ფიზმომზადება ქართულ ფეხბურთში - აღზრდის სისტემა უნდა შევცვალოთ!

AutoSharing Option
არც ისე დიდი ხნის წინანდელ ამბავს გაგახსენებთ. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. ერთი შეხედვით, ამაში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი უნდა ყოფილიყო...

მეორე მხრივ, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გუნდმა საკმაოდ დამაიმედებელი ფეხბურთი აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თურქეთს მოუგო (2:1), პორტუგალიასა (2:3) და ესპანეთთან (1:4) კი დამარცხდა. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ სამივე მეტოქესთან პატარა "ჯვაროსნებმა" ეგრეთ წოდებულ "პირველ ნომრად" ითამაშეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეებს არაფერი
დაუთმეს და სანამ ჯანი და გამძლეობა ეყოთ, არც ტექნიკაში ჩამორჩებოდნენ და არც აზროვნებაში. მაგრამ ასე მხოლოდ 60 წუთი გავძელით, რის შემდეგაც ბიჭები გადაიღალნენ და...

ახალგაზრდული ნაკრებების დონეზეც იგივე განმეორდა. ესპანეთთან საკმაო ხანი გავძელით, მაგრამ აქაც ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ბოლო 30 წუთში "დაიშალა"...

ფიზიკური მომზადების პრობლემა საკლუბო დონეზეც აშკარად ჩანს. ბოლო წუთები ლამის ყველასთან კოშმარად გვექცა. არადა, ეს არის ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი პრობლემა, რომლის შველაც ძნელი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასული ისლანდიის ნაკრების რიგებში არაერთი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ბევრზე ვერ ვიტყვით, რომ ინდივიდუალურად გამორჩეულია. გუნდურ მოქმედებასა და სათამაშო დისციპლინასთან ერთად, მათი ერთ-ერთი მთავარი პლუსი მაინც კარგი ფიზიკური მომზადებაა. ანუ ის, რისი შეძენაც, ნიჭისგან განსხვავებით, შრომით არის შესაძლებელი.

ამ პრობლემაზე ფიზმომზადების სპეციალისტი ევგენი გორგაძე გვესაუბრება.

მას ბევრ კლუბში (ქუთაისის "ტორპედო", რიგის "სკონტო", ვლადიკავკაზის "ალანია", ელისტის "ურალანი", აზერბაიჯანული "თურანი") უმუშავია და დაუგროვდა გამოცდილება, რომელიც საყურადღებო უნდა იყოს.

გამოუყენებელი რესურსი
- როცა ალექსანდრ შტელინი პირველად დაინიშნა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად, მაშინ თქვა - ქართველ ბიჭებს არანაკლებ ძლიერი ორგანიზმი აქვთ, ვიდრე უკრაინელებსო. მას ვალერი ლობანოვსკისთან კიევის "დინამოში" უმუშავია და იცოდა, რასაც ამბობდა...

Sportall.Geიგივე მოსაზრება წავიკითხე თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელის, ჩისკოს ინტერვიუში. მას მაღალ დონეზე უთამაშია, უეფას თასის მფლობელია და ამ სიტყვებს შემთხვევით არ იტყოდა.

ამაში მეც დარწმუნებული ვარ - ქართველი ფეხბურთელები, ბუნებრივი მონაცემებით, ძალიან ბევრი ერის წარმომადგენელს სჯობნიან. მაგრამ მათი აღზრდა და განვითარება ისე არ ხდება, როგორც საჭიროა.

მთავარი მიზეზი სისტემის არქონაა. ამის გარეშე თანამედროვე მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ და სანაკრებო თუ საკლუბო დონეზეც სულ ყურებჩამოყრილები ვიქნებით...

ფეხბურთი ანბანის გარეშე
- ენის სწავლას რითი ვიწყებთ? ანბანით. ასევეა ფეხბურთი - ესეც ანბანიდან უნდა დავიწყოთ. მაგრამ ჩვენ ამასაც უკუღმა ვაკეთებთ.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ფიზმომზადების პრობლემები მხოლოდ ცუდი მომზადების შედეგია. მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი სათავეს ბავშვთა ფეხბურთში დაშვებული შეცდომებიდან იღებს. 10 წლამდე მათ აქვთ ის პერიოდი, როცა ბავშვებმა უნდა გააუმჯობესონ ტექნიკა, კოორდინაცია, ტაქტიკური და თეორიული ცოდნა. მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დატვირთვებს ნელ-ნელა შეეჩვიონ და მორალურად ნაადრევად არ გადაიღალონ.

ასეა გერმანიაში, სადაც ბავშვთა ასაკში მხოლოდ ფესტივალებს და ტურნირებს ატარებენ, ასაკობრივ ჩემპიონატებს კი არ მართავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვებს ფსიქოლოგიურად ადრეულად ფიტავს.

ჩვენთან კი რა ხდება? ჯერ ტურნირებისთვის ამზადებენ ბავშვებს, ღლიან ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად და მხოლოდ ამის შემდეგ ცდილობენ მათი ნაკლის გამოსწორებას. ბევრ სკოლაში ხვეწენ მათ ტექნიკასა და კოორდინაციას ან ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას აძლევენ?

ამის შედეგად ვიღებთ თაობებს, რომლებიც ფეხბურთით სიამოვნებას ვერ იღებენ და ერთი სული აქვთ, თამაში როდის დასრულდება. ამ დროს, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები არ ვნახეთ, რა ლაღად და იოლად თამაშობდნენ და, რაც მთავარია, სიამოვნებას იღებდნენ?

ჩვენთან კი ანბანს არ ასწავლიან და ფიზიკის ხარჯზე ცდილობენ ბავშვი გაზარდონ. სხვა კომპონენტები დავიწყებულია და საბოლოოდ, "ნახევარფაბრიკატ" ფეხბურთელებს ვიღებთ, რომელთაც ტექნიკური არსენალიც აღარ უვარგათ, თან თეორიულადაც და ტაქტიკურადაც მოიკოჭლებენ.

ყველა ერთ ჯამში
- 14 წლიდან ბავშვის ხელახლა აღზრდა მორალურადაც ძნელია და ფიზიკურადაც. მას თუ არასწორი საფუძველი ჩაუყარეს, მერე ამ ხარვეზის გამოსწორება ლამის შეუძლებელია. მერე უკვე, პროფესიული დონის ფეხბურთში რომ გადადიან, არასწორი აღზრდის შედეგები იჩენს თავს...

კიდევ ერთი პრობლემაა ყველა ბავშვთან ერთნაირი მიდგომა. არადა, თითოეული ბავშვი ამას ინდივიდუალურად საჭიროებს. ერთთან რომ ამართლებს, შესაძლოა, ის დატვირთვა მეორესთან აბსოლუტურად მიუღებელი იყოს. ეს იგივეა, ყველა მოდელის მანქანაში ერთი და იგივე ძრავის ზეთი რომ ჩავასხათ, ერთს მოუხდება, მეორეს კი - გააფუჭებს.

გერმანულ ფეხბურთს "გამართულ მანქანას" იმიტომ ეძახიან, რომ იციან, ბავშვებს რა "ზეთი" ჩაუსხან, ანუ როდის, როგორ და რანაირად დატვირთონ. გამოდიან მერე და სასწაულებს სჩადიან. ჩვენც უნდა გავაკეთოთ ანალიზი - რისთვის ვამზადებთ ბავშვებს?

ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ხალხი არ ფიქრობს, მაგრამ შემსრულებლები გვაკლია, რომლებიც სწორი მეთოდებით იმუშავებენ.

უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ასეთ სპეციალისტებზე მოთხოვნას გააჩენს. ამიტომაა, 17 წლის შემდეგ რომ ვეღარაფერს ვიგებთ. ან რომ დაინტერესდეთ, ბევრ საფეხბურთო სკოლას ჰყავს ფიზმომზადების მწვრთნელი? რომ არ ჰყავთ, ესაა უბედურება.

სხვა მომსახურება
- თანამედროვე ფეხბურთში, კვებასა და სამედიცინო მომსახურებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობისას, ერთ-ერთ რუსულ კომპანიასთან ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც წამლებთან ერთად, ვიტამინებითა და აღდგენითი საშუალებებით გვეხმარებოდა. ეს არის ნახშირწყლები, ხსნარები, მიკროელემენტები და ათასი რამ, რაც ფეხბურთელებს ძალების აღდგენაში ეხმარება...

ეს დოპინგი არ არის, მაგრამ ფეხბურთელებზე სასწაულად დადებითად მოქმედებს და სულ ენერგიით არიან სავსე. თან ამას დიდი ფულიც არ სჭირდება. სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინათ, ნახევარი წლის მარაგზე გუნდები 60 ათას დოლარამდე ხარჯავდნენ, ანუ წელიწადში 120 ათასი დოლარი იყო საჭირო.

მას მერე თანხა გაიზარდა, მაგრამ საგრძნობლადაც არა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს გუნდებს ამის საშუალებაც არ გააჩნიათ. არადა, ეს გუნდის წინსვლისთვის ჰაერივით საჭიროა.

ვიტამინები ბავშვებსაც სჭირდება, რაც მათში ფიზიოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. დღეს კი მთელი მსოფლიო სპორტი ამაზეა გადასული და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ. ტყუილად კი არ ამბობენ - XXI საუკუნე სპორტული ფარმაკოლოგიისა და მედიცინის ეპოქაა.

კიევის "დინამომ" სერიოზულ წარმატებებს რომ მიაღწია, უძლიერესი სამედიცინო ჯგუფი ჰყავდა. დღეს ყველა ევროპულ გრანდშიც ასეა - თითოეულ მათგანს ზურგს სერიოზული სამედიცინო ლაბორატორია უმაგრებს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სისტემაა შესაცვლელი - ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული უმაღლეს ლიგამდე დამთავრებული. იმედია, ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ამით დაიწყებს საქმიანობას. უნდა ჩავყაროთ საფუძველი, გავზარდოთ ფიზმომზადების, საფეხბურთო პროფილის კვებისა და სამედიცინო მომსახურების პერსონალი.
სხვაგვარად, არც ინფრასტრუქტურა გვიშველის, არც უმაღლესი ლიგის კლუბებზე დახარჯული ფულები და საერთოდ, არც არაფერი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
murtalo გაიხარე! საქართველოს ყველა ნაკრებში არის ჩემი მომზადებული 1 ან 2 ფეხბურთელი. ამას ემატება ბ-ნი დავით მუჯირი, რომელმაც იაპონიაში წასვლის წინ ჩემთან ივარჯიშა. ეს იცოდა ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ, მაგრამ ჩემი მეთოდის არა თუ გამოყენება, შემოწმებაც კი არ მოინდომეს. იმედი მაქვს ახალი ხელმძღვანელობა რომელიმე ასაკობრივ ნაკრებთან მუშაობოს საშუალებას მომცემს.
გუჯა კახაძე
13:16 10-11-2015
0
ეგება ეხლა მაინც მოუსმინონ ამ კაცს(ბატონ გ.კახაძეს)...კობი ექსპერიმენტის სახით მაინც რომელიმე ასაკობრივი ნაკრების მომზადება ჩააბარეთ და თუ მოხდა სასწაული და ეს კაცი მართალი აღმოჩნდა, ეშაფოტზე იქნება გასაგზავნი იქნება ყველა ის პიროვნება, ვინც ასე ფეხებზე იკიდებს მის ნოვაციას...თუ გეშინიათ, რომ მართლა გაფრინდებიან?:)))
murtalo
04:51 01-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული