ჯერალდ ასამოა ფეხბურთიდან ლევან კობიაშვილმაც გააცილა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გერმანიაში "შალკესა" და ყველა ვარსკვლავის მატჩზე იყო მიწვეული. ეს საფეხბურთო შოუ შაბათს გაიმართა - ასე გააცილეს ფეხბურთიდან ჯერალდ ასამოა.

განელმა ფეხბურთელმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში ითამაშა, სახელი სწორედ "შალკეში" გაითქვა და კარიერის დიდი ნაწილიც (1999-2010) ამ გელზერკირხენულ კლუბში გაატარა. ის ბუნდესნაკრების პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახლდათ (43 მატჩი, 6 გოლი). ბუცები კი ასამოამ "შალკე 2"-ში გატარებული შარშანდელი სეზონის შემდეგ ჩამოჰკიდა და კლუბის 15-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.

ასამოამ და კობიაშვილმა "შალკეში" გვერდიგვერდ მთელი 7 წელიწადი (2003-10) ითამაშეს.

პარიზში
მომხდარი ტერაქტების გამო ორგანიზატორები თავიდან მატჩის გადადებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ თამაში მაინც გაიმართა. მატჩში მონაწილეობდნენ იენს ლემანი, დავიდ ოდონკორი, კევინ კურანი, ჰალილ ალთინთოფი, დერეკ ბოატენგი, ებე სანდი და "შალკეს" ძველი ფორმაციის სხვა ცნობილი ვარსკვლავები. საბოლოოდ, მეგობრული საღამო შესაფერისი ანგარიშით, 4:4 და მოედანზე ასამოას ვაჟის შესვლით დასრულდა.

ლევან კობიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით:

"პარიზის ტრაგედია სამყაროს წინააღმდეგ მიმართული საზარელი აქტია. ეს არ იყო შეტევა მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქზე. ამ მოვლენამ შეძრა მთელი მსოფლიო.

გვჯერა, რომ სლოგანი - "ფეხბურთი აერთიანებს" - მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობიანი, სოლიდარული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. საფრანგეთის მოქალაქეებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ, სრულ თანადგომას ვუცხადებთ.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი სამძიმარი", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული