[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს და ამ პროექტის მთავარი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა. კარგი თემაა განსჯისთვის, დროული, საჭირბოროტო...

დღესაც ჩვენი ფეხბურთის ჭირ-ვარამზე ვილაპარაკებთ.

თუ არ ვნახეთ, არც გამოსწორდება
ფეხბურთის ფედერაცია ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს და ამ პროექტის მიზანი ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა. თამაშები პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს, უნდა იყოს საფეხბურთო მიმოხილვები...

ძალიან ცუდია, რომ ხელახლა გვიწევს იმ გზის გავლა, რომელიც გავიარეთ და კიდევ უფრო ცუდია ის, რომ ახლა უნდა გავიაროთ ბილიკი, რომელიც სხვათათვის უკვე გაკვალულია. არადა, სულ რამდენიმე წლის წინათ
ეროვნული ჩემპიონატის თამაშების შეფუთვა-ექსპორტზე იყო ლაპარაკი და კინაღამ ერთ-ერთმა მეზობელმა ქვეყანამ იხილა ჩვენი პირველობის შეხვედრები...

არ ვამტკიცებთ, რომ მაშინ იდეალურად იყო საქმე, მაგრამ რაც ახლა გვაქვს, იმას კი სჯობდა.

წლები გავიდა და პროგრესის ნაცვლად რეგრესი განვიცადეთ. წლები გავიდა და იმის მაგივრად, იმედის მცირე ნაპერწკლისთვის სული შეგვებერა და გაგვეღვივებინა, ის მონდომებით ჩავაქრეთ.

რუსეთის ხსენება დღეს ჩვენში ძალიან არაპოპულარულია. მე მაინც ვახსენებ, რადგან რისი უშუალო მომსწრე და თვითმხილველიც ვარ, იმაზე წერა მირჩევნია. რა იყო 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ჩემპიონატი? თამაშებზე ხალხი არ დადიოდა და "სპარტაკის" გამორჩეულ ინდივიდუალისტებს თუ არ ჩავთვლით, თითო-ოროლა კარგ ფეხბურთელს თუ მოძებნიდი მათ გუნდებში...

მაგრამ აი, ტელევიზიამ ჩემპიონატის ინტენსიურად ჩვენება დაიწყო. "სტიმოროლისა" და 7UP-ის რეკლამას სხვა რეკლამები დაემატა, მერე გამოჩნდნენ ნორმალური ლეგიონერები, იმ ნორმალურ ლეგიონერებამდე კი რუსეთმა საშოვარზე გადაგებული ბრაზილიელების ჭირი მოიხადა.

ამას რომ ვწერ, იმის თქმა მსურს, რომ საქმე უცბად არ კეთდება და თუ საქმის სიმძიმის გამო სულ იწუწუნე, არც არასოდეს გაკეთდება. დღემეხვალიე კაცისა კი ყველას კარგად მოეხსენება - თოვლი უკვე კარგა ხანია, მოგვადგა კარს და დადნა კიდეც. ისე დადნა, რომ იმ წყალს, მგონი, "ბავშვიც გადავაყოლეთ"...

მოდით, ვნახოთ... ქართული ფეხბურთი. ჯერ მოვითმინოთ და თან ყოველდღიური, თუნდაც ოდნავი პროგრესი მოვითხოვოთ. თან ვუყუროთ, თან შევაფასოთ, თან შესაქები შევაქოთ და საკრიტიკო ვაკრიტიკოთ. თუ ჩვენს ფეხბურთს ცხვირი ავუბზუეთ, ასე არასოდეს არაფერი გამოვა. დედას სუსტი და ავადმყოფი შვილი რომ უფრო უყვარს, ეს ცნობილი ამბავია. ჩვენც გვიყვარდეს და თან ვიზრუნოთ მასზე.

ასეთ შემთხვევაში, თუ ქართულ ფეხბურთს გვერდზე სახელმწიფოც დაუდგება, მისი საქმე აღმა წავა. დღეს შედარებით უკეთესი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, ვიდრე გუშინ იყვნენ, ხვალ კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს არიან და ასე შემდეგ...

ეს კია, რომ გამოსავალი სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფულია. ოღონდ, ის ფული, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს მოხმარდება და არა იმას, რომ თუნდაც რეგიონში ვიღაც ნახევარი წლით გაჩუმდეს...

რაც იყვირა, იმდენი რომ ეთამაშა
როცა ფეხბურთის ფედერაციაში ხარ, თან ამ ეპოქაში, დღენიადაგ ბეწვის ხიდზე გიწევს სიარული. დღეს ასეა და ვისურვებდით, ხვალ ასე აღარ იყოს: ქართული ფეხბურთი ისეა გათითოკაცებული, რომ დაღმა ხვნაც რომ გინდოდეს, შესაძლოა, აღმა ფარცხვა გამოგივიდეს.

"ზესტაფონის" თემაზე ბოლო დროს აღარ დაგვიწერია. აღარ დაგვიწერია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ველოდით კონკრეტულ შედეგს, თუნდაც - ლევან კობიაშვილისა და ილია კოკაიას შეხვედრას...

ამ ქვეყანაზე ყველაფერს თავისი წესი აქვს. რისთვისაც "ზესტაფონი" ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ გათამაშებიდან მოკვეთა, იმისთვის, სულ ცოტა ხნის წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაში გადადო.

საკითხი ძალიან ფაქიზია და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ბოლო კი მაინც ისაა, რომ "ზესტაფონი" უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს, რომელსაც არ აქვს ფუფუნება, უარი თქვას ასეთ სტადიონზე, ორ ასეთ ბაზაზე და გრძელვადიან პროექტზე, და ეს მაშინ, როცა სტადიონებიც სანთლით გვაქვს საძებარი, ბაზებიცა და გრძელვადიანი პროექტებიც.

ერთი ეგაა, ისეთი ფორმა უნდა იქნას მოძიებული, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები რომ იყოს. სამართლიანობა კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღდგეს ქართულ ფეხბურთში.

კოკაიას ხასიათი, იქნებ, ბევრისთვის რთულიც იყოს, ხოლო მისი მოთხოვნები - მოსაბეზრებელი. ბევრი ამბობს კიდეც - ამ კაცმა რაც იყვირა, იმდენი რომ ეთამაშა, უკეთესი შედეგი ექნებოდაო, მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ.
კოკაიამ 12 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" და მას ფულის ხარჯვა ისეთ რეალობაში უნდა, შედეგს რომ მიაღწევს. სუფთა პრაგმატულადაც კი ასეა - აღარ არის კოკაია და ზესტაფონს აღარ ჰყავს გუნდი უმაღლეს ლიგაში.

არა არს დაფარული
ბოლო დროს საინტერესო ამბები ვითარდება გორის "დილას" გარშემო. "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ამას წინათ "ლელოსთან" საუბარში გუნდიდან შესაძლო წასვლა დააანონსა.

ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც გასულ სეზონში "დილა" გააჩემპიონა და ახლა მისი გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე მიდის, ტყუილად არ გააკეთებდა ასეთ განცხადებას. ესეც არ იყოს, კულუარებში "დილას" თაობაზე ბევრი რამ ისმის. მორჩება სეზონი და ყველაფერი ითქმება, რადგან ყველამ ვიცით, რომ "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს"...

ამბობენ, რომ "დილას" შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს და ეს ცვლილება შემადგენლობასთან ერთად სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებსაც შეეხებათ.

რა თქმა უნდა, ადგილობრივ კადრებზე დაყრდნობა კარგია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში "დილა" ძველებურად ძლიერი ვეღარ იქნება და ის პროექტიც ვეღარ განხორციელდება, რომელსაც ყველანი ერთად შევცქეროდით დიდი იმედით.

ფაქტი ჯიუტია - თუ რამე ახალისებს და ალამაზებს (შედარებით!) საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ეს, თბილისის "დინამოსთან" ერთად, გორის "დილაცაა". იქნებ, ეს პროექტი მხოლოდ იმიტომ იშლება, რომ "მავანი" "მძიმეწონოსანი" "მოთამაშე" ქართულ ფეხბურთს გაერიდოს.

მე ამ შემთხვევაში იმაზე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კარგი ქართული გუნდი დალევს ჩაილურის წყალს და კიდევ ერთი პროექტი ჩაჰბარდება წარსულს. ცალკე აღებული, არავინ დაიკარგება - არც მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი და არც "დილას" ის ფეხბურთელები, არაერთი მატჩი რომ ჩაუტარებიათ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში...

"ბოროტი ენები" უკვე გვწერენ თუ გვეუბნებიან, ახალ აღმასკომზე რომ წერთ, საქმის მკეთებელი ხალხიაო, იმას რატომ არ წერთ, მავანმა კლუბებმა თავიანთ თავზე რომ მოირგეს აღმასკომიო?!

რას ვიზამთ, ჩვენც, ჟურნალისტებსაც, ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ კაკაურიძე, შეგიძლია კარგადაც წერო როდესაც ცდილობ ობიექტური იყო და თითიდან გამოწოვილ თემებს არ ეხები... ;-)
და პირდაპირ ვაცხადებ რომ დილას ამ შემადგენლობას თუ დაშლიან არ ყოფილა საშველი, არ გვდომებია მაღალი დონის ფეხბურთი და დავრჩებით სოფლის პირველობად. დილა კიარ უნდა დავშალოთ სხვებიც უნდა გავაძლიეროთ
leo-dzia
10:40 10-12-2015
0
გიას კომენტარს სრულად ვუჭერ მხარს. არავისი ენის მიტანას ყური არ უნდა ეთხოვოს. მხოლოდ მიუკერძოებლობა ჩასვამს ჩვენი წვეყნის ფეხბურთს საკუთარ კალაპოტში.
დათო
09:21 10-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული