გიორგი ჭიაბრიშვილი: გვტკივა თუ გვწყურია, "მიდტიულანდთან" უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
ხვალ, 21 ოქტომბერს, უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება.

"მიხეილ მესხზე" საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონი "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდს" 19:00 საათზე მიიღებს. პირველი შეხვედრა დანიაში მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. ასე რომ, გია ჭიაბრიშვილის შეგირდებს ორბურთიანი უპირატესობის გაბათილება დასჭირდებათ. ამოცანა რთულია, მაგრამ არა - შეუსრულებელი.

"საბურთალოს" ეს შემადგენლობა უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო უქმეებზე თერჯოლის "საპოვნელას" ბოლო წუთზე გამოსტაცა გამარჯვება - 2:1.

ახალგაზრდა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "საბურთალო", ყოველ მიზეზგარეშე, შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეს...

- "მიდტიულანდთან" მატჩამდე თქვენმა გუნდმა "საპოვნელას"
ბოლო წამზე მოუგო. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ასეთმა მოგებამ, წესით, ფეხბურთელებზე დადებითად უნდა იმოქმედოს...

- "საპოვნელასთან" რთული თამაში გვქონდა, რადგან ბიჭები დანიელებთან შეხვედრაზე ფიქრობდნენ. მეგონა, მობილიზება გაუჭირდებოდათ და ასეც მოხდა. მოწინააღმდეგემ ბევრი მომენტი გვაპატია, მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვა დღევანდელ ფეხბურთში ისჯება და დანიელებთან ეს აღარ უნდა დავუშვათ.

ისე, მართლაც პოზიტიური მომენტია ის, რომ ბოლო წამებზე მოვიგეთ. ბუნებრივია, ამის გამო "მიდტიულანდს" ამაღლებული განწყობით ვხვდებით.

- თერჯოლელებთან გუნდის ლიდერი გიორგი ხარაიშვილი დაგაკლდათ. "მიდტიულანდის" წინააღმდეგ თუ მოახერხებს ის თამაშს?
- გიორგის საკმაო ხანი გაუცდა და მხოლოდ "საპოვნელასთან" მატჩის წინა დღეს ივარჯიშა. მაგრამ იმედი გვაქვს, დანიელებთან მატჩში დაგვეხმარება.

- ცოტნე ნადარაიას საქმე როგორღაა?
- ისევე, როგორც ხარაიშვილის შემთხვევაში, ვიმედოვნებ, მოედანზე გასვლას ნადარაიაც მოახერხებს. ჩვენი გუნდისთვის ორივე ეს ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს. ჩემპიონატის ბოლო ტურში არ უთამაშია გიგი მარეველაშვილსაც, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ ჯანმრთელადაა.

- ასეთ მდგომარეობაში მყოფი "საბურთალო" მზად იქნება, ორბურთიანი სხვაობა გააბათილოს და "მიდტიულანდი" სასურველი სხვაობით დაამარცხოს?
- ეს თამაში უნდა მოვიგოთ! დანარჩენი კი - მზად ვართ თუ არა, გვტკივა თუ გვწყურია - უკვე მეორეხარისხოვანია.

გოგა ჩაბრაძე, "საბურთალოს" მცველი: "დანიელებამდე ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა "საპოვნელასთან". მიხარია, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე. მნიშვნელოვანი იყო, 21 ოქტომბრის მატჩისთვის ასეთი საბრძოლო გამარჯვება რომ შევიქმენით. ახლა მთლიანად ახალგაზრდული ლიგის საპასუხო თამაშზე ვართ გადართულები. უნდა შევეცადოთ, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად მოვიგოთ, რადგან მთელი საქართველო გვიყურებს. ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ უნდა იყოს - თუნდაც ახალგაზრდული ლიგა იყოს, ამ ტურნირში პირველი ქართული გუნდი ვართ და წარმატებით უნდა გამოვიდეთ".

* * *
"საბურთალოსთან" სტუმრობამდე, "მიდტიულანდის" 19-წლამდელთა გუნდმა შინაური ჩემპიონატის მორიგ ტურში "ვეილე" მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანეს (რასმუს ნიკოლაისენი), მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი მეორედ შეარხიეს მეტოქის კარის ბადე (ერიკ ბრაუნი). მეტოქემ პრესტიჟის გოლი 92-ე წუთზე გაიტანა.

კენეტ ანდერსენის ფეხბურთელებმა 5 თამაშიდან 12 ქულა დააგროვეს და მე-3 პოზიციაზე აღზევდნენ.

სკანდინავიელები თბილისში დღეს გვესტუმრებიან, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბინავდებიან და საღამოს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ, მანამდე კი მეტოქე გუნდის თავკაცი კენეტ ანდერსენი მასმედიას შეხვდება და მომავალ მატჩზე ილაპარაკებს.

"საბურთალო" თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშობს, დღეს კი ვაკის ცენტრალურ არენაზე გადაინაცვლებს, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენციაც გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ-ერთი პერსპექტიული მწვრთნელი. ეტყობა დისციპლინაც აქვს და პატრიოტიზმიც. წარმატებები საბურთალოს!
georgiano-
13:43 21-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული