[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენც ვართ მხიარულები და საზრიანები!..

AutoSharing Option
ჩვენი რუბრიკა, ვფიქრობთ, თემების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, მით უმეტეს, ახლა - ქართულ ფეხბურთში ისეთი ამბები "სკდება", თქვენი მოწონებული და ცხადია, მათ გვერდს ვერ ავუვლით...

მხიარული და საზრიანი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მხიარულიც ყოფილა და საზრიანიც. აბა, სხვა ვინ მოიფიქრებდა ამას? ვერავინ! მხოლოდ - მხიარული და საზრიანი სიჭინავა.100 ათასი ლარი ფეხბურთის ფედერაციამ "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ანგარიშზე გადარიცხა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ სიჭინავა რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, მასთან მხოლოდ
ტელეფონით მისაუბრია რამდენჯერმე. ჩემი კოლეგები, მასთან ინტერვიუ რომ ჩაუწერიათ, ამტკიცებენ - იუმორის ნიჭით დაჯილდოებული კაციაო.

არის, ბატონებო, არის! სწორედაც სხვა ვინ მოიფიქრებდა 100 000 ლარის გადარიცხვას "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ანგარიშზე იმ დროს, როცა ქართული ფეხბურთი უფსკრულის პირასაა; როცა უმაღლესი ლიგის ყოველი მეორე გუნდი დაშლის პირასაა; როცა ქვეყანაში სტადიონები სანთლითაა საძებარი; როცა სადღაც სარდაფში შეკერილი მაისურები აცვიათ ქვეყნის ნაკრებ გუნდებს...

ეს პრობლემის ერთი სეგმენტია. რა ვუყოთ ვალებს, საეჭვო კონტრაქტებს? კითხვა ბევრია, პასუხები კი არ ჩანს. სულაც არ გვინდა, გაჭირვებულს ქვა აღმართში დავაწიოთ. უბრალოდ, ამ მოვლენებს ქართულ ფეხბურთთან, მის ხვალინდელ დღესთან უშუალო კავშირი აქვს.

აქვე უნდა დავწერო - "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩვენ სულაც არ ვისვრით კენჭებს ამ კლუბში. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის მოქმედების მართებულობა გვაინტერესებს.

გვაინტერესებს, რამდენად მართებულია, 100 ათასი ლარი მოაკლო ქართულ ფეხბურთს მაშინ, როცა თუნდაც ეროვნულ ჩემპიონატში, სტადიონების უქონლობის გამო სტუმარი და მასპინძელი ერთმანეთშია არეული?!

არა, საიდანაც გინდათ, მიუდექით და როგორც გინდათ, ისე გაზომეთ - ერთობ მხიარული და საზრიანი ბრძანდებით, ბატონო ზვიად....

ისე, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ მხიარულები და საზრიანები ვართ. ხომ არ დაგვეხმარებოდით?

წამო შატალოზე...
90-იანი წლების ბავშვისთვის "შატალო" ახლობელი თემაა, ძალიან ახლობელი. "დიმოვუშკის" კვამლით ჩაშლილი გაკვეთილები, უბრალოდ გაცდენილი გაკვეთილები, ჩანთების ფანჯრებიდან სროლა და მერე ჩვენ მიერ გამოგონილი თავისუფლება, სადაც არ იყვნენ მასწავლებლები, მაგრამ იყო ცოტა ფული და ბევრი სითბო.

იმ პერიოდს თავისი ახსნა და რომანტიკა ჰქონდა, მაგრამ ყველა ასაკს თავისი მიმყოლი ამბები აქვს და მოზრდილ, ჩამოყალიბებულ ადამიანს არ ეკადრება "შატალოებზე" სიარული.

ჰოი, საოცრებავ! ფედერაციის ზოგიერთი თანამშრომელი, თურმე, "შატალოზე" დადიოდა... ჩვენ სკოლაში მაინც მივდიოდით დილით მშობლების შიშით და ესენი საერთოდ არ მიდიოდნენ სამსახურში. მხოლოდ ბანკომატთან მიდიოდნენ მაშინ, როცა ხელფასის დრო მოვიდოდა. ნუ, ზოგი ჯერაც მიდის.

ჩვენ "შატალოების" შემდეგ საქმეს პედსაბჭოზე გვირჩევდნენ. იმ ფედერაციის პირობებში კი ისეთიც არავინ გამოჩნდა, პედსაბჭოს მაგვარი რომ მოეწვია. ეს უკვე ცუდია. საერთო საქმეს თავი დავანებოთ, სამსახურში "შატალო" შენს თავს არ უნდა აკადრო იმ მაღალი ხელფასის პირობებში, რომელსაც იღებ. იღებ და ამ დროს ნახევარი საქართველო სიღარიბის ზღვართან ახლოს ან მის ქვემოთ ცხოვრობს.

აგერ, ქალების ამბავიც. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ორი მოთამაშე სავიზო პრობლემების გამო ლამის თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვეს.

ლევან კობიაშვილმა პირობა დადო, რომ დამნაშავე დაისჯება. უნდა დაისაჯოს!

არ ვიცი, ატარებდა თუ არა ზვიად სიჭინავა მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. ამ შემთხვევაში, არავითარი თაფლაკვერი! - ასეთების წამალი მათრახი იქნებოდა...

ბევრი ბატონის მსახურნი
ცხოვრებას დაწერილთან ერთად დაუწერელი კანონებიც აქვს. ხშირად ეს დაუწერელი კანონები დაწერილზე ბასრია და მოქმედი. რისი დეფიციტია დღეს ყველაზე მეტად ქართულ ფეხბურთში? ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე კი ჩემი მაქვს - ზნეობის.

ქართულ საფეხბურთო კულუარებში უკვე ხუმრობენ - რა ხანია, ფეხბურთის ფედერაციასთან ამდენი მანქანა არ გვინახავსო. რომ დავინტერესდი, რატომ-მეთქი? მომიგეს - ხალხმა სამსახურში სიარული დაიწყოო.

ეს ერთი და მეორე კი ის, რომ ბევრი ცდილობს, ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან შესვლა და "კარგი ბიჭობის" დამტკიცება სხვას დაასწროს. ეს უკვე ცუდია.

იმ ძველ ფედერაციაში პროფესიონალები მართლა იყვნენ. ისინი ქართულ ფეხბურთს დღესაც სჭირდებიან. მე ის ხალხი მაღიზიანებს, წლების განმავლობაში რომ მიეჩვია მოქმედი რეჟიმისთვის ხარკის გაღებას. მერე მოვა ახალი მმართველობა და იმ მმართველობის ნაწილნი ხდებიან.

ისინი ისე იცვლიან პრინციპებსა და მსოფლმხედველობას, როგორც გველი - ტყავს. ისინი ყველა დროში პოულობენ საერთოს შეფობასთან. ისინი კონფორმისტები არიან და ამით საშიშნი გახლავთ ქართული ფეხბურთისთვის.

სხვისი არ ვიცი და მე არ მიყვარს ორი ბატონის მსახური კაცი. ღირსეულად წასვლა ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს ნაბიჯად მიმაჩნია და ის ზვიად სიჭინავაც მეცოდება, ალბათ, გვარიანად რომ აძაგებენ ყოფილი ხელქვეითები.

გვყავს, ბატონო, გვყავს!..
დღესაც ხშირად გაიგონებთ ჩვენში, ფეხბურთელები არ გვყავს და, აბა, შედეგს როგორ დავდებთ მომდევნო შესარჩევ ციკლშიო. ეს დამღუპველი მსჯელობაა. ეს მსჯელობა საფუძველსაა მოკლებული და სადაც სამართალია, მას უნდა მოვეშვათ.

შევთანხმდეთ - იმისთვის, რომ კარგი გუნდი გამოიძერწოს, სულაც არაა აუცილებელი, ბევრი ვარსკვლავი გყავდეს. შევხედოთ ვაკო ყაზაიშვილს. ის ნამდვილ ვარსკვლავად ყალიბდება. "აიაქსს" შემთხვევით ასეთ გოლს ვერ გაუტან.

იმისიც მჯერა, რომ ყაზაიშვილი მალე თვისებრივად ახალ დონეზე გავა.

ჩვენ გვყავს ჯაბა კანკავა. ჩვენ გვყავს გურამ კაშია, ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია... დაცვა, რომელიც იშვიათად ცდება. კარგი მეკარეები...

ასე რომ, თვითგვემას შევეშვათ!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მრჩება შთაბეჭდილება რომ ლამის მთელი საქართველოს საფეხბურთო სამყაროს მთავარი მიზანი სიტუაციის გამოსწორება კი არ არის (რისთვისაც კობიაშვილის მოყვანას უნდა შეეწყო ხელი), არამედ ისევ და ისევ წარსულის ქექვა! შეეშვით ამ უაზრობას ბატონებო, და საქმე აკეთეთ, ასე აჯობებს დამიჯერეთ!
მახო
13:14 28-10-2015
0
ეს კაცი გვეკაიფება, დასაჭერია ფაიზაღი
grisha
13:20 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული