მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა

AutoSharing Option
დოსიე
მამუკა ფანცულაია
დაიბადა 1967 წლის 9 თებერვალს თბილისში (48 წლის)

საფეხბურთო კარიერა
1984-89 დინამო თბ
1989 ტორპედო ქ
1990 დინამო თბ
1990-93 გორდა
1993-94 შევარდენი 1906
1996-97 ოდიში

მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელი გახლდათ. 1985 წელს, საბჭოთა კავშირის 18-წლამდელების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, რომლის შემდეგაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა. სულ საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა...

შეეძლო, დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო
1987 წელს საბჭოთა კავშირის
ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებში ლიდერობდა. 1990 წელს (გია გურულთან ერთად) 23 გოლით ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. არის ისტორიული მატჩის მონაწილე - 1990 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში ლიტვასთან პირველად რომ ითამაშა.

გენადი კოსტილევი, რომელმაც საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ორჯერ (1985, 1990) გახადა, "სპორტ-ექსპრესთან" წლების შემდეგ იხსენებდა: "ფანცულაია ფეხბურთზე გვიან შევიდა. ის მოცეკვავეთა ანსამბლში დადიოდა. ფეხებს ისე ამოძრავებდა, მისთვის საჯარიმოში ბურთი უნდა მიგეცა და მერე თავისას აუცილებლად გააკეთებდა. უნიკალური იყო! შეეძლო უდიდესი ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ რეჟიმს არ იცავდა და"...

წლების განმავლობაში, საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" მწვრთნელი გახლდათ და საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გაუზარდა.

მის ოჯახში უნიკალური ისტორია დაიწერა: ფანცულაიების ოჯახი საქართველოში პირველია, რომლის ორი წარმომადგენელი, მამა და შვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე გახლდათ. 2013 წელს, ლიტვაში გასამართ ევროფორუმზე მისმა ვაჟმა, ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ითამაშა, რომელმაც გია ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ელიტრაუნდში 2 გოლი გაიტანა (ინგლისსა და ბელგიასთან) და გუნდს ევროფინალში გასვლაში დაეხმარა.

მამუკა ფანცულაია გულიანი, ალალი კაცია და ასეც გველაპარაკა წარსულზე, გაფრენილ ვარსკვლავურ შანსზე, შეცდომებზე...

გრძელთმიანი მოცეკვავე
- ფეხბურთზე ძალიან გვიან, 15 წლის შევედი. ეზოში ჩემს თამაშს "ნორჩი დინამოელის" მწვრთნელმა ოთარ გეგეჭკორმა უყურა და სახლში მოვიდა. მამაჩემს ეუბნება, თქვენი შვილი მაგარია და ჩვენთან მოიყვანეთო.

მამაჩემმა მკითხა, გინდა ფეხბურთზე შესვლაო? არჩევანის წინაშე დავდექი. მაშინ პიონერთა სასახლეში ცეკვაზე დავდიოდი და არ ვტრაბახობ, რესპუბლიკური კონკურსების 7-გზის ლაურეატს ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი მიწვევდნენ. მათ ანსამბლში მოხვედრა კი უდიდესი პატივი იყო. მაგრამ მეორე მხრივ, თავის გამოჩენის შანსს ფეხბურთში მაძლევდნენ, თამაში კი მაგრად მიყვარდა. შანსი არ იყო, ცეკვის დაწყებამდე არ მეთამაშა, სახლში შესვლამდე, ეზოში ღამის 12 საათამდეც ბევრჯერ შემოვრჩენილვარ. თუმცა, თამაშის ყურება ნაკლებად მიყვარდა.
მოკლედ, უნდა გადაწყდეს, ფეხბურთი ან ცეკვა. მანამდე, ორი წლით ადრეც "ნორჩ დინამოელში" მეგობარმა წამიყვანა.

დიდი თმები მქონდა და მწვრთნელმა ჩემს მეგობარს ჰკითხა, ფეხბურთელი მომიყვანე თუ მღვდელი, რამხელა თმა აქვსო. მოედანზე არც გავსულვარ, ისე შევტრიალდი და წავედი.

მეორე შანსი გამოვიყენე ფეხბურთში დავრჩი და არც მინანია. მაგრამ პირველად მოედანს რომ გავხედე, ვიფიქრე, აქ რა ირბენს-მეთქი. მალე სივრცეს შევეჩვიე და ბომბარდირი რომ გავხდი, ერთი-ორი თბილი სიტყვაც მითხრეს და დიდი სტიმული გამიჩნდა.

რეალურად, სერიოზული საფეხბურთო სკოლა არც გამივლია. 15 წლის ასაკში დავიწყე და სამ თვეში საქართველოს იუნიორთა ნაკრებში წამიყვანეს, რომელმაც ტაშკენტში პირველი ადგილი დაიკავა. იქიდან მალე საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში გენადი კოსტილევმა მიმიწვია. 17 წლისამ კი უკვე თბილისის "დინამოს" დუბლებში ვითამაშე...

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
- პატარა ბიჭმა საბჭოთა კავშირის 18-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. ნაკრების მწვრთნელი - გენადი კოსტილევი, ძალიან კარგი ადამიანი, მე, ალეკო კანტიძეს, ზაზა რევიშვილსა და ვასილ მიქაშავიძეს სისტემატურად ძირითად შემადგენლობაში გვათამაშებდა. იმ გუნდში კანტიძე მარცხენა მცველი იყო, რევიშვილი მარცხენა ნახევარმცველი, მეც ამ ფლანგიდან ვუტევდი, მიქაშავიძე კი ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

ჯგუფში ჯერ მასპინძელ უნგრეთს მოვუგეთ 2:0 და საგოლე კომბინაციაში ვმონაწილეობდი. შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პორტუგალია დავამარცხეთ (2:1, 2:0) და ორივე მათგანს გავუტანე.

ნახევარფინალში უკვე აღმოსავლეთ გერმანიას მოვუგეთ 5:2 და დუბლი შევასრულე. ფინალში საბერძნეთს 4:0 გადავუარეთ - დასაწყისში სამი კაცი მოვატყუე, საჯარიმოში შევვარდი, წამაქციეს და პენალტი ავიკიდე, რომელიც ველი კასუმოვმა გაიტანა. მერე დუბლი შევასრულე, მე-4 გოლი ანდრეი კობელევის იყო და ევროპის ჩემპიონები გავხდით. თანაც ისე, რომ სულ ძირითადში ვიყავი.

ტურნირის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. იმ ორ წელიწადში სერიოზული წინსვლა მქონდა, კარიერა კარგად ამეწყო, უდიდესი პერსპექტივა გამოჩნდა და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი...

Sportall.Ge
ფოტოზე: მამუკა ფანცულაია, მერაბ თევზაძე, ზაურ ხაპოვი, თემურ ქეცბაია (1989)

პეტრო...
- სხვათა შორის, თბილისის "დინამოში" დავით პეტრიაშვილთან ერთად ამიყვანეს, მისი სული აცხონოს ღმერთმა, დათუნა კარგი კაცი იყო. რომ ვიხსენებ, თვალებზე ცრემლები მადგება.

ძალიან კარგი პიროვნება იყო, რომელიც ყველას თბილი და კეთილი გულით დაამახსოვრდა. ორივე შემტევი ვიყავით, მაგრამ მას სხვა ამპლუაშიც შეეძლო ეთამაშა - ცენტრში, მარჯვნივ, მარცხნივ. სხვათა შორის, ტექნიკური იყო და საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც გამოდიოდა - ჩემს შემდეგ თაობაში.

ურთიერთობაში არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და მალე დავმეგობრდით. მერე ჩვენი გზები გაიყარა, პეტრომ ფედერაციაში დაიწყო მუშაობა, ფიფასა და უეფაში იმუშავა და კარგი, წარმატებული მენეჯერი გახდა. ყველამ იცის, რომ ბოლოს უეფაში ძალიან გავლენიანი კაცი იყო და საქართველოსთვის უამრავი სიკეთე გააკეთა.

მაგრამ ყოველთვის მეგობრად მიმაჩნდა და მისი წარმატება მახარებდა. გული მომიკვდა, კაცი რა საშინლად გარდაიცვალა.

გულაცრუებული
- გია გურულთან ერთად, პირველი ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი. დღემდე სახლში ვინახავ ბუბა კიკაბიძის გადმოცემულ "ოქროს ბუცს". 1990 წლის 27 მაისს ლიტვასთან საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრის მონაწილეც ვარ.

დიდ ფეხბურთთან ერთ ნაბიჯში ვიყავი. მაგრამ... 1992 წელს, მსაჯთან კამათისთვის ჩემი საკითხი სადისციპლინო კომიტეტზე გაიტანეს. სხდომას არ დავესწარი და ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. აქ ვერ ვითამაშებდი და ფორმიდან ამოვვარდი.

თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა. დისკვალიფიკაციის პერიოდში ვის არ ვთხოვე, მაგრამ უცხოეთში არავინ გამიშვა.

მას შემდეგ რამდენიმე გუნდში მივედი, ფორმის აღდგენა ბევრჯერ ვცადე. 1993 წელს თბილისის "შევარდენში" მივედი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლო მცდელობა 1996 წელს ზუგდიდის "ოდიშში" მქონდა, სადაც მურთაზ ხურცილავამ მიმიწვია, მაგრამ მივხვდი, ჩემი მატარებელი ჩავლილი იყო.

ჩემი საუკეთესო წლები ომებს დაემთხვა. ქვეყანას იმხელა სატკივარი ჰქონდა, ფეხბურთისთვის ვიღას ეცალა. ძალიან ცუდი დრო იყო, ქაოსი, არეულობა, გაურკვევლობა, საერთაშორისო სარბიელი არც ნაკრებს ჰქონდა და არც გუნდებს...

ჩემზე ვერავინ იტყვის, რეჟიმისტი არ იყოო. მაგრამ დამხმარე არ მყავდა და გული ამიცრუვდა. ასე იმედიანად დაწყებული კარიერაც ნაადრევად დავასრულე, რაზეც გული ძალიან მწყდება, ძალიან.

ჩემი ცოლის დაქალები
- კარგად მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დროს "კაგებე" როგორ მუშაობდა. თვალს არ გვაცილებდნენ და ყველფერი იცოდნენ, სად ვიყავით, რას ვაკეთებდით თუ ვაფუჭებდით.

ვიცოდით, რომ ყველა უცხოურ შეკრებასა თუ თამაშზე ვიღაც აუცილებლად მოგვყვებოდა. ვინც "დიპლომატითა" და ჰალსტუხით მოდიოდა, ვფიქრობდით, "გადაცმული" თანამშრომელი იყო.

ეს ისტორიაც ამასთან დაკავშირებულ სიფრთხილეს უკავშირდება. 19 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი მეუღლე - თეონა კახიანი რომ შემიყვარდა. ის თავის დაქალებთან ერთად ბათუმში ისვენებდა და მასთან გადაფრენა ისე მინდოდა, ზაფხულის შესვენებამდე დიღმის ბაზაზე არ შემივლია და ბოლო ვარჯიში გავაცდინე. ვიფიქრე, მაპატიებდნენ.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, შეყვარებულს ჩავაკითხე. ამ დროს დედაჩემის ზარმა გული გამიხეთქა - მამუკა, "დინამოდან" დაგირეკეს, სასწრაფოდ გამოცხადდიო. სხვა რა გზა იყო, თბილისში გამოვიქეცი. გზაში ათასგვარი აზრი მიტრიალებდა: ეტყობა, ბოლო ვარჯიშის გაცდენისთვის დამსჯიან-მეთქი. თან ვფიქრობდი, სად ამედევნა "კაგებეს" თანამშრომელი და გუნდში ამბავი როგორ მიიტანა.

დიღმის ბაზაზე მივედი და იქ დათო ყიფიანის გარდა არავინ დამხვდა. "დავიდიჩმა" გაოცებულმა შემომხედა - მამუკა, აქ რა გინდაო?
- თქვენ არ გამომიძახეთ-მეთქი?
კაცი გადაირია, რა დროს ბაზაზე მოსვლაა, წადი, შვილო, შესვენება შეირგეო.

მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. რა "კაგებე", რისი თვალთვალი - მერე მითხრეს, თურმე ჩემი მომავალი მეუღლის დაქალებმა გამაშაყირეს...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ კაცს მგონი ხელის წამკვრელი კი არა ყურის ამწევი აკლდა.
გუნდშიც აგიყვანეს და ნაკრებშიც -მეტი ხელის წაკვრა რა გინდა?
ამის შემდეგ შედეგის დასადებად ბევრი შრომა და დიციპლინაა საჭირო, მეტი არაფერი.
ფერნანდო
10:44 06-03-2016
0
ბატონო მამუკა, მე მახსოვს თქვენი პირველი შემოსვლა მოსკოვის ტორპედოსთან თამმაში 0:2 ანგარიშზე თემურ ქეცბაიასთან ერთად და იმ მატჩის გადარჩენა ამ ორი ახალგაზდისგან. იქიდან მოყოლებული გგუშემატკივრობდით ქართველი ფეხბურთის მოყვარულები. უშუალო მომსწრე ვარ ოქრიაშვილის აღზრდაში, როგორც მწვრთნელმა რომ დიდი წვლილი შეიტანეთ, ესეც კი საკმარისია, რომ მწვრთნელმა იამაყოს თავის ღვაწლით. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ თორნიკეს საკმაოდ წელგამართული მამა ჰყავდა და ჰყავს კიდეც. ბატონო მამუკა მინდა გკითხოთ და გთხოვთ დაგვიწეროთ პასუხი, თქვენ, როგორც მწვრთნელმა, როგორც დიდ ფეხბურთ ნათამაშევმა ვეტერანმა და ბოლოს როგორც პიროვნებამ ხელი წამოჰკარით, თუ არა თუნდაც ერთ ''უმამიკო'' ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭს. ეს თქვენს ინტერვიუსთან დაკავშირებით გეკითხებით, თორემ ეს კითხვა ეხება ყველა ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწე პერსონალს და არა მარტო მწვრთნელებს. არადა ყველას გვახსოვს რომ, ბევრი პიროვნება გვყავდა ფეხბურთშიც და საერთოდ სპორტში რომლებიც უანგაროდ ეხმარებოდნენ ახალგაზრდეს დიდ გზაზე გასასვლელად.
gizog
09:16 06-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული