"ოლიმპი" მაინც დაანგრიეს! თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა განადგურდა [PHOTO]

AutoSharing Option
2015 წლის 29 დეკემბერი ქართული ფეხბურთის ნგრევის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თარიღად ჩაიწერება. სამწუხაროდ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" გადარჩენის იმედი არ გამართლდა: გუშინ, 29 დეკემბერს, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნებს სამშენებლო ტექნიკით მიადგნენ და გადაუარეს...

არადა, საფეხბურთო საზოგადოების მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციით მოედნების განადგურების შეჩერების რწმენა გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამ "ოლიმპის" წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ ორი წლის განმავლობაში იქაურობას არ შეეხებოდნენ.

ისინი მზად იყვნენ, მოლაპარაკება დაეწყოთ ალტერნატიულ ტერიტორიაზე, მაგრამ... რეალური არაფერი შესთავაზეს და მოედნების
ადგილზე კორპუსების აშენება გადაწყვიტეს.

ორიოდე დღის წინათ, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დაიმედებული იყო, რადგან თბილისის საკრებულოში უთხრეს, რომ მერიაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზება სურდათ. კვარაცხელიამ და "ოლიმპის" მესვეურებმა იცოდნენ, რომ მშენებლობა ივნისამდე არ დაიწყებოდა, ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემაზე მოლაპარაკება კი ამის მერეღა განახლდებოდა.

რა მოხდა ამ ორ დღეში, უცნობია. ფაქტი ისაა, რომ გუშინ მშვენიერი საფეხბურთო კომპლექსიდან ნანგრევებიღა დარჩა.

"1998 წელს, ეს ტერიტორია საფეხბურთო სკოლისთვის 25-წლიანი იჯარით ავიღეთ. რამდენიმე წელიწადში იქ როგორი საფეხბურთო სკოლაც ავაშენეთ, ეს მთელმა საქართველომ იცის. იმ დროს ქვეყანაში არენები საშინელი სანახავი იყო. ჩვენთან კი ლამაზად მოვაწყვეთ სტადიონები, ტრიბუნები, საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, მოსაცდელად გათვალისწინებული კაფე-ბარი და ადმინისტრაციული შენობა.

"ოლიმპში" თავს ევროპულ გარემოში იგრძნობდი, ხელით საჩვენებელი საფეხბურთო ცენტრი იყო. აქ უეფადან და ფიფადან ჩამოსული ყველა საპატიო სტუმარი მოჰყავდათ - ბლატერი, იოჰანსონი, პლატინი... ამ სკოლაში უამრავი ცნობილი ფეხბურთელი გავზარდეთ და ორჯერ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები.

მაგრამ მერე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

Sportall.Ge

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, "ოლიმპი" მისმა დამფუძნებლებმა გავყიდეთ. სინამდვილეში, იჯარით გაცემული ტერიტორია სამშენებლო კომპანიამ "ოლიმპთან" შეუთანხმებლად იყიდა. ჯერ ეს საკითხია გამოსაკვლევი - მე თუ იჯარა მაქვს, შენ როგორ ყიდულობ?

მეორე საკითხია მშენებლებთან შეთანხმება: ისინი საფეხბურთო სკოლას არ უნდა შეხებოდნენ და ჩვენ კვლავ იჯარით დავრჩებოდით, მაგრამ ეს პირობა დაარღვიეს. ამას გარდა, დარღვეულია ჩემი, როგორც კერძო ქონების მფლობელის უფლებები, რადგან სტადიონის ძვირად ღირებული განათების სისტემაც დააზიანეს. ეს 5-ლარიანი ნათურები არ არის, მასში ათასებია გადახდილი და პასუხი ამაზეც მოეთხოვებათ.

ბევრი რამაა გასარკვევი - როგორ გასცეს ამ სტადიონებზე მშენებლობის უფლება, როცა მოედნების ქვევით ნუცუბიძის ქუჩისა და პლატოს საკანალიზაციო სისტემაა - იქ სახლებს მხოლოდ ამის გამოც ვერ ააშენებენ, ამის უფლებას არავის მივცემთ", - ამბობს "ოლიმპის" დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი.

გუშინ ტრაქტორებმა წარსულში დატოვეს ის შრომა, სიხარული და წარმატებები, რასაც "ოლიმპში" ეყრებოდა საფუძველი. ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში 30-მდე ისეთ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც სხვადასხვა წელს ამ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდნენ: სანდრო კობახიძე, ზაალ ელიავა, გოჩა ხოჯავა, გოგი ფიფია, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დათა ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია, რომან ჭანტურია, გიორგი ფანცულაია...

ახლა მათ ნაცვლად სახელმწიფოს ბიუჯეტი გაიზრდება. სამაგიეროდ, დაივიწყეს მომავალი თაობები, ფეხბურთი და ის, რომ ამდენი მშენებლობა არც რეკრეაციულ ზონებს უტოვებს ადგილს და არც - სტადიონებს, ქართულ ფეხბურთს კი მომავალს ართმევს.

Sportall.Ge

ფული - ეს ყოფილა ამოსავალი წერტილი, მაშინ, როცა ის უნდა იყოს საშუალება მომავლისკენ სავალ გზაზე, სადაც საფეხბურთო ცენტრებს არც ისე მოკრძალებული ადგილი უკავია.

დღეს, 11 საათზე, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება და ხალხი შეეცდება, უკვე დაწყებულ მშენებლობას გადაეღობოს. სახელმწიფო ინფრასტრუქტურის აშენებასა და ფეხბურთის ხელშეწყობაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად, ქვეყანაში ამ ინფრასტრუქტურის დანგრევაზე თვალებს ხუჭავენ.

ასე გრძელდება ბოლო 10 წელიწადია და ტყუილად ნურავინ ეცდება, ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ ძველების მიერ განადგურებულ-გასხვისებული სტადიონებიც გვახსოვს და ახლანდელსაც ვხედავთ. ვინც ამას ხელს უწყობდა, სხვებზე არაფერი ეთქმის.

მთავარია, სახელმწიფომ მკაფიოდ თქვას, რომ სპორტული ობიექტების პროფილის შეცვლა დაუშვებელია, მანამდე კი, ამ და მსგავს პრობლემებს არაფერი ეშველება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
რა ფედერაცია, რი ფედერაცია ხელფასებს ვერ არიგებენ რას უნდა მიხედონ...
gio
30 დეკემბერი 2015 15:26
0
აი ესა ვართ ქართველები
ss
30 დეკემბერი 2015 15:20
0
მოდით დაანგრიეთ ეროვნული სტადიონი, ააშენეთ საცხოვრებელი კორპუსები ბიუჯეტში ფული შემოვა. მერე ვაკეში მ.მესხის სტადიონის ჯერი დადგება, იქ რესტორნები ააშენეთ ბიუჯეტში ფული შემოვა და ა.შ. რად გვინდა ფეხბურთი ან კალათბურთი. სპორტის სასახლეც დაანგრიეთ საცხოვრებელი კორპუსები წამოჭიმეთ და მერე იქნებ დამშვიდდეს საკრებულო და ქალაქის მერია, გასაყიდი არაფერი დარჩებათ.
vai-vai
30 დეკემბერი 2015 15:15
0
ეს ინფო უკვე პოპულარიზმისთვის,სხვადასხვა პიროვნებების მიერ პოლიტიკური დივიდენდების მიღებისთვის არის განკუთვნილი(((.....მთავარია სად წავიდა,რაში იხარჯება ფული,რომელიც კერძო ინვესტორმა გადაიხადა მაგ ტერიტორიის შეძენისთვის?სადღაც იქვე ვერ მოიძებნა ტერიტორია,სადაც არსებულზე უკეთესიც და რამდენიმეც საფეხბურთო მოედანი რომ აშენებულიყო?....ან თუნდაც–იპოდრომის ტერიტორია,რომელიც მხოლოდ მტვერი და სარეველებია,არ შეიძლება კეთილმოეწყოს?უზარმაზარი ტერიტორიია ,სადაც ევროდონის მცირე ტევადობის (7=8ათასიანი)სტადიონიც მოეწყობოდა(თუნდაც სკ საბურთალოსთვის,რომლებსაც აუცილებლად ჭირდებათ ბალახისსაფარიანი გაზონი) და კიდევ რამდენიმე მინისაფეხბურთოც და საკალათბურთო მოედნებიც!თუ ის ტერიტორია ქვეყნის #1მოაქალაქისაა და მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებენ?თუ ელოდებიან ,სანამ კორპუსებს წამოჭიმავენ(არ ვარ მომხრე,რომ ჩამოერთვას უსასყიდლოდ,დაუბრუნდეს გადახდილი თანხა!)?
ზაზა
30 დეკემბერი 2015 15:02
0
სად არის ლევან კობიაშვილი??
რატომ არ დაინტერესდა ამ ამბით??
სად არის დავით მუჯირი ან ნიკა ჯღარკავა??
შეიძლება ვერც მოეგვარებინა, მაგრამ ხალხის გვერდზე მაინც დამდგარიყო, ხმას რატომ არ იღებენ????
სად ხართ ფედერაცია?!
30 დეკემბერი 2015 14:46
0
ესტონელების კი არა არსის არის ეგ მშენებლობები თავი კაი ტიპები რომ გონიათ
alexsandre
30 დეკემბერი 2015 14:31
0
პრობლემა ყოველთვის იქნება,თუ არ იქნება ქალაქის განვითარების გეგმა,სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ფართობზე სპორტული მოედნები,სკვერი და ა.შ.
ზაზა
30 დეკემბერი 2015 14:20
0
ეს არის სრული კატასტროფა!
სირბილის სწავლების ცენტრი
30 დეკემბერი 2015 14:14
0
,ნაციონალური მოძრაობის" წევრის მამუკა გუგეშაშვილის სპორტულ მოედან "ოლიმპიზე" ღამთ შეიპარნენ და დაანგრიეს, როგორც ფოტოებზე ხედავთ დაწყებული აქვთ დემონტაჟი, საინტერესოა, ვინ არის დათო საგანელიძე და რა უფლებით ანგრევს ამ კომპლექსს, რომელიც კერძო საკუთრებაშია.

zaza
30 დეკემბერი 2015 14:08
0
დასანგრევი უნდა დაინგრეს!ძალიანაც კარგი თუ დაანგრიეს.
saba
30 დეკემბერი 2015 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული