სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო

AutoSharing Option
14 სექტემბერს საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე ორგანიზაციის სუბიექტების გაზრდა-არგაზრდის საკითხიც უნდა განეხილათ.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ში გაწევრიანებას 24 კლუბი ითხოვდა. ცხადია, ეს უშუალოდ უკავშირდება სფფ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან სუბიექტების გაზრდა ყრილობაზე ძალთა ბალანსს შეცვლიდა.

ცნობილია, რომ აღმასკომში 18 პერსონაა. თუმცა, ყრილობაში მონაწილეობის მოტივით, ის გრიგოლ ცაავამ (თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი), სულხან გოგიბერიძემ (აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი) და ლაშა მინდელმა (ქვემო ქართლის ფედერაციის პრეზიდენტი) დატოვეს. მერე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა ზვიად სიჭინავა და ბუნებრივია, აღმასკომის წევრიც აღარ
არის. ამგვარად, ამ ორგანოში 14 წევრი დარჩა, გუშინდელ აღმასკომზე კი მხოლოდ 12 მათგანი გამოცხადდა. უცნობი მიზეზების გამო, სხდომას არ დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები - გია შარაბიძე და გელა მაისურაძე.

სხდომას ალექსანდრე ჩივაძე უძღვებოდა, რომელიც სიჭინავას გადადგომის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

ჯერ იმას ვიტყვით, აღმასკომმა პრეზიდენტობის კანდიდატების უფლებამოსილება დაამტკიცა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება დართო უეფას მედია-ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას, სფფ-ს გენერალურ მდივან რევაზ არველაძესა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ლევან კობიაშვილს. დაამტკიცეს 24-ე ყრილობის დელეგატები, რეგლამენტი და ისიც, რომ არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება - ეს გუშინდელი სხდომის იშვიათი პოზიტივი იყო.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, აქ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. აღმასკომის წევრებმა ის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც მათგან ველოდით: 3 ოქტომბერს დანიშნულ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ჩვენი ფეხბურთის ბედს ისევ 35 დელეგატი გადაწყვეტს. სუბიექტობის მსურველი კლუბების საკითხი კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ ასე ახსნა:

"კლუბებისთვის წევრობაზე უარი არ გვითქვამს. უბრალოდ, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო. ამდენად, მათი მოთხოვნა 3 ოქტომბრის არჩევნებზე არ განიხილება. მაგრამ, სავარაუდოდ, დეკემბრამდე რიგგარეშე ყრილობას გავმართავთ და საკითხზე იქ ვიმსჯელებთ. 3 ოქტომბერს კი მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის საკითხი იქნება. რაც შეეხება აღმასკომის წევრებს, ფედერაციის წესდებით, მათი არჩევა სავალდებულო არ არის".

სხდომა ნაადრევად დატოვეს "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტებმა, ილია კოკაიამ და რომან ფიფიამ. პირველი - აღმასკომზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს და ეს უფლება მხოლოდ გუშინ გამოიყენა. აღმასკომის წევრებიდან კი წევრობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მხოლოდ ფიფიამ გააპროტესტა:

"აღმასკომის წევრემა ჩათვალეს, რომ კლუბების სფფ-ში გასაწევრიანებლად საჭირო პირობა რიგგარეშე ყრილობის ჩატარება იყო. ეს მიუღებელი გახლდათ, რადგან კლუბებს, მით უფრო, კერძო კლუბებს, აქვთ უფლება, ფედერაციის სუბიექტები გახდნენ".

"ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ ეს აღმასკომი უუნაროა და სამწუხაროდ, ეს ხალხი ვერც ხვდება, რა გადაწყვეტილებას იღებს. მიმაჩნია, რომ ყრილობაზე ამ ორგანოს ხელახალი არჩევის საკითხიც უნდა დაისვას", - ამბობს სფფ-ს წევრობის ერთ-ერთი მსურველის, "საბურთალოს გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე.

"სფფ-ს წესდებაში პირდაპირ წერია, რომ ყრილობა ვალდებულია განიხილოს 16 საკითხი, მათ შორის - სუბიექტების მიღება-არმიღება, აირჩიოს აღმასკომის წევრები და ასე შემდეგ. მათ კი დღის წესრიგში მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები შეიტანეს.

ამასთან დაკავშირებით, ხვალ (ანუ დღეს, სამშაბათს - რედ), 16 საათზე, "დინამო არენაზე" საგანგებო პრესკონფერენციას გავმართავ.

ვაპირებ შევხვდე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ცვლილებები სურს, მათ შორის - ლევან კობიაშვილს და საერთო ბრძოლა წამოვიწყოთ, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს ფეხბურთის ფედერაცია საკუთრებად მიაჩნიათ", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია, რომელიც სხდომის დროს ფედერაციასთან იმყოფებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხმა ამოიღეთ და მთელი სპორტული სამყარო გაერთიანდეს ამ მავნებლების თარეშის აღსაკვეთად, თორემ ქუთაისიდან ეტყობა საქმეს რომ, უბედურება დატრიალდება და ამ ფედერაციას თავის ვითომ მწვრთვნელებიანად უბედურება დაუტრიალდებათ. მართლაც ვაჟკაცები ყოფილხართ კოკაიავ და ფიფიავ, ვამაყოფთ თქვენით. ძირს ხროვა არველაძეთა და ვეტერანებისა.
ქართლო განრისხებული ქუთაისიდან
12:53 15-09-2015
0
სრულიად ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებეს.ამჟამინდელმა საქმოსნებმა ჯობია ლამაზად დატოვონ სკამები,რათა სანაგვეზე არ მოხვდნენ.ცვლილებები აუცილებელია.მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო იბრძოლებს და მიაღწევს გამარჯვებას.ხროვა - სახლებში!
ნინო
13:48 15-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული