ლევან კობიაშვილი: უეფასთვის 280 ათასი ევროც ჩვენი გასასტუმრებელია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააანონსეს, რომ უწყებაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში სიახლეების დანერგვით დაიწყებოდა.

სტრუქტურული ცვლილებები სფფ-ის მედიადეპარტამენტით დაიწყო - ნოემბრიდან აღარ გამოვა ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში" და ყოველთვიური საფეხბურთო ჟურნალი - Number One.

სფფ-ის ხელმძღვანელთა თქმით, 2016 წლის იანვრიდან ფეხბურთის ფედერაციის მედიადეპარტამენტი ბეჭდური მიმართულებით სხვადასხვა სიახლეს გეგმავს, რაც ძირითადად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციასა და მის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ამრიგად, ახალი
წლიდან სფფ-ის ბეჭდური პროექტი მკითხველს ახალი ფორმატით დაუბრუნდება. როგორც შევიტყვეთ, ლაპარაკია უწყებრივი ჟურნალის გამოცემაზე, რომელიც 2016 წლიდან იხილავს დღის სინათლეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სხვა სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ჯერჯერობით არ ახმოვანებს. მიზეზი უცნობია, მაგრამ 300 თანამშრომლიდან უმრავლესობას რომ გათავისუფლება მოუწევს, ეს საკამათო არ უნდა იყოს. ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ფედერაციაში ხომ მაქსიმალური საშტატო ერთეული, მინიმუმ, სამჯერ ნაკლებია.

არადა, ფედერაციის ძველ ხელმძღვანელობას ბევრ თანამშრომელთან ლამის მუდმივი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და, აქედან გამომდინარე, ახალი ხელმძღვანელობა სასურველი კადრების მიზიდვასა და ფედერაციის ხელახალ დაკომპლექტებას ვერ ახერხებს.

* * *
გუშინ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს უმასპინძლეს. შეფასდა ფეხბურთის ფედერაციაში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები, გააანალიზეს პრობლემები და ილაპარაკეს მათი გადაწყვეტის გზებზე, ბოლოს კი 2016-19 წლებისთვის ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებიც განიხილეს.

ასევე, შეეხნენ სფფ-ში არსებულ ფინანსურ პოლიტიკას, ბავშვთა ფეხბურთს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურას...

კობიაშვილმა ეროვნულ ჩემპიონატსა და ფედერაციაში გასატარებელ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ილაპარაკა.

"დღეს პარლამენტში დებიუტი მაქვს, - თქვა კობიაშვილმა. - საერთოდ, დებიუტი ყოველთვის წარმატებული მქონდა და იმედია, დღესაც ასე იქნება. გამიხარდა მოწვევა, რადგან ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება და მჯერა, თქვენი სახით სწორედ მხარდამჭერები გვყავს.

იმედია, შემდეგი მოსვლისას პოზიტივზე ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს თქვენს ყურადღებას პრობლემებზე გავამახვილებ...

...ქვეყნის გარეთ და შიგნით არის დავალიანებები, რაც ფედერაციას დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ხელს უშლის. სერიოზული პრობლემაა რუსთავში სფფ-ის აკადემიის მშენებლობის დასრულების მხრივ, რაც აგვისტოში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა სამუშაოთა მხოლოდ 40 პროცენტია შესრულებული...

...სამწუხაროდ, 2016 წელს უეფასგან ასაღები ფული უკვე გამოყენებულია და ახლა ერთადერთ იმედად სახელმწიფოს მხარდაჭერა დაგვრჩენია. უეფაში სუპერთასის მატჩის შემოსავლებიდან შემოსული 280 ათასი ევროც არ არის გადარიცხული, სხვა მიმართულებით დაიხარჯა და ესეც ჩვენი გასასტუმრებელია...

...მალე რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც აღმასკომის ახალ შემადგენლობას ავირჩევთ, რადგან ამის გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
იმედით ვუყურებდი ამათ მოსვლას და პირველი რაც გააკეთეს მუჯირმა თავისი დის ქმარი მიიყვანა აკადემიის თავკაცად.რაღა გამოვიდა? ახლა ამათმა დაასაქმონ ნათესაობა
მერაბი
01:11 04-11-2015
0
ხალხო,კაცი ახლახან მოვიდა,გადახედა დოკუმენტებს და ამბობს,სად რა აღმოჩნდა,აღარც თქვას?..რა უნდა გააკეთოს,მაგასაც იტყვის,არ იდარდოთ.აღმასკომის შექმნა სურს სასწრაფოდ,კარგად წაიკითხეთ,ამ ორგანოს გარეშე ვერაფერსაც ვერ გააკეთებს,ძალიანაც რომ უნდოდეს...პროცედურულად,დანარჩენი აუდიტის საქმეა,კობი თავად ვერ გახდება გამომძიებელი.
ქიზიყელი
16:18 03-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული