სპორტული დავების ტრიბუნალის ხელმძღვანელი შესაძლოა ისევ ზურაბ ბიწაძე გახდეს

AutoSharing Option
სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე, შესაძლოა, თანამდებობაზე დაბრუნდეს.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა. ბიწაძე ტრიბუნალის თავმჯდომარის პოსტზე აღდგენას საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ცდილობს.

"ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სარჩელი ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც აღმასკომის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ტრიბუნალი ხელმძღვანელის გარეშეა. იმ პიროვნებამ, რომელიც წინა აღმასკომმა ბიწაძის შემცვლელად დაამტკიცა, თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, ახლა კი ტრიბუნალს ხელმძღვანელი არ ჰყავს. მომდევნო აღმასკომის სხდომაზე განვიხილავთ ამ საკითხს, დაუბრუნდეს თუ არა ბიწაძე თანამდებობას, თუ
დაინიშნოს ახალი ხელმძღვანელი", - განაცხადა დავით მუჯირმა.

ზურაბ ბიწაძე აღმასკომის ბოლო შემადგენლობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან რაჭისა და გურიის დელეგატებთან დაკავშირებით, ბიწაძის გადაწყვეტილება ყოფილი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ბიწაძემ სამართლებრივი დასაბუთება მოითხოვა, რომელიც ვერ მიიღო. სწორედ ამიტომ ტრიბუნალის ყოფილმა ხელმძღვანელმა 1-ელ ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

როგორც გაირკვა, მუჯირისთვის ამ სარჩელის არსებობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღმასკომის მომავალ სხდომაზე, რომელიც 1-ელ დეკემბერს გაიმართება, ბიწაძის პოსტზე აღდგენის საკითხზეც იმსჯელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული