კახა კალაძე: დიახ, ფეხბურთში უნდა ჩავერიოთ, ოღონდ...

AutoSharing Option
ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გულშემატკივრებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთთან დაკავშირებულ გეგმებს ეხებოდა. წინასაარჩევნო პროცესში ყველა თანხმდება, რომ ვინც უნდა გახდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერაფერს გახდება.

საინტერესოა, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ფეხბურთთან მიმართებაში?

"ამაზე ხელისუფლებაში იყო ლაპარაკი. იცით, რომ შექმნილია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისია. ჩვენ არაერთხელ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი.

ყველა კანდიდატს ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია, რადგან დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ
ეროვნული ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთი და ასე შემდეგ. სახელმწიფოს ჩარევაც სწორედ ამაშია საჭირო და ადრე სწორედ ეს ვთქვი. მაგრამ იმ სიტყვებს მაშინ სხვა ინტერპრეტაცია მისცეს.

ვიმეორებ, სახელმწიფო ფეხბურთში ფინანსურად უნდა ჩაერიოს, თორემ ქართული ფეხბურთის განვითარება და მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთული იქნება", - ამბობს კალაძე.

ვიცე-პრემიერმა იმაზეც ილაპარაკა, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებს სახელმწიფო ფეხბურთში:

"ამ თემასთან დაკავშირებით უნდა შევიკრიბოთ და ცალკე ვილაპარაკოთ. ჩვენ ვიცით, ფეხბურთზე დაახლოებით რა თანხები იხარჯება - იგულისხმება მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ კლუბებზე გაცემული სახსრები. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს თანხა ფეხბურთის განვითარების ფონდში უნდა ჩაიდოს და როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლუბებზე თანაბრად გადანაწილდეს.

კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, როგორ უნდა დაიხარჯოს ფული - ინფრასტრუქტურაში, ბავშვთა ფეხბურთში თუ რა მიმართულებით".

ასეთი ვერსიაც გავრცელდა - თუ არჩევნებში ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გაიმარჯვებს და არა - კალაძის მეგობარი ლევან კობიაშვილი, სახელმწიფო ახალ პრეზიდენტთან არ ითანამშრომლებს. კალაძემ ამ კითხვაზეც უპასუხა:

"მუსირებს აზრი, რომ რადგან კობიაშვილი ჩემი მეგობარია, ამიტომ მას სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნება.

დიახ, ლევანი მართლაც ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ასეთ ღირსეულ ადამიანთან მეგობრობა მეამაყება. მას სუფთა წარსული აქვს, მაგრამ, როცა სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ, მას შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შეხედულებები ნაკლებად გამოვხატო.

არჩევნების შემდეგ ამაზე ვრცლად ვილაპარაკებ, ახლა კი მოვერიდები, რათა ვინმემ ეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად არ მიიღოს.

ნამდვილად არ არის ასე - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ წარსულში - იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ბოლო წლების განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანებით ერთ წრეზე ვტრიალებთ და ეს ძალიან ცუდია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავალი, მისი განვითარება და წინსვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა - კობი!!!
ის გაცილებით ბევრს მოახერხებს, ვიდრე არველაძე.
კოკა
15:39 22-09-2015
0
ფეხბურთზე კი არა ელექტრო ენერგიასა და საწვავზე ილაპარაკე, რა გეფეხბურთება სპორტის მინისტრი ხარ
goga
15:30 22-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული