ცნობილი ქართველი მსახიობები ქართულ ფეხბურთზე საუბრობენ

AutoSharing Option
ახლა ყველა ოჯახში საახალწლო განწყობაა. სამწუხაროდ, სასიხარულო ბევრი არაფერი გვქონდა და მთელი წელიწადი ქართული ფეხბურთის პრობლემებსა და ტკივილებზე უფრო ვწერდით, ვიდრე მიღწევებზე. მაგრამ ამ საახალწლოდ, წუწუნითა და "რა გვეშველებათი" აღარ გადაგღლით...

ჩვენი გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოულოდნელი რესპონდენტები შევარჩიეთ:

პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები - ანი ტყებუჩავა (ნინა) და გიორგი ბახუტაშვილი (ცოტნე ცოტაშვილი).

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ სხვა თვალით დანახული ფეხბურთი. თუნდაც იმიტომ, რომ ამ სერიალში საფეხბურთო დიალოგები მთლად იშვიათობა არ არის, ხოლო ჩვენი რესპონდენტებისთვის ფეხბურთი არც ყოველდღიურ ცხოვრებაშია უცხო ხილი.

სხვათა
შორის, პატარა ტასუნას როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე მოქმედი ფეხბურთელის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველის, სერგი ორბელაძის ქალიშვილია.

"ჩაქუჩას" როლის შემსრულებელი ლევან სუხიტაშვილი კი ფეხბურთის არა უბრალოდ გულშემატკივარია, არამედ, ერთი ხანობა, ოჩამჩირის "ამირანის" ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გახლდათ...

ახლა კი დროა, დავუბრუნდეთ გიორგი ბახუტაშვილსა და ანი ტყებუჩავას. ისე, გაგვიმართლა კიდეც, რადგან ცოტნე... უკაცრავად, გიორგი ბახუტაშვილი კარგა ხანია თურმე ინტერვიუებზე აღარ თანხმდება...

გიორგი ბახუტაშვილი: იმ დროს, როცა ორმაგი შრომა გვჭირდება, სწორედ მაშინ ვჩერდებით
- ფეხბურთზე ვილაპარაკოთ? დიდი ხანია, რაც ინტერვიუებს ვერიდები, მაგრამ ფეხბურთი სხვა თემაა და მოსულა.

- ანუ გამოდის, რომ გიორგი ბახუტაშვილი "ლელოს" ფეხბურთზე ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს?
- ასეც შეიძლება ითქვას. იმიტომაც, რომ ფეხბურთზე მედიასთან არასოდეს მილაპარაკია. თავს ვერ დავდებ, რომ მაგრად მესმის ფეხბურთი, თუმცა ადრე ნაკრების თამაშებს სულ ვუყურებდი. მერე კი გული ამიცრუეს. ვამჩნევ, რომ ფეხბურთშიც იგივე პრობლემებია, რაც საქართველოში ნებისმიერ სხვა სფეროში.

- მაგალითად?
- ქართულ ფეხბურთში ბევრი ნიჭიერი თაობა წამოსულა. თუმცა ბავშვები პატარა წარმატებას მიაღწევენ თუ არა, მაშინვე ეწყებათ "ვარსკვლავური სინდრომი". არადა, რა დიდი მიღწევა ნაკრებში მოხვედრა ან რომელიმე უცხოურ გუნდში ორიოდე თეთრად გადასვლაა? ეს მხოლოდ გზის დასაწყისი უნდა იყოს. არადა, ესაა ჩვენი პრობლემა. მერე ჩერდებიან და ნიჭს ვეღარ ავლენენ.

ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები მხოლოდ მცირე მიღწევას არ დაკმაყოფილდნენ. ალბათ, საქმისადმი მიდგომაშიც "გვერხევა". იმ დროს, როცა ორმაგი შრომა გვჭირდება, მაშინ ვჩერდებით - ფეხბურთისგან შორს ვარ, მაგრამ ამდენი კი მესმის.

სხვათა შორის, მცირე ხნის წინათ, ძმაკაცს საქართველოში ფეხბურთის პერსპექტივაზე ველაპარაკებოდი და მისმა პასუხმა გამაოცა...

- ასეთი რა გითხრა?
- შვილი ფეხბურთზე დაჰყავს, ნიჭიერი ბავშვია და დავინტერესდი - ვთქვათ, თუ კარგად ითამაშა და გაიზარდა, მერე ფეხბურთისგან რას ელოდები-მეთქი? მითხრა, კარგი იქნება, თუ თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებსო...

- ...და რა არის ამაში მიუღებელი?
- ის, რომ ფეხბურთელი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მიღწევას არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა ჰქონდეს მაქსიმალური მიზანი - როდესაც არის მესი, "ბარსელონა" და დიდი ფეხბურთი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, საქართველოს მასშტაბებზე ოცნება გაუგებარია.

საერთოდ, დიდი მიზანი უნდა გქონდეს, თუ გინდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო. მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთის პრობლემა არ არის, ეს ეხებათ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებსაც, მსახიობებსაც, ბიზნესმენებსაც... მხოლოდ შენს ქვეყანაში არ უნდა ჩაიკეტო და მის დონეზე მიღწეულს არ დაკმაყოფილდე.

- რომელიმე ფეხბურთელს თუ იცნობ?
- მე და გიორგი მაკარიძე უბნელები ვართ, დიდუბეში ერთად ვიზრდებოდით, ერთი ასაკის ვართ და სულ ვგულშემატკივრობდი. ნიჭიერი ბიჭია და მიხარია, მის ბოლოდროინდელ წარმატებებზე რომ მესმის.

ვკითხულობდი, პენალტი რომ მოიგერია და თავადაც გაიტანა და ეს კიდევ ერთხელ რომ მოახერხა. ნიჭიერი ბიჭია და ვუსურვებ, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშოს.

- ფეხბურთელებიდან ვინ მოგწონს?
- პაოლო მალდინისა და "მილანს" ვგულშემატკივრობდი. კახა კალაძის პერიოდის ამბავს ვგულისხმობ. მაგრამ კახა მერე ენერგეტიკაში წავიდა...

"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სერიაში იყო ეპიზოდი, როცა გიორგის გმირი - ახალგაზრდა პოლიტიკოსი ცოტნე ცოტაშვილი - პარტიის აქტივისტებთან ერთად, სტადიონზე მოვარჯიშე ფეხბურთელებს მიეჭრა და მეტი მონდომებით თამაში მოსთხოვა:

"მცველი რომ შეტევაში ერთვება, ის ხომ ნახევარმცველმა უნდა დააზღვიოს, რატომ არ აზღვევთ ხოლმე, ხალხო?!"

მაშინ სერიალის პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ უარყო, რომ ეს გულშემატკივრის ანალოგიურ ქმედებაზე პროვოცირების მცდელობა იყო, მაგრამ არ დაუმალავს, რომ ამ ეპიზოდით ნაკრებისადმი და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის მიმართ პოზიცია დააფიქსირეს.

"ეს სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძის იდეა იყო. მე, ირაკლისა და სერიალის რეჟისორ გიორგი ლიფონავას ფეხბურთზე ჭკუა გვეკეტება. გადავწყვიტეთ, სათქმელი და სატკივარი ამ ერთ ეპიზოდში გადმოგვეცა და ფეხბურთელებისთვის გვეთქვა, რომ რაღაცებს ჩვენც ვამჩნევთ.

ნაკრების მიერ გაშვებული გოლები რომ გავარჩიოთ, აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა მარტივ შეცდომებს მოჰყვება ხოლმე - ვიღაც დაცვაში არ ჩავიდა, ვიღაცამ თავისიანი არ დააზღვია და ასე შემდეგ.

ამდენი მარტივი შეცდომა კლასისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. მწვრთნელის თქმა სჭირდება ფეხბურთელს, რომ ერთმანეთი უნდა დააზღვიონ?! ფეხბურთი იმდენად პოპულარული თემაა, ვფიქრობ, აქტუალურ საკითხებს აუცილებლად კიდევ გამოვეხმაურებით", - ამბობდა მშვილდაძე.

- გიორგი, ოდესმე სტადიონზე ასე მივარდნის სურვილი გაგჩენია?
- ფეხბურთელების გალანძღვის? არა! მაგრამ ადამიანი თავის ნიჭს რომ ვერ იყენებს, რეჟიმს არღვევს, სპორტით არ ცხოვრობს და გართობაზე უფრო ფიქრობს, მის მიმართ სიბრალულიც არ მიჩნდება.

ვინც საქმეს გულით მიუდგა და შრომა არ დაეზარა, ბევრსაც მიაღწია. სულ მესმის, რომ ჩვენი 17 და 19-წლამდელები წარმატებებს აღწევენ და ამა თუ იმ ძლიერ ნაკრებს უგებენ. მაგრამ გადის წლები და ვეღარაფერს აღწევენ, ჩერდებიან და "ერხევათ".

მე სპორტსმენების დონეზე ვლაპარაკობ, თორემ ზემოთ რა ხდება და რა პრობლემებია, ეს უკვე აღარ ვიცი... საერთოდ, ისეთ ხალხს ვცემ პატივს, ვინც საკუთარ თავს ერევა. ყველაზე მეტად სპორტის სახეობებიდან ჩოგბურთი მიყვარს და ჯოკოვიჩს ვგულშემატკივრობ. ეს ადამიანი არის მაგალითი არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც, თუ როგორ შეიძლება პროფესიონალიზმით განვითარდე, ნიჭი გამოიყენო, საკუთარი თავი ხელში აიყვანო და მართო.

ქართველ სპორტსმენებსა და ფეხბურთელებსაც იმავე თვისებების გამოვლენას, ბედნიერ და წარმატებულ 2016 წელს ვუსურვებდი.

ანი ტყებუჩავა: ფეხბურთთან ბევრი რამ მაკავშირებს
ანი ტყებუჩავა საფეხბურთო ოჯახშია გაზრდილი. ბაბუა, მამა, ბიძია, ძმა და ბიძაშვილები ამ სფეროში იყვნენ და ფეხბურთთან რეალობაში უფრო მეტი შეხება აქვს, ვიდრე სერიალში - ნინას. მაგრამ არც იმას მალავს, რომ ფეხბურთით ბავშვობიდან შეღონებული იყო:

- ჩემს უახლოეს სანათესაოში, მგონი, ყველა მამაკაცი ფეხბურთელი ან ამ სახეობასთან დაკავშირებული, ან კიდევ, მინიმუმ, გულშემატკივარია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველას ფეხბურთი უყვარს.

ფეხბურთიდან ყველაზე ცნობილი კი ბიძაჩემია, მამაჩემის ძმა - გოჩა ტყებუჩავა, რომელიც თავის დროზე კარგი ფეხბურთელი ყოფილა, თბილისის "დინამოს", ახალგაზრდული და სხვადასხვა ასაკის ნაკრებების მწვრთნელი იყო. ის მუდმივად შეკრებებზე დადიოდა და მამაჩემი ამბობდა - სულ მენატრებოდაო...

მამაჩემიც ფეხბურთს თამაშობდა და კარგი მეკარეც იყო, მაგრამ სიმაღლის გამო აღარ გაჰყვა... ბაბუაჩემს, კარლოს, უნდოდა, რომ შვილებს ფეხბურთი ეთამაშათ და ორივეს ბევრს ავარჯიშებდა, მაგრამ გოჩა უფრო მიზანდასახული გამოდგა. გოჩას ბიჭებიც ფეხბურთელები იყვნენ. ჩემი ძმა - გიორგიც თამაშობდა. თამაშობდა "ოლიმპში", მერე კი "გაგრაში". მისი მწვრთნელებიც კარგად მახსოვს - "ოლიმპში" პაატა მეტრეველთან ვარჯიშობდა, მერე კი - თამაზ სამხარაძესთან.

- ასეთ ოჯახებში გოგონებს ფეხბურთი ბეზრდებათ ხოლმე. შენც ნინასავით ვერ იტან ფეხბურთს?
- ნინას ამბავი რა მოსატანია, შესაძლოა, უფრო მძაფრი დამოკიდებულებაც მაქვს. ჩემს ძმას მამა ფეხბურთელად ზრდიდა. ამის გამო ზაფხულში შეკრებებზე ჩვენი ოჯახიც სულ ურეკში დადიოდა.

გიორგიზე ვიყავით აწყობილები. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მეც ფეხბურთელი გამოვიდოდი.

- ფეხბურთს ხშირად უყურებ?
- ფეხბურთის მოყვარული ტყებუჩავების გადამკიდე, სხვა რა გზა მქონდა?! სულ ფეხბურთს უყურებდნენ, სულ თამაშებს განიხილავდნენ, უცხოურსაც და, ცხადია, ჩვენების შეხვედრებსაც, სულ სტადიონზე დადიოდნენ. იქიდან მახსოვს, რომ მუდამ ლაპარაკი იყო იმაზე, როგორ ითამაშეს "ოლიმპმა", "გაგრამ", თბილისის "დინამომ" თუ გოჩას ნავარჯიშებმა ნაკრებებმა, გოჩას ბიჭებმა თუ გიორგიმ.

ჩემი ძმა თავდამსხმელი იყო, ლევანი კი - მეკარე. ერთხელ ერთმანეთს ხვდებოდნენ და ბიცოლაჩემი გიორგის ეხუმრებოდა - სირცხვილია, ტყებუჩავამ შენს ბიძაშვილს როგორ უნდა გაუტანოო?! თქვენ უნდა ნახოთ, ტყებუჩავები აბაშაში, ჩვენს სოფელში ერთად რომ შევიკრიბებით, იქ რა ხდება.

ჩემი მონაყოლის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რომ იქაც მთავარი თემა ფეხბურთია.

სახლის ეზოში კი ჩვენები ისე აზარტულად თამაშობენ, მტრისას, ვინმე თუ აჰყვა, შეიძლება, ფეხები დაატეხონ. ეგაა, ბოლო დროს ბაბუა ვეღარ თამაშობს.

- თამაშებზე ახლაც დადიხარ?
- ადრე ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა - აღარ. ფეხბურთის გამო სულ ვნერვიულობდი და ბევრი გულისტკივილიც მახსენდება.

- 2016 წელს როგორ ქართულ ფეხბურთს ისურვებდი?
- ჩემი ძმის თანაგუნდელებთან ვმეგობრობ და მგონია, რომ ყველა ჩემი ძმაა. გოჩას ბევრი მეგობარიც მამაჩემის მეგობარია. ასე რომ, ეს სამყარო ჩემთვის სულაც არაა უცხო.

მინდა ვისურვო, რომ 2016 წელი ქართული ფეხბურთისა და მასში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.

არ ვიცი, რეალურია თუ არა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მოხვდეს, მაგრამ ჰქონდეთ იმის რწმენა და იმედი, რომ მეტს მიაღწევენ. მაშინ ბევრად წარმატებულები იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული