[ოთხშაბათის საკითხავი] მე პატარა ქართველი ვარ!

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ახლა ისეთი დროა, საინტერესო ამბების დეფიციტს ნამდვილად არ ვუჩივით. ამბები ისეთია, წერის საღერღელს რომ აგიშლის და ფეხბურთზე ფიქრს რომ მოგანდომებს. ფეხბურთს კი ძალიან უყვარს კამათი და განსჯა.

მტკიცედ სდექ!
"მოქალაქეობის შეცვლაზე წამითაც არ მიფიქრია", - გვითხრა გიორგი არაბიძემ, ვისაც უკრაინელებმა ირიბად, მაგრამ მაინც შესთავაზეს მოქალაქეობის შეცვლა და საკუთარ ნაკრებში თამაში.

გიორგი მტკიცედ დადგა და ასევე უნდა იდგეს, რადგან სამშობლოს სახელით მოპოვებულ ტიტულებსა და წარმატებებს სულ სხვა ფასი აქვს. ჩვენში მამლუქებს რა დალევს - საუკუნეების წინ ვთელავდით რომის, კონსტანტინოპოლის, სტამბოლისა
თუ ისპაჰანის შარებს...

ვთელავდით და ზოგ ქართველს მძაფრად ესმოდა ერთი პატარა ჩიტის ხმა - "ნუ გათათრდები!" ზოგს ესმოდა, ზოგს - არა. გათათრება განა მხოლოდ სარწმუნოების გამოცვლას ნიშნავდა - ყოველივე ქართულის უარყოფას. მერე ისე მოხდა, რომ ბევრმა გათათრებულმა ქართველმა საქართველოს ქრისტიანზე არანაკლებად არგო, მაგრამ ეს სხვა თემაა...

ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მამლუქთა შინაგანი სამყარო დიდწილად დარდითა და წუხილითაა სავსე და არის ნოსტალგია სხვისთვის დაწერილი ისტორიისა. ეს იმის მიუხედავად, რომ ქართველები ხშირად საკუთარზე უკეთესად სხვის ისტორიას ვწერდით...

პატარა ქართველი გიორგი არაბიძე არ გახდა უკრაინელი და მე მჯერა, რომ ის ბოლომდე ქართველად დარჩება, თუნდაც ლეო მესის დაეტოლოს!

აფერუმ, პატარა ქართველო!

ესეც გაივლის...
შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" კრიზისშია. ბოლო 7 მატჩიდან გუნდმა 5 წააგო და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. "დიდი ოთხეულის" შემდეგ "ტრაბზონსფორი" თავისი გაქანებით პირველი გრანდია თურქეთში და ცხადია, მე-12 ადგილი არ არის კარგი შედეგი. ეს ყველაზე კარგად შოთამ უწყის.

"თუ არ გინდათ, რომ თქვენი მწვრთნელი ვიყო, ამას მივიღებ. მთავარია, თქვენ "ტრაბზონსფორისთვის", მისი ღირსებისთვის ითამაშოთ", - უთხრა შოთამ ფეხბურთელებს.

ისე ჩანს, თურქულ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის.

თურქული ფეხბურთი ძალიან სპეციფიკური რამაა და თუ გუნდის შიდა სამზარეულო არ იცი, მწვრთნელის ავანჩავანს იქ რთულად თუ განსაზღვრავ, რაკი ხშირად მოვლენათა ცვალებადობაზე ხილულზე მეტად უხილავი დინებები ახდენს გავლენას.

"ტრაბზონსფორში" მიმდინარე მოვლენებისა და გუნდის არასახარბიელო ასპარეზობის მიუხედავად, ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რომ მწვრთნელობა შოთას მოწოდებაა. ჩემმა ჟურნალისტურმა სვემ ათას რესპონდენტს გადამყარა და თითქმის არ მინახავს ადამიანი, ასე ერკვეოდეს ფეხბურთის ნიუანსებში და ასე მაგრად იცოდეს ადამიანებთან ურთიერთობა...

ვიცით, ტყუპისცალი განიცდის "ტრაბზონსფორის" ამბებს, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. შოთა კი ძველისძველი სიბრძნით უნდა ვანუგეშოთ - ესეც გაივლის!

დილა თუ შემოღამება?
გორის "დილაში" დიდი ამბებია. როცა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ასეთ კრიზისშია, თემას გვერდს ვერ აუვლი, რადგან ის ნათლად მეტყველებს ქართული ფეხბურთის ავ-კარგზე. "დილაში" საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები თამაშობენ.

"დილაში" ფული აღარ არის და არც ერთიანობაა. რამდენიმე დღის წინათ კი გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა გუნდიდან შესაძლო წასვლა დააანონსა.

სადაც სამართალია, ამ გუნდის რეალური ძალა მომავალ ევროსეზონში უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ დიდი შანსია, ცალკე უფულობისა და ცალკე ერთმანეთის გაუტანლობის გამო ეს ვეღარ მოხდეს. არადა, შემოღამება ნამეტნავად ადრე იწყება. უკვე მაშინ, როცა ხეირიანად არც კი გათენებულა...

გვჯერა, არც სოსიაშვილი დაიკარგება სამწვრთნელო ასპარეზზე და არც ის ფეხბურთელები იქნებიან საქართველოს დონეზე მაჩანჩალები, დღეს გორულ კლუბში ამინდს რომ ქმნიან. სამწუხარო სხვა რამეა - ქართულ ფეხბურთს ჯერაც ღრღნის "ექვსთვიანი გუნდების" სინდრომი და სანამ ეს ასე იქნება, ჩვენს წარმატებაზე ფიქრი ზღაპარია.

კი, "დინამოში" ყველაფერი დალაგებული და სტაბილურადაა, მაგრამ ასე ვერც ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი გაფრინდება. ვერ გაფრინდება თუნდაც იმ ჩემპიონატის გამო, რომელშიც "დინამოს" ყველაზე პრინციპული მეტოქე... ისევ "დინამო" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მტკიცედ სგექ! იმიტომ, რომ შეთავაზება კიდევ იქნება. ესეც გაივლის, იმიტომ, რომ მწვრთნელის კარიერაში აღმართს დაღმართი ცვლის, მწუხარებას - სიხარული!
გ7-ს მკითხველისაგან!
17:51 11-11-2015
0
"მტკიცედ სდექ!" და "ესეც გაივლის" მაგარი უაზრობა გიწერია პატივცემულო ალეკო!! რა შუაშია....? ....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული