[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!

AutoSharing Option
საქართველოს, ქართულ ფეხბურთს მოუკვდა დავით პეტრიაშვილი. ამაზე მნიშვნელოვანი ვერც ვერაფერი მოხდებოდა ან მოხდება გასულ თუ მომავალ კვირაში. ეს იყო გარდაცვალება, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ბევრი წაართვა და მწარედ აგვატირა ისინი, "პეტროს" სიცოცხლეში რომ ვიცნობდით, მასთან რომ ვმეგობრობდით.

ეს რუბრიკაც ალალია მასზე და ძალიან მცირე სამადლობელიც კი არის. ესაა - ყველა იმით ვცემთ დათოს პატივს და იმას ვუსაგზლებთ იმიერ სამყაროში, რაც შეგვიძლია...

რაოდენ ადვილი იყო მასზე წერა მაშინ, როცა ის ცოცხალი გახლდათ და რა ძნელია, როცა აღარ არის. მიხვიდოდი ინტერვიუზე და მის
ნათქვამს არ სჭირდებოდა კირკიტი. ხელთ მაგარი მასალა გეპყრა და ამ მასალის მომწოდებელი რაღაცნაირად გჩუქნიდა ბედნიერებას თავისი უბრალოებით.

მე ბევრი ჩინოსანი მინახავს ამქვეყნად, მაგრამ არც მინახავს და ვერც ვნახავ მისნაირს. სხვები თავისას დაწერენ. ვეჭვობ, იმათაც ნახონ. ვეჭვობ იმიტომ, რომ ასეთი ჩინოსანი ქვეყნიერებაზე არ არსებობს.

თამამად შემიძლია დავწერო, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში არ მიღებულა საქართველოსთვის გასახარი არც ერთი გადაწყვეტილება, დათო პეტრიაშვილს რომ თავისი წონიანი სიტყვა არ შეეშველებინა სამშობლოსთვის.

მერე ჩვენ ვიგებდით, რომ თბილისში სუპერთასია, რომ ელიტრაუნდს ვმასპინძლობთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენია და ამ მიღწევებს სხვები თავისად მიიწერდნენ ხოლმე. "პეტრო" არავის ახსოვდა. მას არ სწყინდა. იყო ჩუმად და ისე აკეთებდა დიდ საქმეებს.

გულზე ხელს დავიდებ და ისე ვიტყვი - დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში მე არ მინახავს ამხელა საქმეების ასე ჩუმად მკეთებელი კაცი. და ეს ხდება 21-ე საუკუნეში - ქართული ფეხბურთის არნახული დაცემის საუკუნეში, როცა ჩვენში ყოველ საფეხბურთო ვიგინდარას საფეხბურთო თავადობა თუ არა, აზნაურობა მაინც სწყურია.

დათო პეტრიაშვილი კი პატიოსანი ქართველი გლეხის საწყაოთი წონიდა. "პიარის" საუკუნეში ის არ ეძებდა თვითრეკლამას. ბოლოს ინტერვიუებსაც ერიდებოდა. ამას წინათ, ვთხოვე საგაზეთო ინტერვიუ. გთხოვ, არ გვინდაო, იყო პასუხი. ცოტა მოვიცადოთო...

რა ვიცოდი, რომ მალე დათო აღარ იქნებოდა, რა ვიცოდი, რომ ის ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ცხოვრებაში ხომ წინასწარ არაფერი იცი და მერე, ფაქტის წინაშე რომ დადგები, ისეთი ამბების დაჯერება გიწევს, რაც ადრე ვერაფრით წარმოგედგინა...

მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ დათო პეტრიაშვილის თვალებში ოდესმე ის სიცოცხლე ჩაქრებოდა, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. რას ვიზამთ, ხანდახან ისეთი რამეებიც უნდა დავიჯეროთ, რაც წარმოუდგენელი გვეგონა.

რომელი ერთი უნდა მოჰყვე დათოზე, რომელი ერთი უნდა გაიხსენო? მე სულ პირველ მოგონებას მოვიტან. ძველს და ტკბილს.

2004 წელია. თბილისის "დინამოს" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აკლია. კრაკოვში, "ვისლასთან" საგარეო მატჩია. იმ შეხვედრას ვაშუქებ. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო უცხოეთში. ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით ვიმახსოვრებ. ჩემი გამოცდილი კოლეგები კი, დღეს ჩემი უფროსი მეგობრები, ყურადღებას არ მაკლებენ.

სასტუმროში ნომრის კარი უცნაურად იღება. ვერ ვაღებ. ჩემი კოლეგებიც არ არიან. სასტუმროს ფოიეში ჩავდივარ. მრცხვენია. ვბედავ და ჩემი გაჭირვების ამბავს "პეტროს" ვეუბნები.

"შენ რა გითხარი, მაგან შეგაშინა, კაცო?!" - მიღიმის თავისი მართლაც განუმეორებელი ღიმილით და კარს მიღებს. ის უკვე ბევრ სასტუმროშია ნამყოფი. ის "დინამოს" მმართველი დირექტორია და მაინც ასე უბრალოა...

მერე, მთელი ორი დღე, თავისუფალი რომ არის, თვალს არ მაშორებს. მე უკვე ვიცი და აღარ ვიკეტები. "პეტროს" უხარია, რომ მე ვიცი და ჩვენ შორის ქრება დიდი კედელი. დიდ კედელს მისი დიდი ადამიანობა ანგრევს.

სწორედ "პეტროს" დინამომ" გაჭრა ხელახლა ქართული ფეხბურთის ფანჯარა ევროპაში. ის "დინამო" ყველას გვახსოვს. "ნემსო", ჯაბა და სხვა მაგარი ბიჭები. იმ "დინამომ" ბევრს მიაღწია. იმ მიღწევას ჯერ ვერ ვიმეორებთ.

იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. დრომ ჩვენი მეგობრობა განამტკიცა და დღეს დათო პეტრიაშვილი აღარ არის. აღარ არის და ქართულ ფეხბურთს ერთი უპირველესი მეოხი აღარ ჰყავს.

წამიკითხავს, დავით გურამიშვილმა როგორ დაიტირა ვახტანგ VI - ვაი, რა ბოძი წაგვექცაო. მართლაც დიდი ბოძი წაექცა ქართულ ფეხბურთს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დათოს სათაყვანო ქართული ფეხბურთი გადავარჩინოთ. რასაც ის მარტო აკეთებდა, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ, რადგან დათო არ მომკვდარა, ის გარდაიცვალა. მისი დიდი საქმეები უნდა გაგრძელდეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ალეკო, ერთერთი საუკეთესო ჟურნალისტი ხარ და დარწმუნებული ვარ ძალია კარგი ადამიანიც
goga
02:29 24-12-2015
0
სიტყვები არ მყოფნის.. საქართველომ და ქართულმა ფეხბურთმა დიდი ადამიანი დაკარგა.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს..
georgiano
02:29 24-12-2015
0

სიახლეები პოპულარული