მამუკა კვარაცხელია: ეს აღმასკომი კი არა, დაღმასკომია!

AutoSharing Option
პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ფეხბურთის ფედერაციას მოსვენებას არ აძლევს. გუშინ, 15 სექტემბერს, მან აღმასკომის ბოლო სხდომაზე ისაუბრა და როგორც სჩვევია, მნიშვნელოვანი ფაქტებიც გაახმაურა...

წერილი უეფადან
- ფეხბურთის ფედერაციამ უეფადან მიღებული წერილი რომ წარმოგვიდგინა, იქ იგივე წერია, რასაც დიდი ხანია ფაქტებით ვამხელ - ფედერაცია ვალდებულია, თავისი წესდება და რეგლამენტი დაიცვას, სახელმწიფო კი არჩევნებში არ უნდა ჩაერიოს. ასეთი პრეცედენტი თუ არსებობს, უეფას წერილობით და ფაქტებით მიმართონ...

საპასუხოდ, უეფას წერილი მეც გავუგზავნე და დაწვრილებით აღვწერე ფედერაციის მიერ ჩადენილი დარღვევები, რითიც საკუთარ წესდებას აცამტვერებს, ახლა
კი მის დაცვას უეფას სთხოვს!..

ასევე დაწვრილებით მივწერე, როგორ არღვევს, და თანაც მრავალმხრივ, სფფ საკუთარ ეთიკის კოდექსს. ინებეთ ფაქტები - 10 დელეგატი ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასს იღებს. მიუხედვად მათ მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისა, ამ დელეგატების სია თავად სფფ-მ უკვე გამოაქვეყნა.

ასე მაგალითად, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენს ოთარ კორღალიძე, გურიას - გოჩა ტყებუჩავა, პროფკავშირს - ნიკა ჩხეიძე, ვეტერანთა კავშირს - ვაჟა ჟვანია, ქალთა ფეხბურთს - ნინო სორდია, ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგას - გერმანე გობეჯიშვილი, მსაჯთა და დამკვირებელთა კავშირს - მერაბ მალაღურაძე, პლაჟის ფეხბურთის ასოციაციას - გიორგი ხაჩიძე, ეზოს ფეხბურთს - ირაკლი ნაკაიძე, ხოლო საფეხბურთო სკოლების ასოციაციას - არჩილ არველაძე...

არადა, ეთიკის კოდექსში წერია, რომ ოფიციალურმა პირებმა არ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ მათი პოზიცია და ამით კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ უნდა ისარგებლონ.

ინტერესთა კონფლიქტზე კი მითითებულია: დანიშვნამდე, კანდიდატმა თანამდებობაზე უნდა ამოწუროს ნებისმიერი პირადი ინტერესი, რომელიც მის მომავალ საქმიანობას შეიძლება უკავშირდებოდეს...

ძმაო ძმითა ხარ ძლიერი!
- წარმოგიდგენიათ? თავად რევაზ არველაძის გარდა, საკუთარ არჩევნებში ლამის მთელი ფედერაცია მონაწილეობს! აღარაფერს ვამბობ ჩვენს სასიქადულო ფეხბურთელზე - არჩილ არველაძეზე, რომელიც არა მარტო დიდი თანამდებობის პირია ფედერაციაში, არამედ ბატონი რევაზის ძმაა!..

აი, ეთიკის კოდექსის 5.2 მუხლი, სადაც წერია: მოვალეობების შესრულებისას, ოფიციალურმა პირმა ყველა ის სიტუაცია უნდა ამოწუროს, რომელმაც, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტამდე მიიყვანოს. ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როცა ოფიციალურ პირს აქვს ან უჩნდება კერძო ან პირადი ინტერესი, რომელიც მას დამოუკიდებელი საქმიანობის საშუალებას ართმევს.

კერძო და პირადი ინტერესები კი გულისხმობს გარკვეული სახის უპირატესობის მიღებას ოფიციალური პირის ან მისი ოჯახის, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისთვის.

ცხადია, ეს შემთხვევა სფფ-ის ეთიკის კოდექსის პირდაპირი დარღვევაა!..

უეფამ, თქვენივე კოდექსი დაიცავითო!
- უეფას ფეხბურთის ფედერაციის მიერ თავისივე კანონის კიდევ ერთ უმძიმეს დარღვევაზეც მივწერე: რიგით ყრილობაზე მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები დანიშნეს, მაშინ, როცა წესდების 27-ე მუხლში რიგითი ყრილობის დღის წესრიგის შესახებ წერია, რომ შემდეგი 16 სავალდებულო საკითხია განსახილველი:

განაცხადი იმის შესახებ, რომ ყრილობა მოწვეულია სფფ-ის წესდების შესაბამისად; დღის წესრიგის დამტკიცება; პრეზიდენტის მოხსენება; დამკვირვებლების დანიშვნა; წევრის მიღება, სტატუსის შეჩერება ან გარიცხვა; წინა ყრილობის ოქმის დამტკიცება; გაწეული საქმიანობის ანგარიში; საბუღალტრო ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშები; ფინანსური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცება.

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იმსჯელონ, თუ არის წინადადებები სფფ-ს წესდებაში, მის მარეგულირებელ დებულებებში და ყრილობის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, ასევე, სფფ-ის წევრებისა და აღმასკომის მიერ წარმოდგენილ სხვა საკითხებზე...

უმნიშვნელოვანესია, რომ ყრილობაზე სავალდებულია არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ, აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა არჩევაც. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის მმართველებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს და 3 ოქტომბერს, 16 პუნქტის ნაცვლად, მხოლოდ პრეზიდენტის არჩევისთვის მოიცლიან. ისინი არ აპირებენ ფინანსური ანგარიშის, არც ბიუჯეტის, არც სხვა უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო საკითხების განხილვას, თითქოს, ოჯახურ სამზარეულოში სადილის მომზადების საკითხებს წყვეტენ.

არ ვიცი, ამას რა ჰქვია? ეს საკუთარი წესდების დარღვევა კი არა, აბუჩად აგდებაა.

პირდაპირ გეუბნებით - ეს არ არის სფფ-ის აღმასკომი, ეს არის დაღმასკომი! რომელიც ღუპავს ქართულ ფეხბურთს. ამ ორგანომ ფეხბურთის ფედერაციის პრივატიზაცია განახორციელა!

რიგგარეშე ყრილობის აჩრდილი
- როგორ მეგონა, რომ აღმასკომის ბოლო სხდომაზე 25-ვე კლუბის წარმომადგენელი მოვიდოდა, მაგრამ... არავინ მოსულა! არადა, ყველას მოვუწოდე, ქართული ფეხბურთის ბედი წყდება და შემომიერთდით-მეთქი...

ვერ წარმომიდგენია, შენი კლუბის გაწევრების საკითხი იხილებოდეს და არ მოხვიდე!..

მარტო მე ვიყავი ჩემი ოციოდე მხარდამჭერითა და ჟურნალისტებით... ნეტავ, რა უნდათ? მათ ნაცვლად მე ვიბრძოლო?! კი ბატონო, ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ შე კაი კაცო, მოდი და მხარში ამომიდექი... ერთი ტკბილი სიტყვა მაინც მითხარი, გამამხნევე მაინც... ერთი წერილის დაწერით ომი ვის მოუგია?!.

დაბოლოს: პირობას გაძლევთ, სფფ-ის ეს ხელმძღვანელობა არჩევნებს წააგებს. თუ საოცრება მოხდა და მაინც მოიგო, მაშინ სფფ-ის წესდებით, რიგგარეშე ყრილობას მოვიწვევთ და წევრებად ავირჩევთ იმ კლუბებს, რომელთაც ამ უფლებას არ აძლევენ. მერე კი, ობიექტურად გაზრდილი დელეგატთა რაოდენობა გადაწყვეტს, ვინ უნდა მართოს ქართული ფეხბურთი!..

შევიტყვე კიდეც, რომ შვიდმა სუბიექტმა უკვე შეიტანა სფფ-ს სამდივნოში რიგგარეშე ყრილობის მოწვევის საკითხი. ფედერაციის წესდების 28-ე პუნქტის მე-2 მუხლის მიხედვით, რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა სფფ-ის ყველა წევრის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნის საფუძველზე და ეს წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული...

ახლა, აღმასკომი ვალდებულია, რიგგარეშე ყრილობა მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს ერთ თვეში მოიწვიოს. თუ ამას არ იზამს, მაშინ სფფ-ის იმ წევრებს, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნა წარადგინეს, რიგგარეშე ყრილობა თავად შეუძლიათ მოიწვიონ და დახმარებისთვის ფიფას ან უეფას მიმართონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონო მერაბ(მამულაშვილი)! გთხოვთ თქვენი გაზეთის საშუალებით დანიშნოთ კონკრეტული დღე და დრო რომ გულშემატკივრები შევიკრიბოთ ფედერაციასთან და რამენაირად მოვიშოროთ ეს მართლაც ბანდა! სასწრაფოდ! თქვენი პატიოსნების იმედი გვაქვს და ისიც გვახსოვს მერაბ ჟორდანიას დროს რომ ერთადერთი იყავით, ვინც ეხლანდელის მსგავსად იმ ოციოდ გაულშემატკივართან ერთად იდექით ფედერაციასთან. ეგებ ეხლა ითავოთ და შეკრიბოთ ხალხი, ეს ხომ ეხლა ყველაზე ძალიან სჭირდება ჩვენს საყვარელ სპორტის სახეობას.
murtalo
12:05 16-09-2015
0
ხალხო დაიწყეთ შეკრება ფ(პ)ედერაციასთან.იმათ გასაგონად,ვისაც თითქოსდა გაწევრიანება სურთ, მაგრამ სხვისი ხელით,აღმასკომის სხდომაზე კი მისვლა არ უნდათ, პირდაპირ მივმართავ-ხართ ნაცხროვისა და ქოც-ქოცთა ბრუტალური ნაზავი,რომელსაც არავითარი სიახლე და წინსვლა არ აინტერესებს.ხართ დამყაყებული და ამით კმაყოფილი, მომავალი არ გაქვთ
Vaxtang
14:45 16-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული