იყო თუ არა ზეწოლა ტრიბუნალზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: დიმიტრი ბოკერია
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ბოკერიამ თქვა, რომ საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებული ზურაბ ბიწაძის ნაცვლად, აღმასკომმა ზურაბ მაისურაძე დაამტკიცა.

"ფედერაციის აღმასკომმა ბიწაძე რამდენიმე მიზეზის გამო გაათავისუფლა. მან "გურიის საქმეზე" ტრიბუნალის დებულების რამდენიმე პუნქტი აშკარად დაარღვია. არ გაითვალისწინა ფედერაციის კანონიერი შუამდგომლობა, ტრიბუნალის სხდომაზე საქმე კოლეგიას განეხილა, ის სრულიად უგულებელჰყო და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ბიწაძეზე არის ზეწოლა და მას საქმის ობიექტურად წარმოება აღარ შეეძლო... ტრიბუნალს მასზე გაცილებით გამოცდილი იურისტი
დავით მაისურაძე უხელმძღვანელებს.

ვინმეს თუ გაუჩნდება ეჭვი, რომ ბიწაძის ვერდიქტით არჩევნებისას რევაზ არველაძეს მხარდამჭერი დააკლდება, შევახსენებ: მისი ხელმძღვანელობით ტრიბუნალს ფედერაციისთვის არასასურველი რამდენიმე გადაწყვეტილება ადრეც მიუღია, რის შემდეგაც აღმასკომი იძულებული გამხდარა, ამ ვერდიქტს დათანხმებოდა.

მაგალითისთვის წინა სეზონის ბოლოს თბილისის "ლოკომოტივის" საჩივრის დაკმაყოფილება გამოდგება, როცა აღმასკომი იძულებული გახდა, საკუთარი გადაწყვეტილება შეეცვალა. მაშინ პრეტენზია რატომ არავინ გამოთქვა"?! - თქვა ბოკერიამ ფეხბურთის ფედერაციის გამოცემა "ჩვენი თამაშისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებულმა ზურაბ ბიწაძემ საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"აღმასკომის გადაწყვეტილება ზვიად სიჭინავას დროსაც შეცვლილა, მაგრამ მაშინ ეს ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ გამხდარა... აღმასკომმა ასეთი გადაწყვეტილებები წესდების მიხედვით უნდა მიიღოს და არა ვინმეს კარნახით.

ტრიბუნალზე მიკერძოებული არ ვყოფილვარ, რადგან ორივე მხარემ დელეგატი წესდების დარღვევით წარადგინა და ორივე გადაწყვეტილება გავაუქმე. ფედერაციაში ოქმი გურიის დელეგატის საქმეზეც ვერ ვნახე და არც ვიცი, როგორ განიხილეს. როგორც ჩანს, წელიწადნახევარი მათთვის სასურველი კანდიდატი ვიყავი, არასასურველი კი ახლა აღმოვჩნდი...

...არსებობს მოსაზრება, რომ გურიის საკითხის გამო გამათავისუფლეს. ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ვიღაცის აზრები არ გავითვალისწინე? მაშინ ეს აშკარა ჩარევა და გაფრთხილებაა ფედერაციის სუბიექტებისთვის, რომ გარკვეული წრისთვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღონ, თორემ მათაც მოხსნიან. ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ამ შემთხვევაში ფედერაციას ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა...

...ვერც წესდებით, ვერც დებულებით სფფ ჩემს საქმიანობაში ვერ ერეოდა, რადგან დავის შემთხვევაში ისიც ჩვეულებრივი მხარე იქნებოდა.

იმედია, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას დაგმობენ, მომავალი პრეზიდენტი კი ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი გახდება", - თქვა ბიწაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული