სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ვეტერანების არჩევანი და პროტესტი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთაგან ოფიციალური განაცხადი ჯერ არც ერთ მათგანს არ წარუდგენია.

გუშინ, 20 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წევრები ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს შეხვდნენ. მან ვეტერანებს ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი გეგმა გააცნო, რის შემდეგაც არველაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე ღია კენჭისყრით ერთხმად შეთანხმდნენ.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა თუ გსურს, უპირველესად, იმ ხალხს უნდა ესაუბრო და იმათგან მიიღო თანხმობა, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურა და მისი ისტორია შექმნა", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა რევაზ არველაძემ.

"არველაძეს ვეტერანთა
კავშირი იმიტომ წარვადგენთ, რომ ის არის მცოდნე ადამიანი და იცის, სად რა არის გასაკეთებელი", - ასეთია "ვეტერანთა კავშირის" პრეზიდენტ ვაჟა ჟვანიას პოზიცია.

მოწინააღმდეგენი
ვეტერანთა კავშირს ყრილობაზე ხმის უფლება აქვს და მათი კანდიდატურა, უმთავრესად, პრეზიდენტი ხდება კიდეც. ამჯერადაც, როგორც ამტკიცებენ, არველაძეს სხვა კანდიდატურებთან შედარებით უპირატესობა აქვს და მას ყრილობის მონაწილე დელეგატთა უმრავლესობა ემხრობა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრისთვის ხმების კონკრეტული განლაგებაც ცნობილია - არველაძეს 35-დან 28 სუბიექტი დაუჭერს მხარსო...

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია. არავინ უწყის, არჩევნებამდე ძალთა განლაგება როგორ შეიცვლება. საინტერესოა, რომ არველაძესთან ერთსაათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ეს ბოლო დროს წესად დამკვიდრდა.

საინტერესოა, რა აქვს საფეხბურთო საზოგადოებას დასამალი მედიისგან? ისედაც ხომ ყველაფერი ცნობილი გახდება?

საინფორმაციო წყაროებმა ეს მოვლენა რომ გააშუქეს, მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. შეხვედრის დაწყებამდე კავშირის წევრთა განცხადებასთან შეერთება ორმა ვეტერანმა ფეხბურთელმა არ ისურვა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა და უფროსმა დავით მუჯირმა.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მათ ამ თემაზე კომენტარი არ ისურვეს, მხოლოდ ის ფაქტი დაგვიდასტურეს, რომ შეხვედრა მის დაწყებამდე დატოვეს.

როგორც აღმოჩნდა, ვეტერანები არველაძესთან შეხვედრაზე მიიწვიეს და იქ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ სფფ-ის გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა წარედგინათ. მათი პოზიცია კი ასეთია - ნუ ვჩქარობთ, სხვა კანდიდატურებსაც მოვუსმინოთ და საუკეთესო მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთო...

სურთ თუ არა ვეტერანების შეხვედრა?
რატომ არ ისურვეს სხვა კანდიდატებმა ვეტერანთა კავშირის წევრებთან შეხვედრა? ამის თაობაზე მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის ფედერაციის გაზეთისთვის ("ჩვენი თამაში") მიცემულ ინტერვიუში თქვა - დასანანია, რომ ერთის გარდა, სხვა კანდიდატებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ გასჩენიათო.

"პირადად, რევაზ არველაძეს ვუჭერ მხარს. მას ვიცნობ ჯერ კიდევ ფეხბურთელობის, შემდეგ მწვრთნელობის, კლუბის ხელმძღვანელობის პერიოდიდან. დიდი ხანია, ფედერაციაში მუშაობს, აქვს უზარმაზარი გამოცდილება, ძალიან უყვარს ქართულ საფეხბურთო ოჯახს, მჭიდროდ თანამშრომლობს უეფას ხელმძღვანელებთან და აქვს შესანიშნავი პირადი კონტაქტები, არის ყოველმხრივ განათლებული და ღირსეული პიროვნება.

მისი ხედვა ფეხბურთთან დაკავშირებით კარგად ვიცით და ყველანაირად ვემხრობით ამ ხედვას. წინასაარჩევნოდ მას კიდევ რამდენჯერმე შევხვდებით.

სხვა მხრიდან კი, ჯერჯერობით, ვეტერანებთან საუბრის სურვილი არავის გამოუთქვამს და ეს ძალიან მაკვირვებს. ნუთუ იმდენი არ გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის, რომ შეგვხვდნენ, თავიანთი მოსაზრება გაგვაცნონ, ჩვენი აზრიც მოისმინონ და ჩვენი ხედვა გაითვალისწინონ.

შეხედეთ, ამ მხრივ რა ხდება ევროპულ ქვეყნებში, ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ადგილობრივი ვეტერანების მოსაზრება ყველასთვის გასათვალისწინებელია, ჩვენი უგულებელყოფა კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია", - ამბობს ხურცილავა.

ჩარევა თუ ფალშ-სტარტი?
ვეტერანთა კავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა. მან ხურცილავასგან განსხვავებული განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტობის მსურველ ყველა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

"როგორც ვიცი, ვეტერანებთან შეხვედრა იმ პირობით გაიმართა, რომ ბატონ რევაზს თავისი საარჩევნო პროგრამა და ხედვები უნდა გაეცნო. იმედია, ვეტერანები სხვა კანდიდატებსაც შეხვდებიან და ამის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ისე, მიკვირს, არავისზე ნაკლები დამსახურება არ აქვთ თენგიზ სულაქველიძესა და კარლო მჭედლიძეს, მაგრამ მათი აზრით ვინმე დაინტერესდა? ამ ხალხმა საფეხბურთო სკოლები ააშენეს და ფეხბურთს სულითა და გულით ემსახურებიან", - ამბობს მინისტრი.

საფეხბურთო არჩევნებამდე მდგომარეობა დაძაბულია. არველაძის მხარდამჭერები სახელმწიფოს ჩარევაზე ალაპარაკდნენ. მინისტრს კომენტარი ამ საკითხზეც ვთხოვეთ:

"რომელ სახელმწიფოს ჩარევაზე ლაპარაკობენ, როცა ჯერ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ერთმა კანდიდატმა წამოიწყო. საინტერესოა, ვინმეს რამე პრობლემა შეექმნა?

საერთოდ, ფალშ-სტარტი სპორტსმენის ნერვიულობაზე მეტყველებს და ასე ხომ არ მოსდით? ჩარევაზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვისაც ფეხბურთი პრივატიზებული აქვს.

სახელმწიფოს სურს არა ჩარევა, არამედ, სფფ-სთან თანამშრომლობა. რომ ამბობენ, სუპერთასი კარგად ჩავატარეთო, ეს სახელმწიფოსთან ერთობლივი თანამშრომლობით არ მოხერხდა? სწორედ ამაზეა ლაპარაკი. რა შუაშია ჩარევა"?

მიხეილ ყაველაშვილისა და ლევან ყიფიანის გუნდის წევრი გუბაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ვეტერანთა კავშირმა გადაწყვეტილება ძალიან იჩქარა:

"ახლა მორიდებით ლაპარაკის დრო არ არის. არველაძეს ხმა იმიტომ მისცეს, რომ სხვა კანდიდატები არ შეხვდნენ? არ მესმის, ეს რა ლოგიკაა? ვინმესთან თავად ისურვეს კი შეხვედრა ან დაინტერესდნენ? იქნებ ასეთი მცდელობა სხვებსაც ჰქონდათ. საკუთარ ხმას რომ აძლევენ, იქნებ არველაძეზე უკეთესი პროგრამაც გააცნონ, რატომ ჩქარობენ?

ისიც საინტერესოა, არველაძესთან შეხვედრაზე მას თუ უთხრეს, ქართულ ფეხბურთში რა პრობლემებია?

მათ საქციელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და თუ სიმართლე თქვეს, ამით ბევრ რამეს შეცვლიან. მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ თბილად არიან და თეთრზე შავს ამბობენ. მათი დუმილით კი ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაიღუპება და რაც ქვეყნისთვის გააკეთეს, წყალში გადაყრილი იქნება.

ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრონ ქართულ ფეხბურთზეც, რომელიც ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზეა, ქართველი კაცის გულში კი ადგილი დაკარგა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
ვეტერანებო გცხვენოდეთ......
0
alzoნ რათ ნდათ აზერებს და თურქებს ეს გაერთიანებული ლიგა ომხებთან და საქართველოსთან?ისინი ხომ თავისთავად ვითარდებიან?
Bacho
22:55 22-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული