აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო კანდიდატისგან განცხადების მიღების ბოლო ვადა (7 სექტემბერი) და არჩევნებში მონაწილეობის კრიტერიუმები. მათგან ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლევი.
ამაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ 2005 წელს მერაბ ჟორდანია თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებული ამბების გამო დააკავეს.
ჟორდანიამ ლანჩხუთში სტუმრობისას დაადასტურა, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა და პიარკამპანიის გურიიდან დაწყება დააანონსა, მაგრამ ბევრს გაუჩნდა კითხვა - აქვს კი
დავინტერესდით და დავაზუსტეთ, რომ ჟორდანიას ოფიციალურ საბუთებში ნასამართლეობა არ უწერია. როგორც გვითხრეს, სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი წინასწარი გამოძიებით დააკავეს, მაგრამ გირაოთი გაათავისუფლეს და ოფიციალურად ბრალი არ დაუმტკიცდა.
ასე რომ, თუ ჟორდანიას ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე რომელიმე სუბიექტი წარადგენს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
სამაგიეროდ, საარჩევნო შეზღუდვა ყველაზე ძველ ოპოზიციურ კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს შეეხო. მართალია, მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ საფეხბურთო კარიერის გამო საბუთები გამოიტანა და უმაღლესი განათლება არ აქვს. სწავლის გაგრძელება მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ მოახერხა და შვეიცარიაში მენეჯმენტის ლიცენზირებული კურსი გაიარა, თუმცა ეს უმაღლეს განათლებად არ ითვლება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 აგვისტოს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი რევაზ არველაძის კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.
უახლოეს დღეებში იგეგმება ლევან კობიაშვილის კანდიდატურის პრეზენტაციაც. სამოქმედო გეგმებს აწყობს ყაველაშვილის გუნდიც, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი წარადგენს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"