ლევან კობიაშვილი: გარანტიას გაძლევთ, რომ გავიმარჯვებ!

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ...

- აღმასკომმა სფფ-ში გაწევრების სურვილის მქონე კლუბებს მოთხოვნაზე უარი უთხრა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- კლუბებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. ეს იმიტომ, რომ ფედერაციის მაღალჩინოსნებსა და აღმასკომის წევრებს პირადი ინტერესები აქვთ და არა - ფეხბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის სურვილი. ეს ძალზე სამწუხაროა.

აღმასკომი არ უნდა წყვეტდეს, კლუბი სფფ-ის სუბიექტი გახდეს თუ არა. მას წესდება ავალდებულებს, რომ უნდა იყოს გამტარი კლუბებსა და ყრილობას შორის, რადგან სუბიექტად ეს უკანასკნელი იღებს ან არ იღებს.
დღევანდელი აღმასკომი კი ამ ელემენტარულ ფუნქციასაც ვერ ასრულებს.

- აღმასკომის ეს გადაწყვეტილება რომ გახდა ცნობილი, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ და სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ, ლამის ერთხმად, რიგგარეშე ყრილობის იდეა წამოაყენეს. მოვლენათა ასეთ განვითარებას თუ ემხრობით?
- ასეთ შესაძლებლობას მე კი არა, თავად ფედერაციის წესდება უშვებს, ანუ რიგგარეშე ყრილობა უნდა აუცილებლად გაიმართოს, თუ ამას სუბიექტების მეხუთედი, ანუ 7 მათგანი ითხოვს. ყრილობა კი მოთხოვნიდან ერთ თვეში უნდა დაინიშნოს. არ მესმის, კლუბების გაწევრების საკითხის განსახილველად რა საჭიროა დეკემბერში რიგგარეშე ყრილობის გამართვა, როცა ეს ახლაც სავსებით შესაძლებელია? რაც მთავარია, ეს წესდების მოთხოვნაა. ეს არის კიდევ ერთი ნეგატიური გადაწყვეტილება, რაც ამ აღმასკომმა მიიღო.

ახლა უნდათ, წარმოაჩინონ, რომ კლუბებს წევრობა მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნოდ მოუნდათ. არადა, სუბიექტად აღიარების მოთხოვნა არჩევნებამდე ბევრად ადრე წამოაყენეს საჩხერეს "ჩიხურამ", ლანჩხუთის "გურიამ", ბათუმის "დინამომ"...

კლუბები ფედერაციას ეუბნებიან - თქვენი ოჯახის წევრები ვართ, საქართველოს ევროთასებზე წარმოვადგენთ და წევრად გვაღიარეთო და უარს ეუბნებიან. ბათუმის "დინამომ" უეფას ლიცენზია მიიღო და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ დავიჯერო, რომ სფფ-ის წევრობისთვის აუცილებელი ელემენტარული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა? ასეთი რამ გამორიცხულია.

- პრეზიდენტობის კანდიდატ მამუკა კვარაცხელიას პრეტენზია ყრილობის დღის წესრიგზეც აქვს. იქ წერია, რომ ყრილობის დღეს ახალი აღმასკომის არჩევა გათვალისწინებული არ არის...
- წესდებაში პირდაპირ წერია, რომ ყრილობის დღის წესრიგში აუცილებელად უნდა შევიდეს რამდენიმე პუნქტი: პრეზიდენტის მოხსენება, ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშები, უნდა დამტკიცდეს ბიუჯეტი, სავალდებულო გახლავთ პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრთა არჩევაც.

ახლა რა გამოდის? - აღმასკომი საკუთარ წესდებასაც არღვევს და ყრილობაზე ფედერაციის საქმიანობის ანგარიშის მოსმენაც არ სურს? ნუთუ, მათთვის სულერთია, რა ბიუჯეტი აქვს სფფ-ის და მომავალ წელს რა თანხებით დავიწყებთ? ეტყობა, ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, წესდებაში რა წერია! ამ ყველაფრის შემდეგ ვინმე მეტყვის, რომ ეს აღმასკომი ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს და ქართული ფეხბურთის ბედითაა დაინტერესებული?!

- კლუბებისთვის წევრობაზე უარის თქმის მოტივი გასაგებია: ფეხბურთის ფედერაცია ვარაუდობს, რომ ამით თქვენი მომხრეების რაოდენობა გაიზრდება...
- ამასაც არ ვეთანხმები, რადგან აღმასკომის ამ გადაწყვეტილებას იურიდიული საფუძველიც არ გააჩნია. ისიც სისულელეა, თითქოს კლუბებმა სფფ-ის წევრობა მხოლოდ საარჩევნოდ მოინდომეს - ისინი ამას წლებია, ითხოვენ... მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი 3 ოქტომბერს დაესმება.

- ეტყობა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი გაქვთ...
- დიახ, ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამის გარანტიასაც გაძლევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსთავი და "რეგიონი" კობი შენთან ვართ, უნდა გაიმარჯვო...
დროა, ცვლილებების დროა!
zviad korinteli
18:32 18-09-2015
0
კველას ვისაც უკვარს და გული შესტკივა კართულ ფეხბურთზე, კობის იმედი გვაკვს!
Unknown
18:32 18-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული