[ოთხშაბათის საკითხავი] სისტემა თუ არ დაინგრა...

AutoSharing Option
დღეს ჩვენი რუბრიკის თემა ერთია. სხვა დროს ერთი თემით ფონს ვერ გახვალ. ახლა სხვა საქმეა - ჟურნალისტმა იმაზე უნდა წეროს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ჩვენც ხარკი უნდა გადავუხადოთ დროს, თორემ გამოვტყდები და დავწერ - არაფერზე წერა ისე არ მძაგს, როგორც არჩევნებზე...

არჩევნებზე, რომელიც ბევრს ბევრ რამეს ავიწყებს, მათ შორის, იმასაც კი, რაც სულ ერთი წლის ან თვეების ამბავია. ეს სხვა თემაა და ვერაფერს ვუშველით - ასეთია არჩევნების ფსიქოლოგია. სადაც საზოგადოებრივი აზრი გაიძულებს, იქ იმას უნდა დაუკრა ტაში, რასაც ადრე თუნდაც სიტყვით
ებრძოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აზრი შენ წინააღმდეგ იმუშავებს...

მაგრამ მე სხვა რამ მინდა ვიკითხო - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს არჩევნებს? ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ. ყველა ჩვენგანს აქვს თავისი სიმპათია და ანტიპათია. ყველა ჩვენგანს ჰყავს თავისი რჩეული ამ არჩევნებზე.

და მაინც, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს, თუ...

* ქართულ კლუბებში ისევ იგივე ხალხი დარჩა;
* არ გააქტიურდა კერძო სექტორი და საფეხბურთო ფუნქციონერთა უმრავლესობა კვლავ სახელმწიფოს ფულს შეაჩერდა;
* არ მოვეშვით ათასგვარ მაიმუნობა-მამაძაღლობას, კუთხურ-აუტებით ჯიბის გასქელებას და თამაშების "გაიმასქნებას", რაც, გვჯერა, რომ დღესაც ხდება;
* არ გავზარდეთ მწვრთნელები და ინგლისურის სწავლა დაგვეზარა, რომლის გარეშეც დღეს უცხოურ სემინარებზე (სამწვრთნელო იქნება თუ სამსაჯო) ცხვირს ვერ შეჰყოფ;
* თუ ფედერაციის ყველა თანამშრომელმა ისე იფიქრა, როგორც შეფი (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი) ფიქრობს;
* თუ ისევ ისეთი მახინჯი საარჩევნო კანონი გვექნება, როგორიც ახლა გვაქვს. ფედერაცია უეფას ლიცენზიას აძლევს კლუბს და საარჩევნო ხმას - არა. რომელ ბანაკშიც უნდა იყო, უნდა აღიარო, რომ ეს ნონსენსია;
* თუ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს ვათამაშებთ და საპირისპირო სტატუსისას ძალით ვასვენებთ;
* თუ რაიონში ფეხბურთი მოკვდება და იმ რაიონში ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელები არ ჩავლენ;
* თუ საქართველოს ჩემპიონატის მატჩს ფეხბურთელი მშიერი ითამაშებს...

თუ... თუ.... თუ....

მოკლედ, სისტემა უნდა დაინგრეს, ეს კი გვარიანად რთულ საქმედ მოჩანს. სისტემა თუ არ დაინგრა, ეს ჩვენს ძველ მსჯელობას დაემსგავსება - მოვა ლევან კობიაშვილი და გვიშველის, მოვა რევაზ არველაძე და გვიშველის, მოვა მამუკა კვარაცხელია და გვიშველის...

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ თუ რამემ გვაზარალა ამდენ ხანს, სწორედ მესიის მოლოდინი იყო. პიროვნება, მარტო ბაჯაღლო ოქროც რომ იყოს, ვერაფერს იზამს, თუ მას სისტემა, საზოგადო აზრი, კეთილი ნება და საერთო-სახალხო განწყობა არ შეეშველა.

არჩევნები კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასწორზე ხომ ქართული ფეხბურთის არსებობა-არარსებობა დევს. ან დავანგრევთ ამ სისტემას, ან არა და კიდევ წლების განმავლობაში ვისხდებით ჭუჭყში.

ან ყველაფერი, ან არაფერი - ქართული ფეხბურთის ამბავი დღეს ასეა. მე ნაკლებად მჯერა იმ მორჩილი უმრავლესობის, წლების განმავლობაში რომ მიეჩვია სხვის დაკრულზე ცეკვას, მაგრამ ჩვენმა ხალხმა, ქართველმა გულშემატკივარმა არ უნდა დაუშვას ის, რომ სისტემა უცვლელი დარჩეს. ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება.

ფეხბურთი ყველა ქვეყანაში ხალხისაა და საქართველოშიც ხალხის უნდა იყოს. სისტემაც უნდა დაინგრეს! სხვანაირად, არჩევნების შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

არადა, არჩევნები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გველის, არჩევნები ჩვენი არსობისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არველაძეს რა აქვს მოგებული, მაგას სამში ვნახავთ!ჯერ ერთი, ხალხი არ შეეგუება!
nikon
11:14 01-10-2015
0
ვინ დაანგრევს სისტემას, ის სისტემა ატარებს თვითონ არჩევნებს და საერთოდ არ აინტერესებთ შედეგები, ასე რომ აზრი არ აქვს ამ თქვენ სიბრძნის ფრქვევას, არველაძეს უკვე მოგებული აქვს არჩევნები და ეს ფეხბურთი დაივიწყეთ რა საერთოდ, ვითომ არც გვქონია საქართველოში :)
კუკა
10:04 01-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული