"თქვენ ფიქრობთ, რომ რეგიონული ფედერაციები რევაზ არველაძეს მხარს ტყუილად ვუჭერთ?"

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებამდე დღეებია დარჩენილი. ცნობილია, რომ რეგიონული ფედერაციები რევაზ არველაძის მხარდამჭერები არიან.

რა განაპირობებს მათ ასეთ დამოკიდებულებას, რატომ სჯერათ მისი და რა იმედებს უკავშირებენ არველაძის გამარჯვებას?

ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე გველაპარაკება. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ისეთ თემებსაც შევეხეთ, რაც რეგიონების სატკივარია და ვფიქრობ, ეს ყველა არჩევნებზე მნიშვნელოვანი საკითხია...

- ცნობილია, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერი ბრძანდებით...
- მე ვცხოვრობ ადამიანური ცხოვრებით, ერთი გული და ერთი პირი მაქვს და პირდაპირ ვამბობ, რომ იმ კურსს ვუჭერ მხარს, რომელსაც
რევაზ არველაძე გაატარებს. შესაძლოა, პროგრამებში დიდი განსხვავება არც იყოს, მაგრამ მე მისი ცოდნისა და გამოცდილების მჯერა. ეს დღეს ბევრს ნიშნავს.

- თქვენ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა გაკმაყოფილებთ?
- სულაც არ მაკმაყოფილებს, მაგრამ ევროპაში ნაკრები და კლუბები თუ აგებენ, ეს ფედერაციის ბრალი არ არის. აქამდე ქვეყანაში არსებულმა გარემომ მიგვიყვანა და ფედერაციისკენ ხელის გაშვერა არალოგიკურია.

- საინტერესოა, სხვა კანდიდატებთან შედარებით არველაძეს რა უპირატესობა აქვს?
- კობიაშვილსა და კვარაცხელიას ენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ რეზის რომ ფედერაციის მართვის გამოცდილება, მშვენიერი კავშირები და ურთიერთობები აქვს და ამ ყველაფერს გამოყენება უნდა, ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ? ეს ხომ ისევ ჩვენს ფეხბურთს აზარალებს?!

მე დაჯგუფებების წინააღმდეგი ვარ და ხშირად მიფიქრია, ნეტავ ეს ხალხი ერთად იყვნენ-მეთქი. ქართული საქმისთვის გაერთიანება ყველას გვჭირდება. ამიტომ მადარდებს დაპირისპირებები - ენერგია ერთმანეთთან ომს თუ შევალიეთ, არაფერი გამოვა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რევაზ არველაძემ რეგიონული ფედერაციების შეფები 2 დღით წაგიყვანათ ვარშავაში, სადაც ევროპალიგის ფინალს ("სევილია"-"დნიპრო") დაესწარით. თქვენი ფოტოც გავრცელდა. ბევრმა ჩათვალა, რომ არველაძემ ამით თქვენი კეთილგანწყობა კიდევ ერთხელ მოიპოვა...
- ეს არის სისულელე და ჩემ მხარდაჭერასთან არაფერ შუაშია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ურთიერთობის ნიჭი არაფერია, მაშინ ძალიან შემცდარა. უეფა-ფიფასთან ეს საქმის ნახევარს ნიშნავს.

სად რეზის არჩევნები და სად ვარშავაში წასვლა? ერთმანეთს ტყუილად ნურავინ დაუკავშირებს. ალალად ვფიქრობ, რომ დღეს რევაზ არველაძე საუკეთესო კანდიდატია.

- მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები უნდა ჰქონდეს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფეხბურთს პროგრესი ეტყობა?
- მანამდე არაფერი კეთდებოდა, რეზიმ კი რეგიონებს ყურადღება მოგვაქცია. მარტო მე კი არა, ყველას. თქვენ რას ფიქრობთ, რეგიონული ფედერაციები მხარს ტყუილად ვუჭერთ და ამის საფუძველი არ გვაქვს? 4 წელიწადია რეგიონულ ფედერაციაში ვარ და მას შემდეგ ბავშვთა ფეხბურთი გამოცოცხლდა, ტურნირებს 6 ასაკში ვატარებთ, 500-მდე ბავშვი მოვიზიდეთ და გოგონათა გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. დამიჯერეთ, ეს ჩვენი რეგიონისთვის პატარა საქმე არ არის.

- ბავშვების ჩართვა და გოგონათა გუნდი მშვენიერია, მაგრამ რეგიონში 6 ქალაქია - ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა, ასპინძა და ადიგენი. ადრე უმაღლეს ლიგაში 2 გუნდი გყავდათ, ახლა კი - არც ერთი. 2012 წელს დაიშალა ახალციხის "მესხეთი", 2013 წელს - ნინოწმინდის "ფარავანი"...
- იმედია, კარგად ხვდებით, რომ ეს გუნდები მე არ დამიშლია. ჩემი სურვილია, გუნდი ყველა ქალაქში გვყავდეს. მაგრამ ამბობენ, პრობლემებია და ფეხბურთს ვერ ვაფინანსებთო. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, ვიმუშაოთ.

- თქვენი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა რეგიონებისთვის რა უნდა გააკეთოს?
- პირადად მე, შეთავსებით, ბავშვთა რეგიონული ფეხბურთის აკადემიის მწვრთნელი ვარ და პრობლემები ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს. მაგალითად, ჩვენი გაზრდილია თედო გრიგალაშვილი, აგრეთვე, ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები - ზურაბ გელაშვილი და აკაკი ქიმერიძე. ახლახან გრიგალაშვილი გროზნოს "ტერეკში" გადავიდა. ის ნიჭიერი ბიჭია და ასაკმა რომ მოუწია, სად უნდა წასულიყო?

თედოს კიდევ გაუმართლა, მაგრამ რამდენი ნიჭიერი ბავშვი ყოფილა, პერსპექტივა რომ ვერ დაინახეს და ფეხბურთს თავი დაანებეს. აი, ესაა რაიონში მთავარი პრობლემა, ბავშვმა პერსპექტივა უნდა დაინახოს, ფედერაციამ და სახელმწიფომ კი სწორედ ამაში უნდა შეგვიწყონ ხელი. რეგიონები ამიტომ მოვიკოჭლებთ, თორემ შრომა არავის გვეზარება.

- დიდ ქალაქებს კიდევ რა უჭირთ, მაგრამ რეგიონები საკუთარ წვენში იხარშებიან. მაგალითად, ბავშვების ერთიანი ტურნირები არ ტარდება. მათ ძლიერ მეტოქეებთან თამაში არ უწევთ და, ცხადია, მომავალი თაობების გაზრდას რაიონებში ესეც აბრკოლებს...
- სულ ასე არ იყო? ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ყველას მივმართავ, მოგვხედონ და ჩვენი პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოაგვარონ. შექმნან ისეთი სისტემა, რომელიც რეგიონების გამოცოცხლებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ინტერესი. ბოდიში ყველასთან, მაგრამ რეგიონებში უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვია, ვიდრე დიდ ქალაქებში. თუ ამ სატკივარს მოუვლიან, ჩათვალეთ, რომ ასაკობრივი ნაკრებები დღევანდელზე მეტ შევსებას მიიღებენ და ქართულ ფეხბურთს სანაკრებო დონეზეც ეშველება, რადგან ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთელების ყველაზე დიდი მიმწოდებლები გავხდეთ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სულ შემაძულეს ეს გვარი ხსენებაც აღარ მინდა ესენი ვინ ყოფილან?!(ყველა კარგ არველაძეს ვენაცვალე)მოუშორებელი ჭირები არიან რაა.
Nukri
16:11 02-10-2015
0
ნუ აიძულებთ ხალხს და ფეხბურთის გულშემატკივრებს ქუჩაში გამიოვიდნენ და ძალით გამოგათირონ თქვენი კაბინეტებიდან!
dato
14:11 02-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული