ერთ-ერთი ბოლო ბრალდება ის არის, თითქოს, პოსტზე არჩევის შემთხვევაში კობიაშვილი მხოლოდ თავის სამეგობროზე აპირებს დაყრდნობას.
მართლაც და, დავინტერესდით, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს კობიაშვილის გუნდში, რომელმაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს.
კობიაშვილმა კითხვას მკვეთრი პასუხი გასცა:
"მე ვამბობ, რომ სისტემა შესაცვლელია, მაგრამ
ვაპირებ დავეყრდნო სწორედ პროფესიონალებს, რადგან ისინი საქმის ყველაზე დიდი მეგობრები არიან. ასე რომ, ამ ხმებს არ დაუჯეროთ", - ამბობს კობიაშვილი.
მან თავისი პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტზე ილაპარაკა:
"ქართული ფეხბურთი არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და სწორედ ახლაა საჭირო სწორი მოქმედება და იმ ფუნდამენტის ჩაყრა, რაც მომავალში შედეგს მოიტანს. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი სტრატეგია ფეხბურთის წინსვლას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უპირველესად, სისტემური ცვლილებების გატარება მსურს. კარგად მაქვს ჩამოყალიბებული მმართველობის სისტემა - გამჭვირვალობა, ჩართულობა, გუნდური მუშაობა, კანონის უზენაესობა, პასუხისმგებლობა...
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ეროვნული ჩემპიონატის დონის გაზრდა. ამ მიმართულებით გამოცდილება მაქვს, ვარ ბერლინის "ჰერტას" აკადემიის მენეჯერი და მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნით, გამოცდილებითა და გუნდური მუშაობით, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას შევძლებთ".
კობიაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარება რეგიონებში:
"წლებია, გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კარგი ურთიერთობები მაქვს და ამას ჩვენი ფეხბურთისთვის გამოვიყენებ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მქონდა საუბრები ამ თემაზე და ისინი მზად არიან, ჩვენთან ითანამშრომლონ, იქნება ეს პროექტები, მათი მოდელის გადმოტანა აქ თუ სხვა.
მე მზად ვარ, ყველა ჩემი რესურსი ჩავრთო და ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმარო. განსაკუთრებით, მათი ის მოდელი მომწონს, რომელიც რეგიონული ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. მაგრამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, აუცილებელია თანაბარი საარჩევნო გარემო.
უპირველესად, მოვუწოდებ ფეხბურთის ფედერაციას, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი პირობები, რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პროგრამის წარმოდგენის შესაძლებლობა და დელეგატებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"