საპრეზიდენტო რბოლა: ჟორდანია ლანჩხუთში, არველაძე ვეტერანებთან...

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების ნაწილი უკვე ამუშავდა, ნაწილიც ჯერ ფიქრობს, რა გზას დაადგეს.

მაგალითად, რევაზ არველაძე ყველა ფრონტზე მოქმედებს და ცდილობს, ამომრჩევლები და გულშემატკივრები დაარწმუნოს, რომ მისი კანდიდატურა უალტერნატივოა.

როგორც ჩანს, ფედერაციის მოქმედმა გენმდივანმა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ამაში უკვე დაარწმუნა. თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნუკრი კაკილაშვილმა გაგვიმხილა, რომ საარჩევნოდ არველაძის კანდიდატურას სწორედ ეს ორგანიზაცია წამოაყენებს. ეს ამბავი ხუთშაბათს, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში დაიგეგმა.

"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთსულოვნად უნდა ვიმოქმედოთ.
ყველა კანდიდატისადმი ჩვენი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, საერთო აზრი გახლდათ, რომ სწორედ არველაძეს უნდა მივცეთ ჩვენთვის განკუთვნილი ხმა. 11 საათზე შევიკრიბებით და გადაწყვეტილებას "დინამო არენაზე" გამოვაცხადებთ", - ამბობს კაკილაშვილი.

ზოგადად, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის მიერ წარდგენილი კანდიდატურა არჩევნებს რომ იგებს, არახალია. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელს მოხდა, როცა ამ ორგანიზაციამ ჯერ მერაბ ჟორდანიას დაუჭირა მხარი, შემდეგ - რევაზ არველაძეს, მაგრამ საპრეზიდენტო რბოლას ორივე რომ ჩამოაშორეს, მერე უკვე ნოდარ ახალკაცი-უმცროსის მხარე დაიჭირა...

გააქტიურდა ჟორდანიაც, რომელიც 18 აგვისტოს ლანჩხუთს ესტუმრა და გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს ელაპარაკა. ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი ლანჩხუთელია და სწორედ ამიტომაც იმედოვნებს, რომ მას გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია წარადგენს. ამის სურვილი ლანჩხუთის "გურიას" ჰქონდა, მაგრამ ბედის ირონიით, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ კლუბს ყრილობაზე საარჩევნო ხმა არ გააჩნია...

ერთ-ერთ კანდიდატად მოაზრებული ლევან ყიფიანი კი ჯერ კომენტარს ერიდება. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გვითხრა, უცხოეთში მყოფი მიხეილ ყაველაშვილის ჩამოსვლას ელოდება და საზოგადოება მისი გუნდის სამოქმედო გეგმას ამის შემდეგ შეიტყობს. თავად ყაველაშვილს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ლევან კობიაშვილმა საარჩევნო განაცხადი გააკეთა და თავის გუნდთან ერთად გააქტიურებისთვის ემზადება. ის ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს და მხარდამჭერებს იკრებს. თუმცა კანდიდატი, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გულშემატკივრებში აქვს, ირიბი კრიტიკის სამიზნე გახდა.

ხალხში გავრცელებული მოსაზრებით, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეგობარ კობიაშვილს სამთავრობო მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამ ხმების გამო იყო, გუშინ ვერის ბაღში შეხვედრა რომ გაიმართა. იქ ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა გავლენიანი კლუბის, "ვერისბაღელების" წევრები შეიკრიბდნენ და სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები სამართლიანად და ზეწოლის გარეშე ჩატარდეს, რათა მომავალი პრეზიდენტი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით აირჩიონ.

"ვერისბაღელების" სურვილია, რომ არჩევნებს მათი ერთი წარმომადგენელი მაინც დაესწროს.

"ბოლო 25 წელიწადში ქართული ფეხბურთი არათუ წინ არ წასულა, მეტიც - ამ ხნის განმავლობაში დიდი სირცხვილი ვჭამეთ. ამიტომ გვსურს, რომ ფეხბურთში იმ ხალხის ჩარევა გამოირიცხოს, რომლებიც სტადიონს ახლოს არ გაჰკარებიან.

ჩვენ გვერდში იმ კანდიდატურას დავუდგებით, რომელიც ქართულ ფეხბურთს კი არ დაანგრევს, არამედ ააშენებს. "ვერისბაღელებმა" ფეხბურთის განვითარების პროგრამა 1990 წელს დავწერეთ და მისი პუნქტები დღესაც აქტუალურია. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, რომ პრეზიდენტის არჩევისას გულშემატკივრის აზრით დაინტერესდნენ? ჩვენთან უბრალო გულშემატკივრები კი არ არიან, მეცნიერები, პროფესორები, უგანათლებულესი და დიდი გამოცდილების მქონე ხალხია, ვისაც ჭკუას უნდა ეკითხებოდნენ", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

აქვე ერთი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ჟორდანიას მონაწილეობა ხმებს არველაძეს წაართმევს.

საქმე ისაა, რომ არველაძე რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებს ეყრდნობა. მათი უმრავლესობა კი ჟორდანიას დროს დაწინაურდა და სფფ-ის ყოფილ პრეზიდენტს, როგორც ამბობენ, მათი იმედი აქვს. მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ იმუშავებს ეს ფაქტორი დღეს, როცა საქართველოს საფეხბურთო რუკაზე სულ სხვა განლაგებაა, ვიდრე 2005 წელს იყო.

საერთოდ, სურვილი ერთია, რეალობა კი - მეორე და, შესაძლოა, დასახელებული კანდიდატებიდან ყრილობამდე რომელიმემ ვერც მიაღწიოს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 სექტემბერია და ის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტმა უნდა წამოაყენოს.

ადრე ყოფილა შემთხვევა, პრეზიდენტობის მსურველისთვის ყველა სუბიექტს რომ უარი უთქვამს. ასე რომ, გამორიცხული არაფერია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯერესერთი მთავრობა არ უნდა ანსხვავებდეს კანდიდატებს და საკუთარი არ უნდა ყავდეს მითუმეტეს, ბიუჯეტის ფული ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას, ვისაც კარგი პროექტი და გეგმა ექნება იმან უნდა გაიმარჯვოს და არ აქვს მნისვნელობა ვინ იქნება, ძალიან ვაფასებ კობიაშვილს როგორც დიდ ფეხბურთელს მაგრამ არ ვიცი როგორი მენეჯერი იქნება, ჯორდანია კი გურიაში ახლა კი არ უნდა ჩასულიყო შეეძლო უფრო ადრეცგახსენებოდა მშობლიური მხარე და პატარა სიკეთე მაინც უნდა გაეკეთებინა კლუბისთვის , რაც შეეხება არველაძეს მათი ფედერაციის ხელში რაც მოუვიდა ცვენს ეროვნულ ღირსებას კი ვიცით ლამის რეიტინგიდანაც გავარდეს ჩვენი ნაკრები, მოკლედ რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ.
giosvani
10:43 20-08-2015
0
არველაძის და ჟორდანიას კანდიდატებად წამოყენება, ქართველი გულშემატკივრებისთვის თავზე ლაფის დასხმაა.ვეტერან ფეხბურთელებს ვთხოვ ცოტა კაცურად მოიქცნენ, ეყოფათ არველაძეების მონობა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული