ბათუმის "დინამო": ფედერაციის წევრობაზე უარი არ გვითქვამს, მოთხოვნა ძალაშია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ ფედიჩკინი და ლევან კობიაშვილი
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის 25-ე რიგგარეშე ყრილობა 18 ნოემბერს გაიმართება. დელეგატები აღმასკომის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.

იყო მოლოდინი, რომ 18 ნოემბრის ყრილობის დელეგატები სფფ-ში ახალი წევრების მიღების საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ ეს საკითხი სამომავლოდ გადაიდო.

არადა, ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ეს ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო და გაწევრიანების მსურველებმა ფედერაციის კარიც "აატალახეს", შემდეგ კი წერილით უეფასაც მიმართეს, ჩვენი უფლებები ირღვევაო...

3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დელეგატის სტატუსით სულ ფედერაციის 35 წევრი სარგებლობდა, მათგან კი
მხოლოდ 13 იყო კლუბის წარმომადგენელი. ერთ-ერთმა კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ, კლუბებს შესთავაზა, არჩევნებზე ხმის უფლების მოსაპოვებლად სფფ-ის წევრობა მოეთხოვათ.

ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებდნენ ლევან კობიაშვილი და მისი მხარდამჭერებიც. პარადოქსული ვითარება იყო - უმაღლესი ლიგის 16 კლუბიდან 7 - ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტი არ არის: ლანჩხუთის "გურია", ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა", ქობულეთის "შუქურა", თბილისის "ლოკომოტივი", "საბურთალო" და თერჯოლის "საპოვნელა". ეს იმ დროს, როცა სამმა მათგანმა, ბათუმის "დინამომ", "ჩიხურამ" და "საბურთალომ", შარშან და წლეულს ევროთასებზე ქვეყნის სახელით ითამაშეს...

შეიძლება, სფფ-ის ოფიციალური ტურნირების მონაწილე გუნდი მისი სუბიექტი არ იყოს, ოღონდ - გამონაკლის შემთხვევაში, თუკი ორგანიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ყრილობაზე დელეგატთა ასეთი შეზღუდული რაოდენობა ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ მმართველს კომფორტულ გარემოს უქმნის და რომ ეს დელეგატების იოლად სამართავი ბერკეტია.

თავად განსაჯეთ: 35 წევრიდან 22 - ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებაზეა: 9 კავშირი და ასოციაცია, პლუს - 13 რეგიონული ფედერაცია. აქედან გამომდინარე, მსგავსი დამოკიდებული წევრები არჩევანში, ხშირად, იზღუდებიან...

არადა, სფფ-ის წესდებაში წერია, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს გენერალურ სამდივნოს, რომელიც, თავის მხრივ, საკითხის განსახილველად აღმასკომს მიმართავს, ის კი ვალდებულია, მოთხოვნა ყრილობის დღის წესრიგში შეიტანოს.

გვქონდა იმედი, რომ კლუბები სფფ-ის წევრები გახდებოდნენ და ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ... 3 ოქტომბრის ყრილობაზე ეს არ ისურვეს. როგორც ჩანს, ის 24 კლუბი, რომელთაც ყრილობაზე ხმის უფლება მოითხოვეს, 18 ნოემბრის ყრილობამდე აღარ იაქტიურებენ. არადა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ჯერ კიდევ 3 ოქტომბრამდე იმუქრებოდნენ რიგგარეშე ყრილობის მოწვევით, რაც რეალური იყო: სფფ-ის წესდების 28-ე მუხლით, ამის სურვილი დელეგატთა მეხუთედმა, ანუ შვიდმა წევრმა უნდა გამოთქვას.

არადა, როგორც გითხარით, რიგგარეშე ყრილობა დაინიშნა, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.

"ჩვენი მოთხოვნა სფფ-ს ერთხელ გავუგზავნეთ და ის კვლავ ძალაშია. ფედერაციის წევრობაზე უარი არ გვითქვამს. მართალია, რიგგარეშე ყრილობაზე ეს საკითხი არ განიხილება, მაგრამ მას კიდევ მოვითხოვთ.

თუმცა, ამჯერად, დარწმუნებულნი ვართ, რომ სფფ ბარიერებს აღარ შეგვიქმნის.

ბათუმის "დინამო" ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უძველესი და ღირსეული წარმომადგენელია, შესაბამისად, ფედერაციის წევრობა და ხმის უფლება ულაპარაკოდ გვეკუთვნის", - ამბობს ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

საინტერესოა, რომ დაახლოებით ჩვენი ოდენობის მოსახლეობის ქვეყნებში ფედერაციის პრეზიდენტს ბევრად მეტი დელეგატი ირჩევს: ნორვეგიაში - 250 სუბიექტი, მოლდოვაში - 188, მალტაში - 110, ლატვიასა და ფინეთში 100-100, ლიტვასა და შოტლანდიაში - 85-85, სლოვაკეთში - 84, სომხეთში - 70, ალბანეთში - 66, ირლანდიაში - 60, ხორვატიაში - 52...

დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მოლდოვაში, სადაც ყრილობაში 188 კლუბი მონაწილეობს. ვითარებაში გასარკვევად პოპულარული რუსული გამოცემის, "სპორტ-ექსპრესის" მოლდოვური ბიუროს ხელმძღვანელს, ცნობილ ჟურნალისტ მირონ გოიხმანს დავუკავშირდით.

"ამჟამად, მოლდოვის ჩემპიონატის სამივე ლიგაში სულ 34 გუნდი თამაშობს: ნაციონალურ დივიზიონში 10 მონაწილეა, დივიზია A-ში - 14, ხოლო B-ში, რომელიც რეგიონული ლიგაა - 10.

ფედერაციის ყრილობაზე დელეგატი ყველა მათგანს ჰყავს, მათ შორის, რეგიონული ლიგების წარმომადგენლებსაც. ნაციონალურ დივიზიონებს - 3-3 დელეგატი ჰყავთ, დივიზია A-ს გუნდებს - 2-2, ხოლო B-ს თითო ადამიანი წარმოადგენს. ანუ კლუბები სულ 68 ხმას ფლობენ. მათ რეგიონული ფედერაციების, სხვადასხვა ასოციაციისა და კავშირების ხმები ემატება და ჯამში გამოდის 188 დელეგატი", - ამბობს გოიხმანი.

იმედია, კლუბები გაიხსენებენ, რომ სფფ-ში გაწევრიანება მათი სურვილი იყო და ეს საკითხი მხოლოდ 3 ოქტომბრის ყრილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნად არ დარჩება.

მთავარია, სფფ-ის ახალი თავკაცები წევრების გაზრდით დაინტერესებულები არიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთლად დაივიწყეთ,ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აღარ აშენდება? შემოდგომა დაიწყო (შუა გზაზეა) სტადიონი არა,ალბათ საარჩევნოდ ინახავენ იდეას მშენებლობის შესახებ.
Vaxtang
16:57 16-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული