[პორტრეტი] დავით მუჯირი - ერუდიტი ჩვენი ფეხბურთიდან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენმდივანი ჰყავს - 37 წლის დავით მუჯირი. მუჯირს ქართველი ქომაგი კარგად იცნობს. დღევანდელ წერილში გვსურს, მიმოვიხილოთ მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა...
გზა
შეხსენება არავის სჭირდება, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - დავით მუჯირი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის, დიდი "დინამოს" დროების მცველ დავით მუჯირის ვაჟია. მისი საფეხბურთო კარიერა სწორედ "დინამოში" დაიწყო და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად.

ქართულ ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, მუჯირის ფორმაციის "დინამო" კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩნდა. რომ არა უიღბლობა ბილბაოში, ეს ასეც იქნებოდა...

ჯერ კიდევ
"დინამოში" ყოფნის პერიოდში მუჯირის გადაბირება თვით "იუვენტუსს" სურდა. რიგი მიზეზების გამო მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა და ჩვენი წერილის გმირი ტირასპოლის "შერიფში" აღმოჩნდა.

მოლდოვა დათომ ტრამპლინად გამოიყენა. მისი შემდეგი გაჩერება გრაცის "შტურმი" იყო. სწორედ მუჯირის დამსახურება გახლდათ ის, რომ ავსტრიული კლუბის შემადგენლობაში დათოს შემდეგ არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა...

ამას მოჰყვა სამარის "კრილია სოვეტოვში" გადაბარგება, სადაც მუჯირი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი გახდა. 2005-08 წლებში "კრილია სოვეტოვის" წარმოდგენა ჩვენებურის გარეშე შეუძლებელი იყო...

2008 წელს მუჯირი რუსული ფეხბურთის გრანდ მოსკოვის "ლოკომოტივში" მივიდა. რკინიგზულ კლუბში გატარებული პერიოდის შემდეგ დათო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, იქიდან კი იაპონურ "სანფრეჩე ჰიროშიმას" მიაშურა.

2011 წელს მუჯირმა "ზესტაფონის" მაისურა ჩაიცვა და ამ კლუბში დაასრულა კიდეც თავისი საფეხბურთო კარიერა.

აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ "მუმუმ" წამსვე სცადა ბედი სამწვრთნელო ასპარეზზე და "ზესტაფონი" ჩაიბარა. ვისაც ის დრო ახსოვს, დაგვეთანხმება - მან მალევე დაატყო ხელი იმერულ კლუბს და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის უდიდესი სიყვარული მოიპოვა.

2014-15 წლების სეზონში მუჯირი "სამტრედიის" მენეჯერად მოგვევლინა. ეს ის დროა, როცა ამ ქალაქში ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. იმ გუნდმა წააგო საქართველოს თასის ფინალი, თუმცა საკვირველი არაფერი მომხდარა - ერთი წელწადი დიდი წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის...

მუჯირს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ გუნდში მისი მონაგარი კი 26 მატჩი და 1 გოლია.

Sportall.Ge

ახალი გამოწვევა
...და აი, დავით მუჯირის ცხოვრებაში დიდი და ახალი გამოწვევის დრო დადგა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის საქმიანობა მნიშვნელოვანი სეგმენტია ქართულ ფეხბურთში და როცა სამომავლოდ ლევან კობიაშვილის უწყების ავ-კარგს შეაფასებენ, მუჯირის მიერ გაკეთებულ საქმეებს ამ ამბავში დიდი როლი ექნება.

იშვიათად მინახავს მისებრ განათლებული ქართველი ფეხბურთელი. ისიც მინახავს, როგორ ტიროდა ის საქართველოს ჰიმნზე; მინახავს უბრალოზე უბრალო დავით მუჯირი ასევე უბრალო ადამიანებს შორის და მჯერა, რომ მუჯირი ასეთივე უბრალო ადამიანად დარჩება - უბრალო და საქმის გამკეთებელ ადამიანად, რადგან დღეს ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება სწორედაც გაკეთებული საქმეები.

მუჯირი მისთვის ახალ საფეხბურთო აღმართს შეუდგა, ყველაზე საპასუხისმგებლო აღმართს თავის საფეხბურთო კარიერაში...

...ჩვენი ერუდიტი "მუმუ" საფეხბურთო ოჯახიდან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
... არგრცხვენიათ მაგრამ კალაძწს არაფრის არცხვენია
babu
15:59 16-10-2015
0
მოაცილეთ ეს ...
zuka
15:57 16-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული