დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" ჩემპიონატს და რა კავშირშია "ბაიას" ბაზა სფფ-სთან?

AutoSharing Option
გუშინ, 20 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა არსებულ პრობლემებზე ისეთი დეტალები გაამხილეს, გულგრილი ვერ დარჩებით...

მაგალითად, ვალებზე. აღმოჩნდა, რომ ფედერაციაში ლამის იმდენივე თანამშრომელია, რამდენიც საქართველოს პარლამენტში; რომ ფედერაციას დავალიანებები აქვს; რომ არჩევნებამდე ბევრი საეჭვო კონტრაქტი გაფორმდა და, ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ზვიად სიჭინავას ფედერაცია, ბოდიში და, საკუთარ დუქნად მიაჩნდა...

ვალები ბანკების, უეფას, მშენებლების...
- 3 ოქტომბრის შემდგომ იყო კონკრეტული კითხვები, მაგრამ ჯერ ფედერაციის საქმეებში დეტალურად უნდა ჩამეხედა და
პასუხებზე თავს ამიტომაც ვიკავებდი, - თქვა კობიაშვილმა პრესკონფერენციის დასაწყისში...

...პირდაპირ ვიტყვი, რომ ფედერაციაში რთული მდგომარეობაა. არჩევნებამდეც ვცდილობდით, რომ ფინანსურ მდგომარეობასა და ბიუჯეტზე ინფორმაცია მოგვეპოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. თუმცა დავადგინეთ, რომ სფფ-ს აქვს დავალიანებები ქვეყნის შიგნითაც და უცხოეთშიც...

...მაგალითად, "ვითიბი ბანკის" 3 მილიონ ლარამდე გვმართებს. ვსწავლობთ, რა მიზნით გამოიტანეს ეს თანხა და რაში დაიხარჯა. ბანკთან კი მოლაპარაკება დავიწყეთ, რომ მისი გადავადება ან გრაფიკით დაფარვა მოხერხდეს...

...მეორე დავალიანება: 2 მილიონი ევრო უეფასგან გვმართებს. ეს ის თანხაა, რაც 2016 წელს უნდა დაერიცხათ, მაგრამ სფფ-ის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ეს ფული დაგეგმილზე ადრე ითხოვა, რათა კლუბებს დახმარებოდა. არადა, კლუბებს 2 მილიონზე ნაკლები დაურიცხეს. უცნობია, სად წავიდა დანარჩენი თანხა...

უეფას კიდევ ერთი ვალი, 480 ათასი ევრო, სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან დაგვრჩა. ფედერაციას უეფასთვის ეს თანხა არ გადაურიცხავს და უცნობია, სად წავიდა...

მესამე თემა რუსთავის საფეხბურთო აკადემიაა, რომლის მშენებლობაც აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ექვსი მოედნიდან მხოლოდ ერთია გაკეთებული, არც ადმინისტრაციული შენობაა დამთავრებული და სამუშაოებიც სანახევროდაა შესრულებული, სამუშაოები კი დავალიანების გამო შეჩერდა.

ვის პიარს მოხმარდა სფფ-ის ფული?
- რუსთავის აკადემიას როგორ დაასრულებთ, თუ ამხელა ვალებია?
- გვსურს, წლის ბოლომდე საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რადგან ეს მშენებლობა მძიმე ტვირთად გვაწევს. აკადემიის გუნდები უეფას პროექტით შეიქმნა და წლეულს 2002 წელს დაბადებულთა ჯგუფი დაემატა.

სამივე ასაკის გუნდი ახლა "ბასაზე" ცხოვრობს და შევეცდებით, რუსთავში ახალი წლიდან მაინც გადავიყვანოთ, თორემ "ბასაზე" ნაკრები გუნდები ემზადებიან და ეს პროცესს ხელს შეუშლის...

...გარდა ამისა, გაურკვეველია სხვადასხვა ხელშეკრულების მიზანშეწონილობა. ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ორწლიანი კონტრაქტით ფედერაციამ ივალდებულა, რომ მას სოლიდური თანხები უნდა დაურიცხოს. ეს მოხდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როცა ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავდა.

რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? კითხვებს ბადებს სხვადასხვა კომპანიასთან "პიარის" საკითხებზე გაფორმებული ხელშეკრულებებიც.

- ტელეკომპანიებთან და სხვა კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ეროვნული ჩემპიონატის "პიარს" ემსახურებოდა?
- ეს უცნობია. სხვათა შორის, ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა - "კონფიდენციალური" და ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. საერთოდ, ბოლო წლებში უცნაურ პრაქტიკად დამკვიდრდა, წამსვლელები ხელშეკრულებას რომ აფორმებენ. ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს.

რა კავშირშია "ბაია" სფფ-სთან?
დავით მუჯირი: - კიდევ ერთი საინტერესო თემა: ზუგდიდში სფფ-ის აკადემიის ფილიალის ამბავიც გასარკვევია. სფფ-ს იჯარით ჰქონდა აღებული "ბაიას" ბაზა და არსებული კონტრაქტით, ბაზის შენახვის ხარჯებსაც იხდიდა.

- "ბაიას" ბაზა სფფ-სთან რა კავშირშია?!
კობიაშვილი: - ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, რაც ფედერაციასთან კავშირში არ არის. ჩვენ არავის დასჯა არ გვსურს, მაგრამ აუდიტი შეისწავლის და საზოგადოებამ უნდა შეიტყოს, თანხები რაში დაიხარჯა და რა მიზნით.

მუჯირი: - გაუგებარია, რუსთავის აკადემიის დავალიანების დაფარვას როგორ აპირებდნენ. არადა, ამ მშენებლობის დასრულება აუცილებელია. რომ იცოდეთ, უეფაში ჩვენი პირველი ვიზიტი ამ საკითხების გარკვევასაც დაეთმო და 480-ათასიანი ვალის გადავადება ვითხოვეთ.

- ცნობილია, რომ ნაკრებები უცხოეთში ფედერაციის პარტნიორი კომპანიის ბილეთებით მგზავრობდა. ეს თანხებიც გაბერილია?
- ამ საკითხსაც ვსწავლობთ და დავაზუსტებთ, რეალურად რა ხდებოდა...

ყალბი "ადიდასები" და შეუმოსავი ნაკრებები
- ტელევიზიით ვაჟა ჟვანიას ინტერვიუს მოუსმენდით. ის თქვენთან ერთად იმუშავებს?
- ის ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ და ახლახან პოსტიდან გადადგა. ამ ეტაპზე, ჟვანიასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს და მასთან არც თანამშრომლობაზე გვისაუბრია.

- იმავე ტელეკომპანიაში ჟვანიამ აღიარა, რომ ასაკობრივი და ქალთა ნაკრებები არალიცენზირებული "ადიდასებით" იმოსებოდნენ. ამაზე რას იტყვით?
- ეს პრობლემა არ უნდა შექმნილიყო. მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი რესურსები და ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. განსაკუთრებული მადლობა კომპანია "ჟომას", რომელიც ეკიპირებით შეგვეწია. საინტერესოა, 3 ოქტომბრამდე გაუგებარ კონტრაქტებს რომ აფორმებდნენ, ამ ელემენტარული საკითხის მოსაგვარებლად რატომ ვერ მოიცალეს?

ცვლილებებზე ნაკრებებსა და ფედერაციაში
- არჩევნებამდე ფეხბურთის ფედერაციის რეორგანიზაციაზე ლაპარაკობდით. კონკრეტულად რა ჩანაფიქრი გაქვთ?
ლევან კობიაშვილი: - ფედერაციაში 300 კაცია გაფორმებული, ძალიან ბევრი სამსახურში საერთოდ არ დადის და არავინ იცის, რას აკეთებს. მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას ფუნქცია ვერ გავარკვიეთ. ეტყობა, მას მხოლოდ წერილებზე ხელის მოწერა ევალებოდა...

ამავე დროს, ქაღალდზე იყო პროფლიგის პრეზიდენტი, რომელიც არ არსებობდა. ასეთ ფაქტებს ვგულისხმობდი, როცა სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე ვილაპარაკე. 18 ნოემბერს, რიგგარეშე ყრილობაზე წესდებაში ცვლილებები შევა და აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევენ.

რეორგანიზაციის შედეგად, ახალი მართვის სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, გუნდური პრინციპით უნდა ვიმუშაოთ, რომ მსგავსი ფაქტები შემდგომში აღარ განმეორდეს. გარდა ამისა, განვიხილავთ, ვის ექნება ხმის უფლება და ასე შემდეგ...

- ალექსანდრე ჩივაძემ, რომელიც ვიცე-პრეზიდენტიც არის და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, თქვა, რომ ერთ-ერთ პოსტზე დარჩება. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელზე...
- ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამ თემაზე არ გვილაპარაკია.

- სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან კონტრაქტებს თუ გადახედავთ?
- ახალგაზრდულ, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს შესარჩევი მატჩები ელით. ამ ეტაპზე მათ კონტრაქტებზე ლაპარაკი არასწორი იქნება, მაგრამ წლის ბოლოს ცვლილებებს არ გამოვრიცხავ.

- ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე რას იტყვით?
- ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია. თუმცა ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსთან ითანამშრომლებს. უახლოეს პერიოდში, მთელ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სტადიონებისა და ბაზების მშენებლობა გვსურს.

- დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს?
- ეს სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა მოხდეს. "ზესტაფონის" დაბრუნება თითოეული ჩვენგანის სურვილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველანი უნდა დაისაჯონ
avto
09:24 22-10-2015
0
სიჩინავა ჩივადზე ხურცილავა ჟვანია ეგენი ეხლავე დასაჩერები არიან ფირცხალავაც ზემოდან
demna
09:19 22-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული