ნაკრების ყოფილი კაპიტანი: ქველმოქმედი უნდა იყო, ფეხბურთში ფული რომ ჩადო

AutoSharing Option
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" 20 წელიწადია საქართველოში მოქმედებს და ერთ-ერთი უძლიერესი ჰოლდინგია. მის მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდროსადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, გაზზე მომუშავე გარდაბნის თბოელექტროსადგური. ამას გარდა, "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ეკუთვნის ბუნებრივი აირის საცალო და საბითუმო ბაზრებზე გაყიდვების 40% და 60%, თან საქართველოს მასშტაბით 31 გაზგასამართავ სადგურს ("ნეოგაზი") ფლობს...

კაპიტანი
ამ სოლიდური კომპანიის ფინანსური დირექტორის მოადგილე სოსო დევიძე გახლავთ. ის ფეხბურთის გულშემატკივრებს ემახსოვრებათ - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი. ეს ახალგაზრდა კაცი ვახტანგ კოპალეიშვილის იმ გუნდის კაპიტანი გახლდათ, რომელიც ევროპის
18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, გზიდან კი ტომაშ როსიცკის, მილან ბაროშისა და ზდენეკ გრიგერას ჩეხეთი ჩამოიშორა.

დევიძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდა. იყო თბილისის "მერანი 91-ის" კაპიტანი. მაგრამ 24 წლისამ ფეხბურთს თავი დაანება და ბიზნესში წავიდა...

წლების შემდეგ, სოსო დევიძემ საფეხბურთო თემაზე ინტერვიუ პირველად "ლელოს" მისცა და ვფიქრობთ, დაინტერესდებით, რატომ ჩამოშორდა ნაადრევად ფეხბურთს, ხომ არ ნანობს ამ ნაბიჯს, რა განწყობაა ბიზნესში ქართული ფეხბურთის მიმართ და ასე შემდეგ...

რატომ წავედი?
- თქვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჰოლდინგში საქმიანობთ. დროის გადასახედიდან, რას ფიქრობთ, 24 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო?
- შესაძლოა, დღეს ფეხბურთელს ბევრად მეტი პერსპექტივა ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ დროს იყო. სიმართლე გითხრათ, ის პერიოდი ძალიანაც მენატრება. მაგარი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი, ლამის ყველას ვარსკვლავის პოტენციალი ჰქონდა - ზურაბ ბათიაშვილს, გია ბედიაშვილს, ვალერი აბრამიძეს, ოთარ ხიზანეიშვილს, ზურაბ მენთეშაშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს, ლაშა ნოზაძეს, ოლეგ გველესიანს, დავით დიღმელაშვილს, ლევან კორღალიძეს, ვალერი გაგუას, რეზო გოცირიძეს, ლაშა ჯაკობიას, შალვა აფხაზავას...

მერე "მერანში" ვთამაშობდი. მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ მხიბლავდა. თანაც იმ დროს, ფეხბურთის დონე ყოველწლიურად ეცემოდა, წინსვლასაც ვერ ვგრძნობდი და ნელ-ნელა ასაკი მემატებოდა...

იმ წლებში არც მითამაშია, როცა ფეხბურთელს ასაკი და გამოცდილება ყველაზე მეტად უწყობს ხელს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოავლინოს. ამ ყველაფრის გამო, ფეხბურთისთვის თავის დანებება ვამჯობინე. 18 წელი ვთამაშობდი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ცხოვრების 180 გრადუსით შემობრუნება ძალიან ძნელი იყო. მაგრამ იდეაში მაინც არ ვნანობ, რადგან რაიმეს მიღწევა თუ შემეძლო, ეს მანამდე უნდა მომეხერხებინა.

- თქვენი ასაკის ბიჭები კარიერას ამთავრებენ და ახლა უწევთ საქმიანობის 180 გრადუსით შეცვლა...
- საბედნიეროდ, იმდენი განათლება მქონდა, რომ სხვა სფეროზე გადართვა მოვახერხე.

რატომ არაა ინტერესი
- თქვენ ახლა ფინანსისტი ხართ, ბიზნესში საქმიანობთ და რას ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს, ბიზნესი ქართული ფეხბურთით რომ დაინტერესდეს?
- ფეხბურთი ყველა ქვეყანაში ბიზნესია და ინვესტიცია ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის საინტერესოა. სამწუხაროდ, სანამ საქართველოში ფეხბურთი სანახაობრივი და ინვესტორებისთვის ფინანსურად საინტერესო არ გახდება, ფულის ჩადება არარეალური მგონია. ბიზნესმენს ჩვენთან ფულის ჩადებას მხოლოდ სპორტის დიდი სიყვარული და თავისუფალი ფული თუ გადააწყვეტინებს, თორემ, ფინანსური ინტერესით - გამორიცხულია!

- მაინც გკითხავთ. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მძლავრი ჰოლდინგია და ფეხბურთის კლუბის სპონსორობაზე არ გიფიქრიათ?
- ჰოლდინგი გარკვეულწილად ტყიბულის "მეშახტეს" ეხმარება. უკვე გითხარით, რომ ბიზნესმენი ქველმოქმედი უნდა იყოს, ფეხბურთში ფული რომ ჩადოს. არ არის საინტერესო და პლუს - წამგებიანია. აქედან გამომდინარე, ფულის ჩადებაზე გადაწყვეტილების მიღება ძნელია.

- რა უნდა შეიცვალოს, რომ თქვენი კომპანია ფეხბურთით დაინტერესდეს? თუ ასეთი რამ გამორიცხულია?
- კომპანიის სახელით ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი უკუგებასაც უნდა ელოდო. ფეხბურთი ბიზნესპროექტად რომ განიხილო, წამგებიანია. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ფეხბურთი ბიზნესისთვის საინტერესო რომ გახდეს.

შეღავათები სახელმწიფოს არ აწყობს
- მაგალითად, კანონმდებლობაში კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს?
- მარტივი თემა არ არის. სულ არის ლაპარაკი, რომ სხვადასხვა გადასახადებზე კომპანიებს შეღავათები დაუწესდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ბიუჯეტს თანხა მოაკლდება და სახელმწიფო სხვა პროექტებს ვეღარ განახორციელებს. ამიტომ, ეს თემა სახელმწიფოსთვისაც არ არის საინტერესო.

ფეხბურთის განვითარების მარტივი ფორმულა არ არსებობს. გამოსავალი ისევ ეკონომიკის განვითარებაა. ფეხბურთის დონე მხოლოდ ამის ფონზე თუ გაიზრდება. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაც ადვილია. ასე რომ, ამ ეტაპზე, ბიზნესის დაინტერესება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რასაც ვუყურებ, სწორ გზას მხოლოდ თბილისის "დინამო" და "საბურთალო" ადგანან. რომან ფიფიას ფულის მეტი თავისუფალი რესურსი აქვს და საბოლოო ჯამში შემოსავალი გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება ბავშვების გაზრდითა და უცხოურ კლუბებში ფეხბურთელების გაყიდვით. ასეთ აკადემიებს ყველა რეგიონში თუ გააკეთებენ, ძალიან მაგარი იქნება და ბევრ ბავშვს მიეცემა საშუალება, სპორტულ ცხოვრებაში რომ ჩაერთოს და შედეგს მიაღწიოს.

იმედია, ფედერაციაშიც ბევრად უფრო პროგრესულად მოაზროვნე ხალხი მოვა, ვიდრე დღეს არის. ასე მგონია, მათი დიდი ნაწილი ძველებურად აზროვნებს და ინერციით მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
Nika გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა!ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე მიხარია ერთი რამე, საქართველოს ნაკრებმა იმ პერიოდში 17 წლამდე ასაკში მოვიგეთ იგივე სახის ოლიმპიური დღეები და გავხდით ოლიმპიური ჩემპიონები პორტუგალიაში 1997 წელს, რა სახის ტურნირიც საქართველოში ჩატარდა წელს და პორტუგალიის ნაკრების პორტუგალიაში დამარცხება ძალიან რთული იყო იმ პერიოდში, სამწუხაროდ იმ პერიოდში ასე არ შუქდებოდა ახალგაზრდა სპორცმენების წარმატებები, მიხარია რომ პირველი ნაკრები ვიყავით 1999 წელს რომლებიც 19 წლამდე სანაკრებო დონეზე გავედით ევროპის ჩემპიონატზე 8 გუნდში ეს ყველაფერი თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა ვინც ვთამაშობდით და ვინც ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით და ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი მწვრთნელის ვახტანგ კოპალეიშვილის, რომელიც ბავშვთა ფეხბურთი ერთ ერთი გამორჩეული და წარმატებული სპეციალისტი იყო. მარადიული სასუფეველი მას.
Joseph
18:20 28-09-2015
0
თუ გინდათ ვენები გადაიჭერით, მაინც რეზი იქნება.
dada
12:28 27-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული