გამოხმაურება: ვეტერანებისთვის "დინამო არენაზე" შესვლა არავის აუკრძალავს!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მეპატრონეებმა მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა რომ წამოიწყეს, არასამთავრობო ორგანიზაცია ("დავიბრუნოთ თბილისის "დინამო") ჩამოაყალიბეს და უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, ცნობილი ამბავია.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იყო ინფორმაცია, რომ ვეტერანი ფეხბურთელები აღშფოთებულები არიან, რადგან "დინამოს" სტადიონზე არ შეუშვეს. ლაპარაკი იყო 19 აგვისტოს შეკრებაზე, როცა "დინამო არენის" ვეტერანთა კლუბში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძესთან შეხვედრა იყო დაგეგმილი.

ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, მურთაზ ხურცილავა და სხვა ცნობილი ვეტერანები არ შეუშვეს იქ, სადაც მათ ქართველებს უამრავი გამარჯვება და ნამდვილი ფეხბურთი აჩუქეს.
შეხვედრაც "მიხეილ მესხზე" ამის გამო გადაიტანესო...


ამ ინფორმაციას ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი გამოეხმაურა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია შეკრების "მიხეილ მესხზე" გადატანის მიზეზს განმარტავს:

"თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებს ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ და არც შესვლის პრობლემა ყოფილა. უბრალოდ, "დინამო არენაზე" ვეტერანთა კავშირის ოთახი ისეთი დიდი არ არის, 100 კაცი რომ დატეულიყო.

ადგილი რომც ყოფილიყო, იქ რემონტი მთავრდება და ხალხი სიცხეში, კონდიციონერების გარეშე, ორი საათი ვერ გაჩერდებოდა და ფეხბურთზე ვერ იმსჯელებდა.

ამიტომაც წავედით "მიხეილ მესხზე", სადაც ბევრად კომფორტული გარემო იყო და ყველა მსურველიც დაეტეოდა", - ამბობს ჟვანია.

მომხდარზე კომენტარი თბილისის "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ჯღარკავამაც გააკეთა:

"იცით, რომ ევროპის სუპერთასის მატჩამდე "დინამო არენის" რეკონსტრუქცია ჩატარდა. ამ პერიოდში, უეფას წარმომადგენლები ხშირად გვსტუმრობდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ.

უეფას მედიაოფიცრის მოთხოვნით, მედიაზონა გაფართოვდა და ვეტერანთა კავშირის ოთახი საპრესკონფერენციო დარბაზს მიუერთდა, ეს არა მხოლოდ სუპერთასზე, არამედ სანაკრებო და საერთაშორისო საკლუბო თამაშებზეც დაგჭირდებათო...

სამაგიეროდ, ისევე, როგორც ძველი ოფისის შემთხვევაში, თბილისის "დინამომ" ვეტერანებს საპირისპირო მხარეს, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე უსასყიდლოდ გადასცა ოთახი, რომელსაც ჩვენვე ვარემონტებთ. ადრინდელივით, გადასახადებისგანაც გავათავისუფლებთ - იქნება ეს წყალი, გათბობა, ელექტროენერგია თუ სხვა... ცხადია, იჯარასაც არ გადაიხდიან.

ახალ ოთახში იგივე ფართია, მაგრამ ბევრად უფრო კეთილმოწყობილი და კომფორტული ოფისი ექნებათ. ახლა იქ ავეჯი შეგვაქვს და მალე "დინამო არენაზე" ძველებურად შევლენ.

ასე რომ, შეხვედრის "მიხეილ მესხზე" გამართვის მიზეზი იყო რემონტი. შესაძლოა, ეს ამბავი არასწორად გაიგეს და არასწორი ინფორმაციაც ამიტომ გავრცელდა.

ფაქტია, რომ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებს ვეტერანთა არშეშვება აზრადაც არ ჰქონიათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული