სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რას ფიქრობენ ნაკრების ყოფილი წევრები?

AutoSharing Option
რას ფიქრობს საფეხბურთო სამყარო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატებზე? ეს კითხვა რამდენიმე მოქმედ თუ ფეხბურთიდან ახლახანს წასულ მოთამაშეს დავუსვით. ცხადია, აზრები გაიყო...

ეს კობიაშვილს შეუძლია
გია კვარაცხელია, თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი:
"ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, დარჩენის სტიმულიც არ მქონდა. ამჟამად, სამწვრთნელო საქმიანობას ვსწავლობ. B ლიცენზია ავიღე და იმედი მაქვს, მალე მუშაობას დავიწყებ.

არ მინდა, წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება წყალში გადავყარო. საკუთარ თავში იმის რესურსს ვხედავ, რომ მწვრთნელი გავხდე. მაგრამ ჩემი და ყველა სხვა მწვრთნელის თუ დამწყები მწვრთნელის
მცდელობა წყალში ჩაიყრება, ქართულ ფეხბურთში ვითარება თუ არ შეიცვალა. არადა, მისი განვითარებისთვის ბევრიც არაფერია საჭირო, მთავარია, სწორი სისტემა შემუშავდეს და ფული სწორად განაწილდეს, თორემ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი გვაქვს და კრიზისიდან გამოსვლაც შესაძლებელია.

წლები გადის და უკან-უკან მივდივართ. ყველა კანდიდატისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირადად მე ლევან კობიაშვილისკენ ვარ. ამ უკუსვლას წერტილი უნდა დაესვას, ამის გარანტად კი კობი წარმომიდგენია.

მგონია, რომ ლევანი თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებითა და სწორი ხედვით ვითარებას შეცვლის, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ფეხბურთის ასეთ გაპარტახებას ხალხი ვერ შეეგუება".

საუკეთესო არველაძე მგონია
მამუკა წერეთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი:
"ყველა კანდიდატს ვიცნობ და გულწრფელად ვაფასებ. მერაბ ჟორდანია გამოცდილი ადამიანია, ბევრგან უმუშავია და კარგი კავშირები აქვს, რომელიც ქართულ ფეხბურთს გამოადგება.

მამუკა კვარაცხელია წესიერი, პატიოსანი ადამიანია და ვიცი, ქართული ფეხბურთი როგორც უყვარს. ჩემი აზრით, ზოგადად, ასეთი პროფესიონალი და ინიციატივიანი პიროვნება ფეხბურთის ფედერაციას არ აწყენდა.

დიდი ორგანიზაციის მართვის გამოცდილება მიიღო ლევან ყიფიანმა, რომელიც მანამდე კლუბშიც მუშაობდა და სააკაშვილის რეჟიმსაც არ ეპუებოდა.

კობიაშვილი ახალგაზრდა და წესიერი კაცია. აქვს კარგი სახელი და იმის პოტენციალი, გარკვეული დროის შემდეგ, კარგი პრეზიდენტი რომ გახდეს. მაგრამ ამ ეტაპზე, უფრო მისაღები, მაინც რევაზ არველაძე მგონია. შესაძლოა, დღეს ბევრისთვის მიუღებელ და გამაღიზიანებელ მოსაზრებას ვამბობ, მაგრამ რევაზ არველაძე ჩემი არც ძმაკაცია და არც ნათესავი, უბრალოდ, ფეხბურთელობიდან ვიცნობ.

ადრე მის კანდიდატურას კრიტიკულად ვაფასებდი, თუმცა დღეს მაინც მისკენ გადავიხარე. ბევრის აზრია, რომ ქართული ფეხბურთი არველაძეებმა დაღუპეს. ეს ძალიან ბავშვური მოსაზრებაა, რომელსაც გაღიზიანებული ადამიანები ამბობენ. სამივე ძმას ქვეყანა ფანატიკურად უყვარს და ვერავინ დამაჯერებს, რომ რეზო საქმეს რამეს დააკლებს და გააფუჭებს.

არც ერთი კანდიდატის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. არც ის მგონია, რეზოზე ნაკლებად ფეხბურთი ვინმეს უყვარდეს და არც მათი პატიოსნება მაეჭვებს. მაგრამ ერთია ფეხბურთის სიყვარული, მეორე კი მისი ცოდნა, მართვის უნარი და გამოცდილება. არველაძეს ეს ყველაფერი აქვს.

გარდა ამისა, აქვს ასევე კარგი კავშირები ფიფასა და უეფაში. ის ამ ორგანიზაციებში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. ასეთი კადრი კი ქართულ ფეხბურთში იშვიათია. ახალი კაცი რომ მოვა, გამოცდილება დასჭირდება და კიდევ 4 წელიწადი გავა - ეს იმ დროს, როცა ასეთი კარგი კანდიდატი უკვე არის.

ამას არავის საწყენად არ ვამბობ და ისე არ გაიგოთ, თითქოს ვინმეს ვაკრიტიკებ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ რეზო ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატია. მჯერა, თავს არ შეირცხვენს და ფედერაციას ღირსეულად გაუძღვება".

ახალი სისხლი გვჭირდება
დავით სირაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი:
"დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. მის ბედს მომავალი არჩევნები გადაწყვეტს. კანდიდატებიდან ჩემი ფავორიტი ლევან კობიაშვილია, რადგან ის არის პროფესიონალი და ამავე დროს, პატიოსანი, გულისხმიერი და, რაც მთავარია, სამართლიანი ადამიანი. მიმაჩნია, რომ ის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია.

ლევანის პროფესიული, კარიერული განვითარება და პიროვნული ღირსებების ერთობლიობა არის სწორედ ის, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება. კარგად იცის, რა არის საჭირო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ კობიაშვილის გულშემატკივარს სჯერა - ფეხბურთი ხალხისაა და მათი მხარდაჭერის გარეშე ვერავინ ვერაფერს გახდება.

ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის, რაც ძალიან ცუდად აისახა ჩვენი ნაკრების რეიტინგსა და ჩემპიონატის დონეზე. წლები გავიდა და იმის მაგივრად, რომ საქართველოს ჩემპიონატი და ქართული ფეხბურთი წინ წასულიყო და განვითარებულიყო, მისი სრული დეგრადაცია მოხდა. ისე გამოვიდა, რომ ეს წლები ტყუილად დაიკარგა, როდესაც შეიძლებოდა, პირიქით მომხდარიყო.

ახლა დადგა დრო, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს და მოვიდეს ახალი პრეზიდენტი ახალი ხედვებით, შემართებით...

მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც ხმის უფლება აქვს, კარგად უნდა დაფიქრდეს და არ გამოიტანოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თითოეული ხმა ქართული ფეხბურთის მომავალს წყვეტს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სიჭინავა არავის აღარ ახსოვს მაგრამ, ეგ რომ არ ყოფილიყო რაც გაკეთდა ისიც შეიძლება არ გაკეთებულიყო.ყველამ კარგად ვიცით ვინ ვინ არის ვის რა უკეთEბია და ვინ რისი გამკეთებელია
Dragonfly
11:55 06-09-2015
0
გამოცდილებას რომ ვამბობთ მესმის მაგრამ კობი ნიჭიერი კაცია სწრაფად გაერკვევა ყველა მიმართულებით და გამოცდილებასაც მიიგებს მუშაობის პროცესში,თუ საშუალება არ მიეცა ვერც გამოცდილებას მიიღებს და ვერც საქმეს წაადგება!
Dragonfly
11:51 06-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული