უფრო ახლოს ევროპასთან - რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ვიზალიბერალიზაცია?

AutoSharing Option
18 დეკემბერს ცნობილი გახდა ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველოსა და ევროპას შორის მალე უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ტექნიკურად, კიდევ დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, მაგრამ სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაციის პროცესი 5 თვეში დასრულდება და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი 2016 წლის ზაფხულში ან მაქსიმუმ, შემოდგომაზე გაუქმდება...

ბიომეტრიული პასპორტით საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ დასჭირდებათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა. უვიზო რეჟიმი ასევე გავრცელდება ევროკავშირის ოთხ (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) არაწევრ და შენგენის ზონის ოთხ (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია) კანდიდატ ქვეყანაში.

ყოველგვარი
ბარიერის გარეშე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უვიზოდ 90 დღით გაემგზავრება და თავისუფლად გადაადგილდება.

ეს საქართველოს მოქალაქეებს საგრძნობლად გაუადვილებს ევროპაში ტურიზმისა და დასვენების მიზნით გამგზავრებას, საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობას, მკურნალობას, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებასა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სპორტსმენთა ინტერესებიდანაც თუ შევხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

"ვიზალიბერალიზაცია ქართულ ფეხბურთს ნებისმიერ შემთხვევაში წაადგება, რადგან ტურნირებსა და ოფიციალურ თამაშებზე გუნდებისა და ნაკრებების გამგზავრება ადრინდელივით დროს აღარ წაგვართმევს და არც ვიზის შესყიდვა მოგვიწევს.

2013 წელს, თბილისის "დინამო" "სტრეიმურს" რომ შეხვდა, ფარერის კუნძულზე ჩასასვლელად დანიის ვიზა ბოლო მომენტში ავიღეთ. ვიზების შესყიდვაც აღარ მოგვიწევს, რაც ზოგჯერ 7,500 ევროც ჯდებოდა.

ასე რომ, ეს ამბავი წინ გადადგმული ნაბიჯია და ევროპულ ფეხბურთთან ინტეგრაციაში დაგვეხმარება", - ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა.

გიორგი კაციტაძე, ეროვნული ნაკრების მენეჯერი: "ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან კარგი სიახლეა და მუშაობას საგრძნობლად გაგვიადვილებს. მაგალითად, ბოლო მომენტში ვინმეს ტრავმა რომ მიეღო და არაევროკავშირის ქვეყნიდან გამოძახება დაგვჭირვებოდა, დაჩქარებული წესით ვიზის გაცემა ძალიან ჭირდა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი დასრულდა. კარგი იქნება, თუ ამ სიაში დიდი ბრიტანეთის სამეფოსა და ირლანდიის ვიზებიც იქნება გათვალისწინებული".

ძალიან კარგია, რომ ევროპულ ქვეყნებში ჩვენი კლუბები და ნაკრებები დაუბრკოლებლად გაემგზავრებიან, ითამაშებენ და კავშირებს დაამყარებენ. ახლა მთავარი - ვიზალიბერალიზაციაზე ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ფეხბურთელები ევროკავშირში კონტრაქტებს უფრო ადვილად გააფორმებენ, ვიდრე აქამდე?

ამა თუ იმ კლუბში ბევრი ქართველი ფეხბურთელი სწორედ სამუშაო ვიზის არქონის გამო ვერ ჩაირიცხა. მაგალითად, წლების წინათ ლევან ყენიას "ლევანტე" კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ეს იურიდიულად ვერ მოხერხდა. ცხადია, ეს ერთი შემთხვევა არ გახლდათ.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, ისარგებლოს ვიზალიბერალიზაციის, უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებული სარგებლით, მაგრამ უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში დასაქმების საშუალებას არ იძლევა", - ასე უპასუხა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას.

ანუ ევროკავშირში სამუშაო ვიზის მიღება ისევ რთული იქნება. მოტივი გასაგებია: ევროკავშირში აქვთ ბალტიისპირეთისა და მოლდოვის სამწუხარო მაგალითი, საიდანაც უამრავი მოქალაქე უფრო ანაზღაურებადი სამუშაოს იმედად წავიდა. გასაგებია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც, ევროკავშირში სამუშაო ვიზის გაცემა ემიგრანტთა ახალ ტალღას გამოიწვევს, მაგრამ ფეხბურთელები ის კატეგორიაა, რომელთაც სამუშაო ვიზა ჰაერივით სჭირდებათ.

დღეს არსებული შეზღუდვებით, 18 წლამდე ქართველ ფეხბურთელს არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კლუბებთან კონტრაქტის გაფორმების უფლება, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა, ვითარება სამართლებრივად დარეგულირდეს და ეს მხარეც გაიოლდეს. არის დამაიმედებელი პრეცედენტებიც. მაგალითად, ესპანეთში კალათბურთელები ლეგიონერებად არ ითვლებიან. ასევეა უნგრეთში, სადაც ჩვენს ფეხბურთელებს უცხოელის სტატუსი არ აქვთ. ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ამ ქვეყნების შესაბამისმა სპორტულმა ფედერაციებმა გაითვალისწინეს.

იმედია, ევროკომისიის 18 დეკემბრის დასკვნის გამო მკაცრ მოთხოვნებს ევროპის სხვა ქვეყნებიც შეარბილებენ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, უვიზო რეჟიმი არა მხოლოდ ევროკავშირთან, რუსეთთანაც გვექნება და ქართველ ფეხბურთელებს ორი კურდღლის დაჭერის შანსი ეძლევათ. ქართველი ფეხბურთელები რუსეთში თავისუფლად შევლენ. არადა, ამ მხრივ სერიოზული პრობლემები იყო.

2013 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ლაშა გვალიამ რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ეკატერინბურგის "ურალთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ვერც რუსეთის სამუშაო ვიზა მიიღო, დროც დაკარგა, ფორმიდანაც ამოვარდა და ნაკრებშიც ვეღარ ითამაშა.

ანალოგიური ამბავი მოხდა 2009 წელს, როცა ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასის" სპორტულ დირექტორად ბათუმის "დინამოს" მეკარეთა ამჟამინდელი მწვრთნელი იური მამინაშვილი დაინიშნა, მაგრამ ის რუსეთში ფიზიკურად არ შეუშვეს და ექვსი თვის შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა.

სხვათა შორის, კარგა ხანს ვერ იღებდა რუსეთში ვიზას სფფ-ის ამჟამინდელი გენერალური მდივანი დავით მუჯირი, რომელიც იმ დროს სამარის "კრილია სოვეტოვის" კაპიტანი გახლდათ.

სამი თვე ელოდნენ შესვლაზე ნებართვას ეროვნული ნაკრების კანდიდატები - გოგიტა გოგუა და გოჩა ხოჯავა. ცხადია, ამდენი ხნის უქმობამ მათ სათამაშო ფორმაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მოკლედ, ამ მხრივ პოზიტივი გამოჩნდა და ვნახოთ, როგორ გავლენას იქონიებს ის ქართველი ფეხბურთელების მომავალზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული