დავით უგრელიძე: ეს არის შეთქმულება ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლანჩხუთის "გურიის" ვეტერანმა და დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსების აქტიურმა მხარდამჭერმა დავით უგრელიძემ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე "ლელოსთან" ილაპარაკა...

სიჭინავას გადადგომასა და სისტემაზე
- ეს კაცი დიდი ხნით ადრე უნდა გადამდგარიყო. საერთოდ, არ მესმის, კაცის ორჯერ გადადგომა რას ნიშნავს, ცირკში ხომ არ ვართ? ეტყობა, ჰგონია, რომ მეხსიერება დაგვიქვეითდა. აგვისტოში თუ გადადგება, მეორედ ამის შეხსენება ვის დასჭირდა, ვინც ამ არეულობისკენ აქეზებს?..

...ყურადღებით ვაკვირდები საარჩევნო პროცესს. სამწუხაროდ, სფფ-ის მხრიდან მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე. არც
მიკვირს, რადგან საქმე გვაქვს წლების განმავლობაში კარგად ჩამოყალიბებულ უსამართლო სისტემასთან. პატრონი თუ "დაქოქავს", ფედერაციის ყველა წევრი მზადაა, შეიკრას და მიწასთან გაასწოროს ისინი, ვისი მიზანიც ვითარების გაჯანსაღება, ძირეული ცვლილებები და ქართულ ფეხბურთში სამართლიანობის აღდგენაა...

ის, რაც საარჩევნო პროცესის დროს ხდება, არის ერთი მუჭა ფუნქციონერებისა და გაყიდული სუბიექტების შეთქმულება ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ და დანაშაული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე...

დროა, შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ დამანგრეველ ძალად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ და ფეხბურთში გზა გავუხსნათ ახალ ძალას, რომელიც ვითარებას რადიკალურად შეცვლის...

არჩევნები უკვე გაყალბებულია
- ფეხბურთის ფედერაციამ არჩევნების გაყალბება დიდი ხნის წინათ დაიწყო. საამისოდ, ყველა სუბიექტის ხმისთვის ბრძოლა წესდების დარღვევით დაიწყეს, რათა ისინი სრულად გაეკონტროლებინათ.

პირადად ვნახე, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე სასურველი კანდიდატი როგორ გაიყვანეს. მაშინ გიალო ჩხაიძეს უსამართლოდ მოექცნენ. შედეგად, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ყრილობაზე დელეგატის შერჩევისას სფფ-ისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო...

...ფედერაციას უკვე გაყალბებული აქვს არჩევნები და ყველანაირად ცდილობს არსებული ვითარების შენარჩუნებას. სფფ-სა და მის აღმასკომს არაერთხელ მიმართეს, რომ გაესწორებინა წესდება და სამართლიანი გაეხადა, მაგრამ წასაყრუებლად ათასგვარ მიზეზს იგონებდნენ. ასევე მოიქცნენ მოთხოვნაზე, რომ კლუბები სფფ-ის ახალ წევრებად მიეღოთ. იმიტომ, რომ ყრილობაზე წარმოდგენილი სუბიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსახურება არა ქართული ფეხბურთის, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესს.

...კლუბებს ფედერაციის სუბიექტებად მიღება იმიტომაც ეკუთვნით, რომ მისი ეგიდით გამართულ ტურნირებში თამაშობენ და საწევროს იხდიან. მაგრამ ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში, სფფ-ის თავისი კანდიდატის გაყვანის არანაირი შანსი არ დარჩება და მოთხოვნას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან...

...კიდევ ერთი ფაქტია, სფფ-ის მიერ ყრილობის შედეგების წინასწარ გაყალბებას რომ ადასტურებს. რევაზ არველაძემ ბრძანა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეთიკის კოდექსის მუხლს არ იცნობს. არადა, მე-5 მუხლში სწორედ ამაზეა ლაპარაკი - არველაძეს უფლება არ ჰქონდა, თვალი დაეხუჭა, რომ დელეგატად დაამტკიცეს პირები, რომლებიც მისგან ხელფასს იღებდნენ - მისი თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახთან დაახლოებული პირები.

ეს დაუშვებელია და ამიტომ დელეგატთა შემადგენლობა სასწრაფოდ შესაცვლელია. მათ რეგიონულ ფედერაციებს უნდა მისცენ უფლება, ეს ხალხი დემოკრატიული წესით თავად დაასახელონ. ერთპიროვნულად წარდგენილი დელეგატი რეგიონის ინტერესს ვერ დაიცავს.

ეს და სხვა მრავალი დარღვევა, რაც მამუკა კვარაცხელიამ გამოააშკარავა, სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს...

...სფფ და აღმასკომი არ რეაგირებენ ამ დარღვევებზე და ცდილობენ, როგორმე მივიდნენ არჩევნებამდე და 5-წლიანი მმართველობა კიდევ ერთხელ უკანონოდ გაიფორმონ. მივმართავ მათ, რომ დროზე გამოფხიზლდნენ და მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილება, დროულად დააკმაყოფილონ 24 კლუბის მოთხოვნა და გაზარდონ სუბიექტების რაოდენობა.

ნუ დაუპირისპირდებიან ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა და ვეტერანთა დიდ არმიას, რომლებიც ფეხბურთით ვცხოვრობთ და რეფორმებს ველით. ნუ შეუწყობთ ხელს ვითარების დაძაბვას და ისედაც განადგურებულ ქართულ ფეხბურთს უარესად ნუ გავხლეჩთ. საზოგადოება უკანონობას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს...

ვინ ლაპარაკობს სახელმწიფოს ჩარევაზე?!
- მცირე ხნის წინათ იმერეთის გუბერნატორმა თავისი რეგიონის კლუბებს მოუწოდა, ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანებულიყვნენ და ქართული ფეხბურთის მომავლის გადაწყვეტაში მიეღოთ მონაწილეობა. ზემოთ რომ ვახსენე, ის ადამიანები ამ ყველაფერს ეძახიან სახელმწიფოს ჩარევას...

...სირცხვილია ასეთი განცხადებები მათგან, ვინც შეეცადა, ბატონი რეზოს სასარგებლოდ ვითარება დაელაგებინა, რაშიც თავად გენმდივანიც აქტიურად მონაწილეობდა. ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბრძოლა წესების გარეშე, არჩევნების გასაყალბებლად კი ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდი გამოიყენეს. ამით არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და პოსტების შენარჩუნება სურთ. ახლა კი ერთი ამბავი ატეხეს, სახელმწიფოს ჩარევას არ დავუშვებთო.

რეალურად, ამ ლოზუნგს შირმად იყენებენ და უკანონობის დაკანონება სურთ...

...მაგრამ არ დავუშვებთ, რომ მათ, ვისაც ქართულ ფეხბურთში წლების განმავლობაში მომხდარ უსამართლობებზე პროტესტი არ გამოუთქვამთ და ხშირად მისი თანამონაწილეები და შემოქმედებიც კი იყვნენ, მმართველობა გაიხანგრძლივონ.

როდის ამოიღო ამ ხალხმა ხმა? როცა კანონიერად არჩეული გიორგი ნემსაძე მათმა პრეზიდენტმა ნახევარ საათში გადააყენა? ეს ყველაფერი წყნარად გაატარეს და ძალადობით არჩეულ უმცროს ნოდარ ახალკაცთან თანამშრომლობა გააგრძელეს...

...იქნებ მაშინ, როცა მათმა უპრინციპობამ და ყველაფერზე თვალების დახუჭვამ არაერთ ფინანსურ და სხვა სახის დარღვევამდე და 16 მილიონის გაფლანგვამდე მიგვიყვანა? შედეგად მივიღეთ განადგურებული ფეხბურთი და 16-მილიონიანი დავალიანება.

ეს მხოლოდ მამუკა კვარაცხელიამ, "ქომაგთა ლიგამ" და "ჩვენმა ფეხბურთმა" გააპროტესტეს. ხმა ამოიღეს მაშინ, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მამუკა კვარაცხელია თავდადებისთვის სასიკვდილოდ გაიმეტეს?

მაშინაც დუმდნენ, სახელმწიფო უხეშად რომ ჩაერია და პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა დაგვინიშნა, პირიქით, ტაში დაუკრეს...

...მათმა უპრინციპობამ და უკანონობასთან შეგუებამ სავალალო შედეგები რომ მოგვიტანა, ამაზე მიგვითითებს ეროვნული ნაკრებისა და კლუბების სამარცხვინო გამოსვლები, ჩაწყობილი თამაშების სიმრავლე და დაჭერები, შემდეგ - მწვრთნელებზე გადაყრილი მილიონები, ჩაგდებული ციკლები და ფიფას რეიტინგი. ეს ხალხი სახელმწიფოს ჩარევაზე რომ ლაპარაკობს, ერთ ფაქტს წარმოადგენენ?..

...ეს გუნდი და მისი ხელმძღვანელები ვერასოდეს გახდებიან სამართლიანები, პრინციპულები, კანონმორჩილები, რაც ფეხბურთის მართვისთვის აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, მათი მცდელობა კრახით დასრულდება...

კანდიდატებზე
- მამუკა კვარაცხელია არის პატრიოტი, მებრძოლი, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. წლებია, სამართლიანობისთვის იბრძვის და ბევრი სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია...

...რევაზ არველაძე არის იმ გუნდის ლიდერი, რომელმაც ქართული ფეხბურთი დღევანდელ მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს...

...ლევან კობიაშვილი კი ღირსეული, წესიერი და პროფესიონალი კანდიდატია და კარგად იცის, ქართულ ფეხბურთს რა უშველოს. მისი მოსვლა აღადგენს ფედერაციისადმი გულშემატკივრის, ბიზნესისა და სახელმწიფოს ნდობას. მას ყველაზე მეტად შეუძლია სახელმწიფოსთან კომუნიკაციის აღდგენა. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კი ეს სასიცოცხლო ამოცანაა...

...იმავეს ვერ ვიტყვი არველაძის გამარჯვების შემთხვევაში. არადა, სახელმწიფოს გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ასეთ შემთხვევაში, კობიაშვილის გამარჯვება გარდაუვალი იქნება...

...მივმართავ სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის საპარლამენტო კომიტეტს - დღეს სრული ნეიტრალიტეტის დრო არ არის! ამიტომ, კომპეტენციის ფარგლებში, სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, უნდა ჩაერიონ.

...სუბიექტებს კი ვთხოვ, პირად ინტერესებს ქართულ ფეხბურთზე მაღლა ნუ დააყენებთ. ნუ დაგვიკარგავთ მილიონთათვის საყვარელი სახეობის განვითარების უნიკალურ შანსს და ნუ გახდებით ფეხბურთისა და ქვეყნის მტრები. სხვაგვარად, ამაზე პასუხი ყველას მოეთხოვება!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
თუ ითამაშა ბავშვმა მერე კიდე ფულს ითხოვენ ეს ვაი მწვრთნელები. ჯერ ისე ატყავებენ.
0
კობი წესიერი კაცია, ესენი კი უგრელ მუგრელები და სხვა ვინც უზვრება კობის ყველას რაგც გინდატ თქვე ტექნიკურო მათხოვრებო.
vova
18:43 11-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული