დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
* რომან ფიფიას პროტესტი: უკანონობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებ!
* ფედერაციის იურისტი თამაშგარეში: რატომ არ მიმიწვიეს აღმასკომის სხდომაზე, წარმოდგენა არ მაქვს
* ტრიბუნალის თავმჯდომარე: სკამის გამო, უკანონობაზე არ წავალ!

როგორც იტყვიან ხოლმე, გუშინ, 23 სექტემბერს, ხმაური იყო ქართულ ფეხბურთში! ცხადია, ეს ყველაფერი 3 ოქტომბრის ყრილობას უკავშირდება. მომხდარზე ქრონოლოგიურად მოგიყვებით...

სად იყავით, ნემსაძე რომ გადააყენეს?
დილით, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ და რეგიონულ ფედერაციებში დარღვევებზე დოკუმენტაცია წარმოადგინა.

მან ისაუბრა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემოს სვანეთის რეგიონულ ფედერაციებში
არსებულ დარღვევებზე (ამაზე ლამის ყოველდღე ვწერთ და აქ აღარ დავაკონკრეტებთ), რაშიც ის სფფ-ს ადანაშაულებს.

"გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ რამდენიმე რეგიონულ ფედერაციაში დოკუმენტაციები გააყალბეს. ეს სისხლის სამართლის დარღვევაა, რითიც საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ამ ფაქტებისა და ცამეტივე რეგიონული ფედერაციის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განაცხადს უახლოეს დღეებში შევიტანთ", - ამბობს ცაბეხია.

მან სფფ-ს ხელმძღვანელებს ძველი ამბავიც გაახსენა:

"2009 წელს, მცხეთა-მთიანეთის ფედერაციაში გამართულ სხდომას მაშინდელი პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე დაესწრო. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური ჩარევა, მაგრამ ამაზე სფფ-ს რეაქცია არ ჰქონია. ამ ადამიანებმა მსგავსი განცხადებები რატომ არ გააკეთეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ნემსაძე არჩევიდან მცირე დროში პოსტიდან გადააყენეს"?!

იურისტი თამაშგარეში
გურიის რეგიონი იყო ბოლო, რომელსაც სფფ-ის ყრილობაზე დელეგატი უნდა წარედგინა. საამისო ვადად 23 სექტემბერი იყო დათქმული. ამ და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხის გამო, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა კიდევ ერთხელ გაიმართა.

სიურპრიზიც სწორედ აქ გველოდა. სხდომაზე გოჩა ტყებუჩავას ხმის უფლება აღუდგინეს.

საერთოდ, აღმასკომზე ხშირად განიხილავენ თემებს, რომელზეც იურისტთან კონსულტაციაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით, სხდომებს ფედერაციის იურისტი კესო ჩხიკვაძე ესწრებოდა. თუმცა ბოლო რამდენიმე სხდომა მის გარეშე ჩატარდა. გუშინ კი მის ნაცვლად აღმასკომზე სხვა იურისტი - გიორგი ანთაძე გამოცხადდა.

"თამაშგარეში" მოხვედრის მიზეზი კესო ჩხიკვაძემ "ლელოსთან" ვერ ახსნა:

"აღმასკომის სხდომა რომ გაიმართა, ეს არავის უთქვამს და მხოლოდ პოსტფაქტუმ გავიგე. ისიც მოულოდნელად შევიტყვე, რომ იურისტი გიორგი ანთაძე იყო. ძალიან კარგი პიროვნებაა, კალათბურთის ფედერაციაში საქმიანობდა და კონსულტაციები სჭირდებოდა. მაგრამ მე რატომ არ მიმიწვიეს, წარმოდგენა არ მაქვს".

ტრიბუნალის თავმჯდომარეც გაუშვეს
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ჩხიკვაძის არმიწვევის მიზეზი სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლის ძალითაც ტყებუჩავას დელეგატის უფლება ჩამოართვა.

გუშინდელ აღმასკომზე ტრიბუნალის თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძეც მოხსნეს. მიზეზი? ალბათ ის, რომ სფფ-სთვის არსასურველი გადაწყვეტილება მიიღო. ბიწაძე კი სწორედ ჩხიკვაძის კადრი გახლდათ. "ლელომ" მასაც სთხოვა კომენტარი:

- გათავისუფლების მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. თუ ეს გურიის რეგიონული ფედერაციის თაობაზე მიღებული დადგენილების პასუხია, მაშინ ეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოზე პირდაპირი ზეწოლაა - ანუ, ვისაც ჩემ შემდეგ დანიშნავენ, იმასაც მიანიშნეს - როგორც ჩვენ გვაწყობს, საკითხი ისე უნდა გადაწყვიტოო...

- არადა, ყველა მიიჩნევდა, რომ რადგან სპორტული არბიტრაჟი სფფ-ს დანამატი იყო, მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს მიიღებდა, თქვენც კი...
- მე ყოველთვის სინდისისა და კანონის კარნახით ვხელმძღვანელობდი. სკამის გამო, უკანონობაზე არც წავსულვარ და არც წავალ. გურიის შემთხვევაში კი კანონი აშკარად დაირღვა, რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამგეობის სხდომის ოქმი ვერ წარმოადგინა...

სხვათა შორის, აღმასკომის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გავაუქმეთ, როცა წესდების დარღვევითა და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, სხვების გამო, თბილისის "ლოკომოტივი" იწირებოდა... ასე მოქცევა არ შეიძლება.

საერთოდ, ეტყობა, ფედერაციასა და აღმასკომს პრობლემები აქვთ, თორემ ასეთ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ.

- აღმასკომის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია?
- ჯერ უნდა გავიგო, რატომ გამათავისუფლეს. სამართლებრივ დავაზე მერე დაფიქრდები.

კოკაიას მოკვეთა, ფიფიას პროტესტი
როგორც სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გია ფირცხალავამ განაცხადა, აღმასკომის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალოს.


ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, "დინამოს მეპატრონე რომან ფიფია გახლდათ. მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა:

"ისევ ტყებუჩავა წარადგინეს. ეს უკვე მეტისმეტია! როგორც ვიცი, არასამთავრობოები პროკურატურაში ამ საკითხზე განცხადების შეტანას აპირებენ. ეს ყველაფერი ჩემთვისაც მიუღებელია, რადგან უკანონობის დაკანონებას ჰგავს - ფაქტობრივად, სადღაც სისხლის სამართალთან ახლოსაა. მე კი ამ პროცესებში მონაწილეობა არ მსურს.

ახალ არჩევნებამდე აღმასკომის სხდომებში მონაწილეობას აღარ მივიღებ", - აცხადებს ფიფია და იქვე დასძენს, რომ აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიზარდოს. მას მხედველობაში ჰქონდა ალექსანდრე ჩივაძის შეურაცხყოფა:

"საშა ჩივაძეს დიდ პატივს ვცემთ, სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელია და მის ღვაწლს ვაფასებთ".

ფიფიამ ყრილობის დღის წესრიგზეც ილაპარაკა:

"დებულებაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, ყრილობაზე ახალი აღმასკომია ასარჩევი, უნდა შევაფასოთ განვლილი 4 წელი, ახალი ბიუჯეტი და ასე შემდეგ...

მთავარია არჩევნები გამართონ და ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. ძალიან დაძაბულია ვითარება და ყველამ ყველაფერი იცით, რაც ხდება".

ახალი გემდივანი
დაბოლოს - ცნობილია, რომ სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგა. აღმასკომმა ამ პოსტზე მოვალეობის დროებით შემსრულებლად საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია დაამტკიცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
აქ წერას აზრი ააქვს?უნდა გავიდეთ და გამოვყაროთ ეს გველები იქიდან თორემ ფეხბურთი არ გვექნება არასდროს
Nukri
21:18 24-09-2015
0
დღევანდელი ფედერაცია ძალიან გულმოდგინედ ებრძვის ქართული ფეხბურთის ყველა ინვესტორს.
რატომ?
გიორგი მეტრეველი
18:18 24-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული