა" და "სევილიის" ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის ნახვის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს.

მეამაყება, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება. სუპერთასის მატჩის მასპინძლობით თბილისი მთელ კონტინენტს ერთობის ძლიერ მესიჯს უგზავნის".

უეფას პრეზიდენტმა სუპერთასის მატჩის ორგანიზებაზე გაწეული ძალისხმევისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სტადიონის სრულ მზადყოფნას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ღონისძიებას ეს ერისიონი და დიმპიტაური რატომ უნდა ხსნიდეს???
givi
17:16 11-08-2015
0
ვის ადარდებს წესები ვინ წაიკითხავს და შეასრულებს მაგას?
eeee
11:33 11-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული