მამუკა კვარაცხელია: შვიდი კლუბი რიგგარეშე ყრილობას ითხოვს!

AutoSharing Option
სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. შეხვედრების დროს ის სხვადასხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. კვარაცხელიას თქმით, ფიფას რეიტინგში საქართველო ასეთ დაქვეითებას არ იმსახურებს.

"ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, ბევრი გაგონილიც არ გექნებათ: მაგალითად, სენტ ვინსენტი და გრენადინები 56-ათასიანი მოსახლეობით, 42-ათასიანი სენტ კიტსისა და ნევისის კუნძულები... აგრეთვე სანტა ლუჩია, ლესოტო, არუბა, გუამი. ჩვენზე წინაა საომარ მდგომარეობაში მყოფი პალესტინა და სირია, სადაც არავის ეფეხბურთება. ან როდესმე რამე გსმენიათ ავღანურ ფეხბურთზე?

არადა, მინიმუმ, 50-60 საუკეთესო ქვეყანას შორის უნდა ვიმყოფებოდეთ. ამის თქმის უფლებას ჩვენი
ფეხბურთის წარსული და მისი პოტენციალი მაძლევს...

დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე შეგვიძლია გასვლა. ბევრს ეს არარეალური ჰგონია, მაგრამ გაიხსენეთ, რომ 2020 წლის პირველობის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი უნდა მოხვდეს - ანუ, ევროპული ქვეყნების ლამის ნახვარი. თუ ან ნახევარშიც ვერ მოვხვდით, მაშინ დაღუპულა ქვეყანა და ფეხბურთი საერთოდ უნდა ავკრძალოთ", - ამბობს კვარაცხელია.

ის გურიის რეგიონული ფედერაციის დელეგატისთვის ხმის უფლების ჩამორთმევასაც გამოეხმაურა:

"საბედნიეროდ, საქმეში კომპეტენტური ორგანოები ჩაერივნენ და გურიის წარმომადგენელს ხმის უფლება ჩამოართვეს. მე ვგულისხმობ არა სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო არბიტრაჟს. გვიან, მაგრამ მაინც მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან თავად სფფ-ს წესდება დაირღვა და ვალდებულები იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ".

კვარაცხელიამ საარჩევნო პროცესის დარღვევებზეც ილაპარაკა:

"დელეგატების საკითხი ბევრ კითხვას ბადებს. 24 კლუბი ითხოვს გაწევრიანებას და სფფ ამ კანონიერ მოთხოვნაზე მათ უარს ეუბნება. ამას გარდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ მიხეილ ყაველაშვილსა და მერაბ ჟორდანიას.

სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ საარჩევნო შეზღუდვები, ვგულისხმობ უმაღლესი განათლების ცენზს, ყაველაშვილის გამო შემოიღეს".

პრეზიდენტობის კანდიდატი და უეფას მედიაოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ყრილობის ჩატარება მიუღებელია:

"დიახ, 3 ოქტომბრის არჩევნების გადადება აუცილებელია. სასურველია, რომ ყრილობის ჩატარების თარიღმა მოგვიანებით გადაიწიოს.

საქმე ისაა, რომ არასასურველი საარჩევნო გარემოა. დელეგატები წესის მიხედვით ავირჩიოთ, დავამატოთ სფფ-ს ახალი წევრი კლუბები, დავუშვათ კანდიდატებად ჟორდანია და ყაველაშვილი, იყოს მეტი დელეგატი... უკვე არსებობს 7 კლუბის განცხადება რიგგარეშე ყრილობის მოწვევის თაობაზე".

კვარაცხელიამ არჩევნებში ხელისუფლების ჩარევაზეც ილაპარაკა:

"ხელისუფლების ჩარევის დასამტკიცებლად უეფასა და ფიფაში დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო. თუმცა, ორი აზრი არ არის, რომ ადრინდელივით ნამდვილად არ ხდება. 2007 წელს, როცა ნემსაძე გადააყენეს, ერთ-ერთმა დელეგატმა მაჩვენა ადეიშვილის წერილი, საიდანაც ის მიხვდა, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატს არ მისცემდა ხმას, ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე".

დაბოლოს, კვარაცხელია აცხადებს მზადყოფნას, სხვა კანდიდატებთან ერთად, პირდაპირ ეთერში, ტელედებატებში მიიღოს მონაწილეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული