სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: აყალმაყალი გურიაში

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ებრალიძე (უკანა პლანზე) და მერაბ ჟორდანია
დიდი ხმაური იყო გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ოფისში, სადაც ადგილობრივმა ვეტერანებმა გრფფ-ის პრეზიდენტ კახა ებრალიძისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს - რატომ არ წარადგენს რეგიონული ფედერაცია სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მერაბ ჟორდანიას კანდიდატურას?

როგორც ცნობილია, სფფ-ის ექსპრეზიდენტის სურვილია, რომ კანდიდატად სწორედ ლანჩხუთიდან იყოს წარდგენილი, მან ხომ კარიერის საუკეთესო წლები "გურიაში" ჩაატარა და შემდგომში, როცა საფეხბურთო მოხელე გახდა, კლუბს ყურადღებას არ აკლებდა...

ამ ეტაპზე, როცა ლანჩხუთის "გურიას" საარჩევნო ხმა არ აქვს და, შესაბამისად, არც კანდიდატის წარდგენა შეუძლია
(ცნობილი გახდა, რომ წევრად მიღების თხოვნით სფფ-ში გაგზავნილ წერილზე "გურიამ" უარი მიიღო), ამის შესაძლებლობა გურიიდან მხოლოდ რეგიონულ ფედერაციას აქვს.

"ეს მერაბ ჟორდანიაა და ამით ყველაფერია ნათქვამი! ლანჩხუთმა ის უნდა წარადგინოს. რატომ არ არის შესაძლებელი ამის გაკეთება? ამ საკითხზე კონკრეტულ პასუხს ვითხოვთ", - მიმართა "გურიას" ყველა დროის ყველაზე დიდი წარმატების მთავარმა შემოქმედმა ბეგი სიხარულიძემ კახა ებრალიძეს.

გრფფ-ის თავკაცმა შეკრებილებს აუხსნა, რომ მისთვის მიუღებელია, მხარს ერთ კანდიდატს უჭერდეს, მეორე წარადგინოს და მესამეს მისცეს ხმა:

"ასე არასდროს მიცხოვრია, რომ ერთი მეთქვა და მეორე მეკეთებინა. ეს მიუღებელია ჩემთვისაც, მერაბ ჟორდანიასათვისაც და იმისთვისაც, ვისაც მხარს დავუჭერ. კიდევ ერთხელ ვაცხადებს, რომ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას ბატონი მერაბის მიმართ, ვისაც ლანჩხუთის ფეხბურთის მიმართ დიდი დამსახურება აქვს. სამწუხაროდ, არსებულ სიტუაციაში მე ვერ მოვახერხე მისი მხარდაჭერა, რაზეც პირადად ვესაუბრე და ბოდიშიც მოვუხადე", - თქვა ებრალიძემ და მან ერთგვარი ანგარიშიც ჩააბარა ვეტერანებს:

"ამ 5 წლის განმავლობაში, რაც გრფფ-ის თავკაცი ვარ, ფედერაციის მხარდაჭერით ბევრი რამ გავაკეთეთ - ორჯერ კლუბი ლიცენზიის გარეშე დაუშვეს უმაღლეს ლიგაში, 750-ათასიანი მოედანი დავაგეთ, 80 ათასი ლარის ინდივიდუალური სკამები მივიღეთ, გვაქვს რეგიონული ოფისი", - თუმცა ვეტერანებს არაფრის მოსმენა არ სურდათ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ჟორდანიას წარდგენას.

ატყდა დიდი აყალმაყალიც, როცა ერთ-ერთი ვეტერანი კორექტულობის ფარგლებს გასცდა:

"ეს არ დამიმსახურებია. შეურაცხყოფას მაყენებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენს ასაკს პატივს ვცემ, აქამდეც დიდ პატივს გცემდით და ასეთი საუბარი ჩემთან არ გინდათ", - ასე უპასუხა მას გრფფ-ის თავკაცმა და შეკრებილებს მიმართა:

"სამწუხაროდ, მე არ მახსოვს, რომ თქვენ გაგეპროტესტებინოთ, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ და სახლში გაგვყარეს; არც შარშან, როცა არაფერი დამიშავებია და აქ არჩევნები ჩამიშალეს - ეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი გაკეთდა ამ ოთხ წელიწადში; არც ახლა, როცა გუნდი უფულოდ ჩავიბარეთ და შემდეგ ისევ გაგვიშვეს...

თუმცა, ამის მიუხედავად, ვაფასებ თქვენს უდიდეს დამსახურებას, ყველას დიდ პატივს გცემთ, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია", - თქვა მან.

გრფფ-ის თავკაცს ზოგი აგრესიულად და ზოგიც მშვიდად სთხოვს, როგორმე გამონახოს გზები, რათა ლანჩხუთი ასცდეს სირცხვილს:

"უბრალოდ, ყველა შევრცხვებით, როცა მერაბ ჟორდანიას არ წარვადგენთ ლანჩხუთიდან. არავინ გთხოვთ მხარდაჭერას, ვისაც გინდათ, მიეცით ხმა, ოღონდ წარადგინეთ ჟორდანია", - ვეტერანები შეუვალები იყვნენ.

"გასაგებია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ, როცა ამას გურიის ფედერაციისგან ითხოვთ, ხომ არ აჯობებდა, მოგეთხოვათ კლუბის ხელმძღვანელობისთვისაც მერაბ ჟორდანიას მხარდაჭერის ღიად დაფიქსირება?! მე არ ვამბობ წარდგენას, რისი უფლებაც კლუბს არ აქვს, მხედველობაში მაქვს საჯარო მხარდაჭერა, როგორც ეს "გურიის" ლეგენდამ, თემურ ჩხაიძემ გააკეთა", - ეს უკვე ებრალიძის პასუხია.

ზოგი დაეთანხმა იმ აზრს, რომ მთავრობა რასაც ეტყვის, საბიუჯეტო კლუბი იმას იზამს, ზოგმაც თქვა - ეს არაფერს ცვლისო. შეკრებილებიდან ზოგს ამ სიტყვებზე ის შთაბეჭდილებაც დარჩა, რომ გრფფ-ის თავკაცზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა თავად ებრალიძემ ეს ჟურნალისტებთან საუბარში არ დაადასტურა.

"მე კარგად ვიცი, თუ რა მძიმე დღეშია კახა ებრალიძე. იმაზე მეტს ვხვდები, რაც ზოგს წარმოუდგენია. ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაშია, თუმცა ამის შესახებ ის ვერ ილაპარაკებს. ვერც იმას გავექცევით, რომ ჟორდანიას არწარდგენა მთელი ლანჩხუთის სირცხვილი იქნება", - აღნიშნა პირად საუბარში სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა.

საბოლოოდ, მაინც იმ აზრზე დარჩნენ ვეტერანები, რომ ლანჩხუთმა ჟორდანია აუცილებლად უნდა წარადგინოს და გრფფ-ის თავკაცს მუქარანარევი თუ მეგობრული მოთხოვნა დაუტოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქარტულ ფეხბურთს ჯორდანია თუ უშველის. არველაძეებმა დედა უტირეს. ყველა მთავრობას მორგებული ტაკი მასხარები. ვაჟკაცობა ააქვთდაკარგული ფულის გულისთვის
nika
19:19 25-08-2015
0
მაგარი კორუმპირებული და .. ვეტერნები გვყავს ღმერთმანი,სირცხვილი იქნება არა .. რატო იქნება სირცხვილი ერთ თქვას ვინმემ
bacho
15:23 25-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული