ვფიქრობთ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. როგორც ყოველთვის, ბატონმა მიხეილმა ახლაც ორიგინალურად დაიწყო...
ჩვენ კოსმოსის ნაწილი ვართ
- "ლელოს" მწვანე "ქუდი" ძალიან მომწონს. არც ერთ გაზეთს არ აქვს ასეთი წარწერა. მწვანე ფერი, საერთოდ, ამშვიდებს. ეს არის სიყვარულის ფერი. როცა ადამიანი პაემანზე მიდის, მან მწვანე უნდა ჩაიცვას. პოზიტიური ფერია. შავი და ნაცრიფერი კი უფრო საქმიანი ფერებია... ისე, "ლელოს" ჟურნალის ფერს ვუყურებ ახლა. წითელი,
- საკლუბო ფერსაც აქვს თავისი განსაკუთრებული დატვირთვა? მაგალითად, თბილისის "დინამოს" თეთრსა და ლურჯს?
- ძალიან კარგი ფერებია. ლურჯი სულიერი გაწონასწორებულობის ფერია, თეთრი - შინაგანი სიმშვიდის. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუნდს მეტწილად კომბინირებული მაისურები აცვია. წითელი არის ლიდერის ფერი. განსაკუთრებული ფერია. თუ ვერ "ქაჩავ" წითელი ფერის ტარებას, არ უნდა ჩაიცვა.
ეს შესაბამის ხასიათს მოითხოვს, ლიდერის ხასიათს. საერთოდ, სპორტი და ასტროლოგია კავშირშია ერთმანეთთან. რაგბის კავშირის ლოგოზე დიდი ხნის განმავლობაში ბორჯღალი უკუღმა ტრიალებდა. ბიძინა გეგიძემ თავისი პრეზიდენტობის ბოლოს შეცვალა ეს და შედეგებიც წამოვიდა ქართულ რაგბიში, სპონსორები მოვიდნენ...
ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველ ლოგოზეც. ვამბობდი ყველგან. მერე კი გააუქმეს ეს ლოგო, მაგრამ არ შეუცვლიათ. არადა, უკეთესი იქნებოდა, ჯერ შეეცვალათ და მერე გაეუქმებინათ...
უნდა გითხრათ, რომ წარმატებული ჩოგბურთელებიდან ყოველ მესამეს ჰყავს პირადი ასტროლოგი. პიტ სამპრასს ჰყავდა. ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი ორი ცნობილი ასტროლოგის, მაჩადოსა და ლინკის რეკომენდაციებსა და რჩევებს ითვალისწინებდა გუნდის ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას.
ეს მიდგომა ეფუძნება ფეხბურთელებისთვის დადებით და უარყოფით დღეებს. დადებით დღეებში ფეხბურთელებს, ზოგადად - სპორტსმენებს, უკეთესად გამოსდით ყველაფერი... ერთი საინტერესო ისტორიაც: 2002 წელს სკოლარიმ შემადგენლობიდან ამოაგდო ორი დიდებული ფორვარდი: რომარიო და ჟარდელი. ეს იმიტომ, რომ მის მიერ დაქირავებული ასტროლოგების აზრით, რომარიოსა და ჟარდელს ნეგატიური დღეები ექნებოდათ მუნდიალის მსვლელობის დროს.
გემახსოვრებათ, ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა...
- მწვრთნელებიდან და ფეხბურთელებიდან თუ მოუმართავს ვინმეს თქვენთვის?
- ამ თემაზე არავის მოუმართავს. ჩვენ კოსმოსის ნაწილი ვართ. ეს ენერგია აბრუნებს უდიდეს ზღვებს და რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, რომლის 80 პროცენტიც წყალია.
ავიღოთ, მაგალითად, გიორგი ქინქლაძე. მის განწყობაზე ჰოროსკოპის მიხედვით, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთვარის ფაზების შეცვლა. გიორგი ძალიან ემოციური ადამიანია. მთვარის ფაზა სულ იოლად შეიძლება შეიცვალოს, ხუთ - ათ წუთშიც კი.
ქინქლაძის კარიერა ჰოლანდიაში დაინგრა. ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. სწორედ მაშინ წამოვიდა მწვრთნელთან უთანხმოება, კონფლიქტები... ის არამც და არამც არ უნდა წასულიყო ჰოლანდიაში სათამაშოდ.
ინგლისში ბრწყინვალედ გრძნობდა თავს და იქ უნდა გაეგრძელებინა თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ესა თუ ის ფეხბურთელი სად, რომელ ქვეყანაში წავა სათამაშოდ.
"იღბლიანი" ქვეყნის გამოცნობა ნამდვილად შეიძლება. უბრალოდ, თავის დროზე უნდა ამას დაკვირვება. ავიღოთ, თუნდაც, აჩი არველაძე. მან ოპერაციები იმ დღეებში გაიკეთა, როცა არ უნდა გაეკეთებინა. ეს იყო მთვარის დაბნელების დღეები, ამ პერიოდში ქართველი გლეხი ღვინოს არ დაწურავდა, შეშას არ დაჩეხდა...
ოპერაციის გაკეთებაც გამორიცხულია, იმდენად ნეგატიურ პერიოდად მიიჩნევა მთვარის დაბნელების დღეები. მერე, მოგვიანებით, როცა გავიგე ამის თაობაზე, ვუთხარი აჩის. თავის დროზე რომ მცოდნოდა, არ გავიკეთებდი იმ დღეებშიო, მითხრა.
კობიაშვილს სერიოზული დახმარება და კარგი კადრები სჭირდება
- თამაშის თარიღს მნიშვნელობა აქვს მისი საბოლოო შედეგის განსაზღვრის მხრივ?- რა თქმა უნდა, აქვს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ამის შეხამებას. სამწუხაროდ, სანაკრებო მატჩებზე ხშირად არ არის ამის საშუალება. სხვათა შორის, როცა პროფესიული ფეხბურთის ლიგის სათავეებთან იდგნენ დიმიტრი რამიშვილი და პაატა ბურჯალიანი, მათ მითხრეს, რომ აპირებდნენ დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზებას და უნდოდათ შეგვერჩია სახელი. "დია" - ამ სახელწოდებაზე შევჩერდით. ეს არის ძველკოლხურად გამარჯვების პლანეტა იუპიტერის ძველი სახელწოდება. დამეთანხმებით, ამ ჩანაფიქრმა გაამართლა და ღონისძიება ძალიან საინტერესო გამოდგა - გამორჩეული მაშინდელ ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში.
- რამდენიმე კითხვა პიროვნებებზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, დაბადებულია 10 ივლისს...
- ლევანი კირჩხიბია, ძალიან წარმატებულია ზოგადად. 2016 წელს კობიაშვილი შეძლებს, მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას. ოღონდ, მას სერიოზული დახმარება და კარგი კადრები სჭირდება , თუნდაც - "მეორე" კაცი.
კობიაშვილს დიდი გამოცდისათვის მოუწევს გაძლება. საქმე ისაა, რომ ის ძალიან ხათრიანი ადამიანია. საქართველოში კი ბევრი რამ სუფრაზე, ახლობლობით და მეგობრობით წყდება.
გერმანიაში, სადაც კობიაშვილს განსაკუთრებული კარიერა ჰქონდა, ეს პრობლემა საერთოდ არ დგას.
- ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი 2 იანვარსაა დაბადებული...
- დათო ზოდიაქოთი თხის რქაა. ძალიან სერიოზული, მიზანდასახული ადამიანია. მისთვის უცხო არც სიმკაცრეა. ზოდიაქოთი თხის რქა იყო ჩვენი დიდი მწვრთნელი, უფროსი ნოდარ ახალკაცი.
- საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ზოდიაქოთი ქალწულია...
- კახას ძალიან წარმატებული პერიოდი აქვს და ეს პერიოდი მომავალი წლის სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველანაირად უნდა შეათამაშოს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისათვის.
ქეცბაიამ ვერ გაუძლო მედიის წნეხს
- მისი წინამორბედი თემურ ქეცბაიას ზოდიაქოს ნიშანი თევზებია...- როგორც ფეხბურთელს, უდიდეს პატივს ვცემდი და მისნაირი ჯიგრიანი მოთამაშე ნეტავ ბევრი გვყოლოდა. თუმცა, მწვრთნელად... სამწუხაროდ, ქეცბაიამ ვერ გაუძლო ჟურნალისტების წნეხს. ის, რაც მან პირდაპირ ეთერში გააკეთა დავით მინაშვილთან, იყო ყველანაირად მიუღებელი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ ხარ, ან ფეხბურთელი, უნდა იცოდე, რომ შენ მთელი ერის სახე ხარ, უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია.
როგორ შეიძლება, ყველასთან მართალი იყო?! ზოდიაქოს ეს ნიშანი, თევზები, ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანია. მავანი იტყვის, რა გაუჭირე საქმე ქეცბაიას, კვიპროსზე რომ ყველაფერს იგებს, ვერ ხედავო?! იქ სხვა საქმეა, ის სულ სხვა რეალობა, პირობები და მენტალიტეტია. ჩვენთან კიდევ სხვაა... სხვათა შორის, ქართულ მენტალიტეტს რატომ ვერ ეგუება ბევრი უცხოელი, იცით? ისინი ჩამოდიან მცირე ხნით, ეგრევე გერმანული სტილით უნდათ ყველაფრის მოგვარება. ისინი ვერ ასწრებენ ქართულ მენტალიტეტთან გაცნობას, ისე მიდიან ჩვენი ქვეყნიდან.
საქართველოში ყველაზე კარგად ის მწვრთნელები მუშაობენ, ვისთანაც საცხოვრებლად ახლო გეოგრაფიული სივრცე გვაქვს - ხორვატები, რუსები, ჩეხები...
მახსოვს, ივო შუშაკი როგორ მუშაობდა საქართველოში. მან ბოლომდე შეისწავლა ქართული მენტალიტეტი და არც წააგო.
- დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი კახა კალაძე 27 თებერვალსაა დაბადებული...
- საწყენია, რომ კახა კალაძის რესურსი ქართული ფეხბურთისათვის მხოლოდ 10 პროცენტით თუ არის რეალიზებული. მოგეხსენებათ, რომ "ლაციოს" სპორტული დირექტორი, ალბანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი იგლი ტარე გახლავთ, რომელიც სხვადასხვა იტალიურ კლუბში გამოდიოდა. მაგრამ, მითხარით, გავიდოდა კი ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ტარეს სერია A-ში ერთდროულად რამდენიმე ალბანელი ფეხბურთელი რომ არ გადაეყვანა? ამავე დროს, როგორ შეიძლება იტალიურ ფეხბურთში კახა კალაძისა და იგლი ტარეს ავტორიტეტის შედარება? ანუ, იმის თქმა მსურს, რომ კახას ბევრად მეტი შეუძლია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვისაც და, რაღა თქმა უნდა, დონის ამაღლებისთვისაც.
- კი მაგრამ, გვყავს იმდენი ქართველი ფეხბურთელი, იტალიის ჩემპიონატის დონეს რომ დააკმაყოფილებს?
- ვერავინ დამაჯერებს, რომ ალბანეთს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე საქართველოს. სადაც ვხვდებოდით, სულ არ ვუგებდით?!
- სპორტის სხვა სახეობებზეც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება. 2015 წელი მართლაც გამორჩეული იყო ორი ქართველი სპორტსმენისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი, მამუკა გორგოძე, ზოდიაქოთი კირჩხიბია...
- ის დიდი სპორტსმენია. დღეს საქართველოში რაგბის ბუმია. სათვალავიც კი ამერია, რამდენ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა მამუკა მსოფლიოს თასზე თამაშის შემდეგ...
გიჟური პროცესი, რომელიც უნდა შეჩერდეს
- ზაზა ფაჩულიას ზოდიაქოს ნიშანი მერწყულია...- თავის დროზე, წლების წინათ, ზაზას დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ზაზა თურქეთში უნდა წასულიყო. მე მას ვუთხარი, რომ კარგად აეწყობოდა ყველაფერი, ოღონდ, სტამბოლში უნდა წასულიყო სათამაშოდ. თურქეთში როგორ ითამაშა ზაზამ, ყველამ ვიცით. რაც შეეხება ამერიკას, ვამბობდი, რომ მას აღმოსავლეთ კონფერენციაში არ უნდა ეთამაშა, რადგან ეს მისთვის "არასასურველი ზონა" იყო და ვურჩევდი, რომ დასავლეთ კონფერენციის გუნდში გადასულიყო. აბა, შეადარეთ, როგორი იყო მისი შედეგები "ატლანტასა" თუ "მილუოკიში" გამოსვლის დროს (ორივე აღმოსავლეთია) და როგორ თამაშობს "დალასში" ასე მაგრად საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
ძალიან მწყდება გული ნიკა ცქიტიშვილის გამო. ჩვენ მისი სახით უდიდესი ნიჭის კალათბურთელი დავკარგეთ. ცქიტიშვილი კი დამიკავშირდა და ახლა ბევრ რამეს გეგმავს წინასწარ და ისე აკეთებს, მაგრამ ახლა შედარებით გვიანაა. არადა, ყველა ტრავმა თუ კონფლიქტი, რომელიც ცქიტიშვილს ჰქონდა, მათ შორის, იგორ კოკოშკოვთან, იყო მისთვის არასასიამოვნო დღეებში.
- ზოგადი კითხვაც: რას იტყვით იმის თაობაზე, რომ დღეს ფეხბურთი ერთ დიდ ბიზნესად იქცა, არაერთ ფეხბურთელში იხარჯება ასტრონომიული თანხა, სხვა თემაა მათი ანაზღაურება...
- ეს არის გიჟური პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა შეჩერდეს. ფეხბურთელის შრომას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მეტი შრომა უწევს, ვთქვათ, მეშახტეს, მისი შრომა კი, უბრალოდ, არ ჩანს...
არცთუ დიდი ხნის წინათ, "ტოტენჰემის" მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ თქვა, სამოთხეში ვცხოვრობ, ყველაფერი მაქვს, სხვაზე ნაკლებს ვშრომობ და მეტს ვიღებო. სხვათა შორის, იმის შემდეგ ასუ-ეკოტოს "ტოტენჰემის" შემადგენლობაში აღარ უთამაშია.
- ფიფასა და უეფაში დიდი რყევებია...
- საერთოდ, მსოფლიო სპორტში და მათ შორის ფეხბურთშიც დიდი რყევები იქნება უახლოესი 2 წლის განმავლობაში. ბევრი ხელმძღვანელი შეიცვლება, ძალიან დიდი ცვლილებები იქნება.
- ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი 2016 წელს?
- ეს ვრცელი თემაა... უნდა ვიცოდეთ ყველა გუნდის ფეხბურთელების ზოდიაქოს ნიშნები. მე, საერთოდ, ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მომწონს არგენტინაც. ბრაზილია მაინც განსაკუთრებულია. წარსულში გაცილებით მეტი ვარსკვლავი იყო, ვიდრე ახლა. თუნდაც, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ბრაზილიის ნაკრები ავიღოთ. როგორ დამწყდა გული, იტალიასთან რომ გავარდნენ... ცალ-ცალკე თითქმის ყველა ნაღდი ვარსკვლავი იყო იმ გუნდში, მაგრამ... 1965 წელს ვნახე მოსკოვის "ლუჟნიკებზე" ბრაზილიის ბრწყინვალე თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან. ან 1966 წელს რამდენი ვარსკვლავი და ძლიერი გუნდი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე... საერთოდ, გუნდში ერთმანეთს უნდა დაემთხვნენ კარგი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები. სასწაული იყო ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი". დღეს კი ამ გუნდის თამაშს ვეღარ ვუყურებ...
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, უპირველესი კანდიდატი გერმანიაა. თუმცა, არც ბელგიელთა ტრიუმფს გამოვრიცხავ: ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა წამოვიდა, კარგი მწვრთნელიც ჰყავთ და ამ ერთობლიობამ შედეგი უნდა მოიტანოს. აი, ისეთივე შედეგი, როგორიც ფერგიუსონს ჰქოდა "მანჩესტერში" გიგზთან, სქოულზთან, ბექჰემთან ერთად, ან, უფრო ადრე, გენიალურ რინუს მიხელსს ჰოლანდიის ნაკრებში იოჰან კრუიფის თაობა რომ ჰყავდა; რაღა შორს მივდივართ, ნოდარ ახალკაცის დროს თბილისის "დინამოში" რა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ...
გია ტუხაშვილი ალეკო კაკაურიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"