მადრიდის "რეალის" ბაზაზე "საბურთალოს" ფორმით დავდიოდი...

AutoSharing Option
"საბურთალოს" ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელი გიორგი ჭელიძე სამშობლოში დაბრუნდა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლატვიურ "სკონტოსა" და მადრიდის "რეალში" სტაჟირებას გადიოდა, საწვრთნელ და თეორიულ პროცესებს ესწრებოდა.

"ჯერ რიგაში თამაზ პერტიასთან გავემგზავრე, რომელიც "სკონტოს" მთავარი მწვრთნელია. დავაკვირდი იქაურ სამუშაო პროცესს, დავესწარი "სკონტოსა" და "დაუგავას" მატჩს. პერტიას რიგაში ძალიან აფასებენ და უყვართ. ყოველწლიურად, "მილანში" სტაჟირებაზე მიემგზავრება და მუდამ სწავლობს", - ამბობს ჭელიძე.

შემდეგ მან მადრიდის "რეალში" გავლილ სტაჟირებაზეც ილაპარაკა:

"იქ ნანახის გადმოცემა ძალიან ძნელია. ისინი სულ სხვა დონეზე არიან - გულშემატკივარი სპორტით ცხოვრობს და
შაბათ-კვირის მოლოდინშია, საყვარელი კლუბის თამაში რომ იხილოს.

იქ ფეხბურთელები ვარჯიშამდე საათნახევრით ადრე იკრიბებიან, საწვრთნელ პროცესამდე კი სატრენაჟორო დარბაზში შედიან და ვარჯიშზე მხოლოდ ამის მერე გადიან. თვალში მომხვდა ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების საცხოვრებელი და სამუშაო ოთახები. სიმართლე გითხრათ, არც "რეალის" ვარჯიშებში შემიმჩნევია რაიმე განსაკუთრებული, თუმცა ფეხბურთისადმი პროფესიული მიდგომა აქვთ და ეს არის მთავარი".

მადრიდულ კლუბში ჭაბუკებისა და ბავშვების გუნდების მიმართ დამოკიდებულებაზე ჭელიძემ თქვა:

"რამდენჯერმე დავესწარი "რეალის" დუბლების ვარჯიშს, რომელსაც ლეგენდარული ზინედინ ზიდანი ავარჯიშებს. ის ისევე გამორჩეულია ამ ამპლუაშიც, როგორც ფეხბურთელობისას იყო.

17-19 წლის ჭაბუკები კვირაში სამჯერ ხელოვნურ მოედანზე ვარჯიშობდნენ და ამდენჯერვე - ბუნებრივ საფარზე. რაც შეეხებათ ბავშვებს, მოედნამდე არის გარკვეული დისტანცია, სადაც მშობლებს მიახლოება, მათთვის შენიშვნის მიცემა და ხმამაღალი საუბარი ეკრძალებათ.

ყველა გუნდს ერთი მიმართულება აქვს აღებული - რა სტილითაც მთავარი გუნდი თამაშობს და ვარჯიშობს, სხვებიც ანალოგიურად ვარჯიშობენ.

..."რეალის" 18-წლამდელებს "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელი - გუტი ავარჯიშებდა. თავმდაბალი და უბრალო ადამიანია, ექიმებსაც ეხმარებოდა და ფეხბურთელებთან ერთად გადაჰქონდა კარი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუტის ნახევარი საათით ვესაუბრე - თავიდან გაუკვირდა, საფეხბურთო ელემენტებზე რომ გამოველაპარაკე, მაგრამ საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. დაინტერესდა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი. "საბურთალოს" შესახებ ვუამბე და ვუთხარი, რომ გუნდი თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით უმაღლეს ლიგაში გადავიდა...

...მადრიდის "რეალის" ბაზაზე "საბურთალოს" სამოსით დავდიოდი და ამით ყურადღებას ვიქცევდი...

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალისა" და "ბეტისის" მატჩის ცქერა ერთ რამედ ღირდა. მეგონა, თეატრში სპექტაკლს ვუყურებდი. გადაჭედილი სტადიონი და იქ შექმნილი ატმოსფერო ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ამისთვის დიდი მადლობა "საბურთალოს" ხელმძღვანელობას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"არც "რეალის" ვარჯიშებში შემიმჩნევია რაიმე განსაკუთრებული, თუმცა ფეხბურთისადმი პროფესიული მიდგომა აქვთ და ეს არის მთავარი" ---- მეტს ვერც დაინახავდი, რესურსი არ გყოფნის.
ექსკურსიაზე იყო, ფაქტიურად
dudu
20:17 15-09-2015
0
ფაქტიჩნა გუტის ძმაკაცი ყოფილხარ რა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული